საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

18 მაისი 2017
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა კიევში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, რომელიც ეთიკისა და გამჭვირვალობის საკითხებს ეხებოდა, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ნინო ბერაძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნინო ცუხიშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში სესია საქართველოს პარლამენტს დაეთმო. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძემ, საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის პარტნიორობაში აქტიური ჩართულობისა და 2017-2018 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა.

დღესვე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებული შეხვედრა, „რეგიონული მრგვალი მაგიდა - პარლამენტი და მდგრადი განვითარების მიზნები“ გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა, კახაბერ კუჭავამ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მიმართულებით მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრებში მონაწილეობას 10 ქვეყნის 25 დეპუტატი იღებს.

19-20 მაისს უკრაინაში გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კონფერენცია გაიმართება, რომელშიც საქართველოს პარლამენტიდან ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძე, საბჭოს წევრები: გიორგი კახიანი, კახაბერ კუჭავა, ოთარ კახიძე და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე მიიღებენ მონაწილეობას.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, 2017 წლის 18 მაისი
  • საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, 2017 წლის 18 მაისი
  • საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, 2017 წლის 18 მაისი
  • საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, 2017 წლის 18 მაისი