ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვის შესახებ იმსჯელეს

28 სექტემბერი 2015
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვის შესახებ იმსჯელეს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება, რაც ამ პირთა იზოლაციას და მათი პირობების გაუარესებას იწვევს. ამ საკითხზე კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ICCN გამგეობის თავმჯდომარის ნინო ციხისთავი-ხუციშვილის ინფორმაცია და მოსაზრებები მოისმინეს დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე. მომხსენებელმა წამოჭრილი საკითხი განიხილა საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლის კუთხით, ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული აფხაზური თუ რუსული პასპორტებისა და პირადობის მოწმობების სახეობებზე, რაც გარკვეული თვალსაზრისით ართულებს ოჯახურ კავშირებს და სხვადასხვა ურთიერთობებს, ზღუდავს მათ გადაადგილებას მესამე ქვეყნებში და მათ ურთიერთობას დანარჩენ მსოფლიოსთან. მან ინფორმაციასთან ერთად რეკომენდაციებზეც ისაუბრა, რომლებიც არსებული მტკივნეული საკითხის გამოსწორებისთვისაა საჭირო. 

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ კომისია აგროვებს სამოქალაქო სექტორიდან შემოსულ მოსაზრებებს, წინადადებებსა თუ რეკომენდაციებს, რომელთაც ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებისას გაითვალისწინებენ. „ხშირ შემთხვევაში სამართლებრივი ნაწილი, თუნდაც საერთაშორისო ვალდებულებების სფეროდან ავიღოთ, ეჯახება რეალურ პოლიტიკას და რეალურ სიტუაციას. აქედან გამომდინარე თქვენი წინადადებები, თქვენი იდეები ძალიან უნდა დავუახლოვოთ რეალურ პოლიტიკას. ამ რეალურად შექმნილი ვითარების და საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით თუ მზად ხართ თქვენ და არასამთავრობოთა კვალიფიცირებული გუნდი, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ ამ თემაზე კონსულტაციები. საპარლამენტო კომისია იმისთვის არსებობს, რომ იდეების გენერაცია მოახდინოს და როგორც წინადადება შესთავაზოს ხელისუფლებას, რომელსაც თუნდას სადაზვერვო მონაცემები უფრო მეტი აქვს, ვიდრე პარლამენტს. აქედან გამომდინარე ეს საკითხი ერთი შეხვედრით არ დამთავრდება, ამ თემაზე უნდა გავაგრძელოთ შეხვედრები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

გალერეა

  • ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვის შესახებ იმსჯელეს, 2015 წლის 28 სექტემბერი