საქართველოს პარლამენტი OGP-ის დეკლარაციას „ღია მმართველობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისთვის“ შეუერთდა

13 მაისი 2016
საქართველოს პარლამენტი OGP-ის დეკლარაციას „ღია მმართველობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისთვის“ შეუერთდა

2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს დაარსებიდან 70-ე წლისთავზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი სათაურით - „ჩვენი სამყაროს ტრანსფორმაცია: მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030 წლისთვის.“ დოკუმენტი შედგება 17 მიზნისა და 169 ამოცანისგან. მიზნები ერთმანეთისგან განუყოფელია და აბალანსებს მდგრადი განვითარების სამივე განზომილებას: ეკონომიკურს, სოციალურსა და გარემოსდაცვითს. დღის წესრიგი ეხება პლანეტისა და კაცობრიობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებს: კეთილდღეობას, მშვიდობასა და თანამშრომლობას.

დოკუმენტში ჩამოყალიბებული მიზნები და მათ განსახორციელებლად შემუშავებული ამოცანები თანხვედრაშია ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership, OGP) მიზნებთან. შესაბამისად, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) წარმოადგენს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ეფექტიან საშუალებას. 

27 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებიდან ორ დღეში, ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის 11-მა ქვეყანამ შეიმუშავა და მიიღო დეკლარაცია სახელწოდებით - „ღია მმართველობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისთვის“. დეკლარაციის ტექსტი მიესალმება დღის წესრიგის შინაარსსა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტიან განხორციელებაში გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის არსებითი როლის აღიარებას. დეკლარაციის თანახმად, ღია მმართველობის პარტნიორობა გეგმავს ყურადღება მიაპყროს 5 არსებით სფეროს: (1) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე გამჭვირვალობის, ღიაობის, ანგარიშვალდებულების გზით; (2) სამართალსა და საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა; (3) 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა; (4) 2030 დღის წესრიგის განხორცილების შეფასებისას ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპებით ხელმძღვანელობა და (5) ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმების გამოყენება მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისთვის. აღნიშნული მიზნები შეესაბამება 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნებს.

საქართველოს პარლამენტი ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარალამენტო საბჭოს მეშვეობით შეუერთდა OGP-ის დეკლარაციას „ღია მმართველობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისთვის“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტი არის მსოფლიოში პირველი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც შეუერთდა OGP-ის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშემწყობ დეკლარაციას.

გაეროს 2030 წლის დღის წესრიგი ამბიციური დოკუმენტია და მის განხორციელებას მრავალმხრივი ჩართულობა და თანამშრომლობა სჭირდება. დეკლარაციის შესაბამისად, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო მხარს დაუჭერს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას და იღებს ვალდებულებას, რომ შეიმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა. 
საქართველოს პარლამენტი ამჟამად მუშაობს „საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის” განხორციელებაზე. პარლამენტმა სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება 2016 წლის დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.