ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის

28 ნოემბერი 2017
ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის

საქართველოს პარლამენტმა გამოაქვეყნა პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირების გეგმა „ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის“, რომლის შესრულება გაუადვილებს პარლამენტის ტერიტორიაზე გადაადგილებას მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებს.

ირაკლი კობახიძე ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და თითოეული მოქალაქისთვის პარლამენტის შენობის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „პარლამენტი ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მოქალაქეთა წარმომადგენლობაა და მისი შენობა თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის. სიამაყით ვაცხადებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი სრულად ხელმისაწვდომი გახდება მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობით, პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობასა და სურვილს, რომ დაინერგოს მოქალაქეზე ორიენტირებული და ინოვაციებზე დაფუძნებული საჯარო მმართველობა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით მკვიდრდება ახალი ნორმა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის ვალდებულებას იღებს.

„დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა კონსტიტუციის ახალი რედაქციით დამკვიდრებულ ახალ ნორმას, რომლითაც სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ვალდებულებას, შექმნას განსაკუთრებული პირობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის. ამით იქმნება ძალიან მტკიცე გარანტია იმისა, რომ უზრუნველყოფილი იყოს სპეციალური საჭიროების მქონე თითოეული ადამიანის სრულფასოვანი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ასევე, პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასევე, ყველა წინაპირობა შევქმნათ იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ისარგებლონ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირების გეგმა შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანი“-სთან ერთად. ინიციატივის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

„მისასალმებელია, რომ საქართველოს საჯარო სივრცე სულ უფრო მეტად იხსნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის ხელშეწყობას წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, იუსტიციის სახლების, იურიდიული დახმარების ცენტრების და ამჯერად უკვე პარლამენტის შენობის ადაპტირებაში“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, დოროტა დლოუხი-სულიგამ.

ღონისძიების მონაწილეებს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ირინე ფრუიძე მიესალმა და გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში პარლამენტში გამართული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო დიდ წარმატებებს აღწევს დემოკრატიის განვითარების გზაზე და დემოკრატია არ არსებობს ჩართულობისა და ღიაობის გარეშე. ამასთანავე, ჩართულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაინტერესებული პირი იყოს მონაწილე მმართველობის პროცესების. სწორედ ამისთვის შეიქმნა ღია მმართველობის პარტნიორობა.

„ღია მმართველობის პარტნიორობა არის მსოფლიო ინიციატივა, რომელიც 2011 წელს შეიქმნა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უკვე 2011 წელს შეუერთდა ამ ინიციატივას. სწორედ საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებების დამსახურებაა ის, რომ წელს საქართველო გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა. ეს არის აღიარება იმ მიღწევებისა, რომელიც საქართველომ განახორციელა მმართველობის გამჭვირვალობის, ჩართულობის უზრუნველყოფაში და ასევე სერვისების უზრუნველყოფაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისის მერია გახდა საპილოტე ინსტიტუცია იმ 15 ქვეყანას შორის მთელ მსოფლიოში, სადაც დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობების ღიაობის პროგრამა. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პარლამენტიც ერთ-ერთი პირველია მთელ მსოფლიოში, რომელმაც 2015 წელს ხელი მოაწერა ღიაობის დეკლარაციას და შექმნა ღია და გამჭვირვალე მმართველობის საპარლამენტო საბჭო და დაიწყო სამოქმედო გეგმის განხორციელება“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

მუდმივმოქმედი საბჭოს ხელმძღვანელმა პარლამენტის მეორე სამოქმედო გეგმის მიმართულებებზე და უშუალოდ საბჭოს ფუნქციონირებაზე ისაუბრა.

საბჭოში ყველა პოლიტიკური ჯგუფია გაერთიანებული და მასში პარლამენტის 11 წევრია ჩართული. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფი იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში და პარლამენტის ღიაობის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა მოხდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი მუშაობა საკონსულტაციო ჯგუფთან, რომლის შემადგენლობაში 15 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია.

ესენი არიან როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ძალიან კარგი, საქმიანი პარტნიორული ურთიერთობა. ჩვენ ერთად ვქმნით სამოქმედო გეგმას და უზრუნველვყოფთ მის განხორციელებას“, - აღნიშნა საბჭოს თავმჯდომარემ.

წარმოდგენილი პრეზენტაციებისთვის და ინიციატივებისთვის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა და ინკლუზიურ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტის საქმიანობასა და აქტივობებზე ისაუბრა.

„მე როგორც განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მინდა გარკვეულ საკითხებს შევეხო და დაინტერესებულმა მხარეებს გავაცნო თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს კომიტეტში ინკლუზიურ საკითხებზე. ინკლუზიური განათლების რეფორმირების კუთხით არის მთელი რიგი ღონისძიებები შემუშავებული, რომელსაც განათლების მინისტრთან ერთად გავივლით. დიდ მნიშნელობას ვანიჭებთ ინკლუზიურ სწავლებას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან დაწყებული უმაღლესი სასწავლებლით დასრულებული. ასევე კულტურის სფეროს დაწესებულებების ადაპტაციას ვამუშავებთ და დარწმუნებული ვარ ის გამოცდილება რომელიც ამ პროექტის შემუშავებისას არის დაგროვილი, ჩვენც აუცილებლად გამოგვადგება.

როგორც პარლამენტის წევრმა ასევე მინდა რატი იონათამიშვილის ინიციატივას უპირობო მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს პარლამენტის შენობის ადაპტაციასთან დაკავშირებით, როგორც მობილობის ისე მხედველობის შეზღუდვის მქონე პირთათვის“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, შომბი შარპი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი მიესალმნენ.

პარლამენტის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის პარლამენტის შენობის ადაპტირებული პროექტის პრეზენტაცია გამართა. გეგმაში დეტალურადაა აღწერილი პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირებისათვის აუცილებელი ნაბიჯები, როგორიცაა პანდუსებისა და ამწე-პლატფორმების დამონტაჟება, ტაქტილური ბილიკებისა და რუკების, ხმოვანი სანავიგაციო სისტემების შემოღება. დაგეგმილი ცვლილებები შეეხება პარლამენტის შენობის ყველა საკვანძო სივრცეს, მათ შორის, შესასვლელებს, კიბეებს, სხდომათა დარბაზებს, ბრიფინგების ოთახებს, სანიტარულ-ჰიგიენურ კვანძებსა და კაფეტერიებს.

ხელმისაწვდომი პარლამენტის გეგმის წარდგენა ემთხვევა საპარლამენტო ღიაობის წლევანდელ მსოფლიო კვირეულს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში 20-30 ნოემბერს მიმდინარეობს.

ხელმისაწვდომი პარლამენტი 2015 წელს მიღებული ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობისა (OGP) და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპებს ეყრდნობა. 2017 წლის ოქტომბერში საქართველომ ერთი წლით ჩაიბარა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური თავმჯდომარეობა. საქართველო აგრეთვე შედის იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალში, რომელთაც ხელი აქვთ მოწერილი საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციაზე.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიება დისკუსიით და საზეიმო მიღებით დასრულდა.