საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს სამუშაო ჯგუფი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

18 დეკემბერი 2018
საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს სამუშაო ჯგუფი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს სამუშაო ჯგუფი თემაზე - პარლამენტის ეფექტიანობის და გამჭვირვალობის გაძლიერება კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ გახსნა.
მისი განცხადებით, კერძო სექტორთან პარლამენტის დიალოგის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, OGP-ის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიქმნა.

„სამუშაო ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს პარლამენტის მეტ ღიაობას კერძო სექტორთან დიალოგის მეშვეობით და გააჩინოს ის ფორმატები, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ პარლამენტს ჰქონდეს მეტი კომუნიკაცია კერძო სექტორთან, ხოლო კერძო სექტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გამჭვირვალე მეთოდებით მოახდინოს ზეგავლენა საპარლამენტო პროცესებზე და გადაწყვეტილებების მიღებაზე“, - განაცხადა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.

როგორც ირინა ფრუიძემ აღნიშნა, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 2015 წლიდან ფუნქციონირებს პარლამენტში და საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასეთი მუდმივი მექანიზმი შექმნა პარლამენტის ღიაობის უზრუნველყოფისთვის. მისივე თქმით, დღეს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო უკვე მესამე სამოქმედო გეგმას ახორციელებს.

„ამ სამი სამოქმედო გეგმის განმავლობაში ძალიან ბევრი გაკეთდა იმისათვის, რომ პარლამენტი უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გამხდარიყო და ამისთვის ბევრი მექანიზმი შეიქმნა“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კერძო სექტორთან პარლამენტის დიალოგის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტში მიღებული კანონების ძალიან დიდი ნაწილი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს კერძო სექტორზე და ამიტომ, ამერიკის სავაჭრო პალატის ინიციატივით, საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში გაჩნდა ერთ-ერთი სიახლე, რაც დაკავშირებულია კერძო სექტორთან.

„ეს სიახლე ახალ არეალს ხსნის პარლამენტისთვის და ღია მმართველობის საბჭოსთვის. გეგმაში ჩვენ გვიწერია ვალდებულება, რომ უნდა შეიქმნას დაინტერესებული პირების საერთო რეესტრი და განთავსდეს პარლამენტის ვებგვერდზე, რათა საწყის ეტაპზევე უზრუნველყოფილი იყო ამ პირების ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში. ეს შეიძლება იყოს დასაწყისისთვის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ავაწყოთ ისეთი თანამშრომლობა, რომლის საშუალებითაც თქვენ უფრო აქტიურად გექნებათ ინფორმაცია და ჩვენთვისაც იქნება მეტი შესაძლებლობა გავითვალისწინოთ თქვენი მოსაზრებები სამუშაო პროცესში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, მეორე ვალდებულება ეხება ლობისტურ ორგანიზაციებს. კერძოდ, უნდა შეიქმნას ლობისტური ორგანიზაციების რეესტრი და განთავსდეს პარლამენტის ვებგვერდზე.

„დღევანდელი შეხვედრის ამოცანა და მიზანი თქვენი მოსაზრებების მოსმენაა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ პარლამენტთან თანამშრომლობა, ღია მმართველობის საბჭოს როგორ შეუძლია ხელი შეგიწყოთ, რომ იყოთ სათანადოდ ინფორმირებული და ამ თანამშრომლობას მივცეთ სისტემური ხასიათი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. თამარ ჩუგოშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო კონკრეტული ნაბიჯები საპარლამენტო საქმიანობაში კერძო სექტორის ჩართულობის ინსტიტუციონალიზებასთან დაკავშირებით, რაც გაზიარებული იქნა შეხვედრის მონაწილეების მიერ.

პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც შეხვედრები მომავალში გაიმართება.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს სამუშაო ჯგუფი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, 2018 წლის 18 დეკემბერი