დებულება

                                                                                                                                                

                                                                                                          დამტკიცებულია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 
2016 წლის 12 თებერვლის №17/3 ბრძანებით 



ღია მმართველობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს დებულება
(28.05.2018 №121/3)

პრეამბულა

საქართველოს პარლამენტი აღიარებს და იცავს ადამიანის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საპარლამენტო ინფორმაციაზე და მონაწილეობდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მოქალაქეთა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის, აგრეთვე მათთვის საპარლამენტო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ხელშეკრულებებით, დემოკრატიული პარლამენტის საერთაშორისო სტანდარტითა და ნორმებით აღიარებული ვალდებულებაა. საქართველოს პარლამენტი ხელმძღვანელობს საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციით და ზემოაღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის ქმნის ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს. (28.05.2018 №121/3)

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1
1. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო (შემდგომ – საბჭო) იქმნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. (28.05.2018 №121/3)
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სხვა აქტებით.
3. საბჭოს უფლებამოსილებები, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

თავი II
საბჭოს უფლებამოსილებები

მუხლი 2
1. საბჭოს უფლება აქვს:
ა) შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ღია პარლამენტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
ბ) უზრუნველყოს საქართველოს ღია პარლამენტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
გ) საქართველოს ღია პარლამენტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და შესრულების პროცესში მოიწვიოს შესაბამის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები და შექმნას სამუშაო ჯგუფები;
დ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს საქართველოს ღია პარლამენტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესასრულებლად განსახორციელებელი ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ე) გამოითხოვოს საქართველოს ღია პარლამენტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი, მოამზადოს წინადადებები და დაგეგმოს ღონისძიებები საპარლამენტო ღიაობისა და საქართველოს პარლამენტში გამჭვირვალე მმართველობის სრულყოფის მიზნით;
ზ) განახორციელოს საპარლამენტო ღიაობისა და საქართველოს პარლამენტში გამჭვირვალე მმართველობის, აგრეთვე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგი და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ზ1) განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულებისა და ღია მმართველობის სფეროში განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი; (28.05.2018 №121/3)
ზ2) საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს მიმართოს რეკომენდაციებით, გამოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი, საჭიროების შემთხვევაში პერიოდულად, თავის სხდომაზე განიხილოს ასეთი ინფორმაცია და დოკუმენტი და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები; (28.05.2018 №121/3)
ზ3) ორგანიზება გაუწიოს საქართველოს პარლამენტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიურ შეხვედრას; (28.05.2018 №121/3)
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. საბჭო ვალდებულია:
ა) საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 1 ივლისისა, საზოგადოებას წარუდგინოს და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს შუალედური ანგარიში საქართველოს ღია პარლამენტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) წელიწადში ერთხელ, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის დასრულებამდე საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ანგარიში საქართველოს ღია პარლამენტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ) საქართველოს ღია პარლამენტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა უზრუნველყოს საქართველოს ღია პარლამენტის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.


თავი III
საბჭოს შემადგენლობა

მუხლი 3
საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
ბ) საპარლამენტო ფრაქციების თითო წარმომადგენელი;
გ) საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში.

მუხლი 4
1. საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე საბჭოს წევრობის კანდიდატს წერილობით წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.
2. საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, საბჭოს წევრობის კანდიდატს წერილობით, ურთიერთშეთანხმებით წარუდგენენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.
3. თუ რომელიმე საპარლამენტო ფრაქცია, რომელსაც წარდგენილი ჰყავს საბჭოს წევრობის კანდიდატი, გაუქმდა, არსებული კვოტა უქმდება და საბჭო საქმიანობას დარჩენილი შემადგენლობით განაგრძობს.
4. საბჭოს შემადგენლობაში შესაძლებელია კვოტების დათმობა საპარლამენტო უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის, აგრეთვე საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში წერილობით ეცნობება საბჭოს თავმჯდომარეს.
5. საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

თავი IV
საბჭოს საქმიანობის წესი

მუხლი 5
1. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
2. საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ საქართველოს პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ.
3. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
5. საბჭოს სხდომის დღის წესრიგისთვის საკითხის დამატების თაობაზე წინადადების დასმის უფლება აქვთ:
ა) საბჭოს წევრს;
ბ) საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ წინადადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი მტკიცდება, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე ქვეყნდება და საბჭოს წევრებსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს ელექტრონული ფოსტით ეგზავნებათ საბჭოს სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე.
8. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
9. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
10. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.
11. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საბჭოს მუშაობაში, საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერმა პირმა.

მუხლი 6
1. საბჭო ქმნის საბჭოსთან არსებულ საკონსულტაციო ჯგუფს (შემდგომ – საკონსულტაციო ჯგუფი), რომელიც მონაწილეობს საბჭოს სხდომებში, წარუდგენს მას წინადადებებს/რეკომენდაციებს და ეხმარება უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელებაში.
2. საკონსულტაციო ჯგუფის წევრები არიან „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები.
3. საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით.
4. საკონსულტაციო ჯგუფში გაწევრების მსურველი საბჭოს თავმჯდომარის სახელზე წარადგენს განცხადებას, რომელშიც განმარტებულია საკონსულტაციო ჯგუფში გაწევრების მოტივაცია.
5. საბჭო განიხილავს საკონსულტაციო ჯგუფში გაწევრების მსურველის განცხადებას და სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული პირის საკონსულტაციო ჯგუფში გაწევრების შესახებ.
6. საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარეს ირჩევენ საკონსულტაციო ჯგუფის წევრები 1 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ ორჯერ.
7. საკონსულტაციო ჯგუფის სხდომას იწვევს საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე.
8. საკონსულტაციო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

მუხლი 7
1. საბჭოს ჰყავს საბჭოს მდივანი. საბჭოს მდივნის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფლებამოსილი პირი.
2. საბჭოს მდივანი:
ა) ახორციელებს საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ მომსახურებას და საქმისწარმოებას;
ბ) უზრუნველყოფს საბჭოს საჭირო ინფორმაციით, ტექნიკური საშუალებებით და საბჭოს სხდომებისა და სხვა შეხვედრების გამართვისათვის აუცილებელი პირობებით;
გ) ამზადებს საბჭოს გადაწყვეტილებათა პროექტებს;
დ) აფორმებს საბჭოს სხდომათა ოქმებს;
ე) ასრულებს საბჭოს უფლებამოსილებებიდან გამომდინარე სხვა ორგანიზაციულ სამუშაოებს.


თავი V
დასკვნითი დებულებანი

მუხლი 8
1. საბჭოს დებულებას ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
2. საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.