გუგული მაღრაძე: პარლამენტის ყველა კომიტეტის სამოქმედო გეგმაში უსაფრთხოების საკითხებში გენდერული განზომილებების მონიტორინგი უნდა იყოს ასახული

05 აგვისტო 2020
გუგული მაღრაძე: პარლამენტის ყველა კომიტეტის სამოქმედო გეგმაში უსაფრთხოების საკითხებში გენდერული განზომილებების მონიტორინგი უნდა იყოს ასახული

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა გუგული მაღრაძემ მონაწილეობა მიიღო ონლაინ სამუშაო შეხვედრაში: „გენდერი და COVID-19 - უსაფრთხოების სექტორის მიერ მიღებული გამოცდილება საქართველოში“.
 
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) ეგიდით და მასში მონაწილეობდნენ შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) ექსპერტი მეგან ბასტიკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი, თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადსხვა სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მათ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატებულ მაგალითზე, როგორი იყო უწყებების მუშაობა, რა სიძნელეები და გამოწვევები ჰქონდა ამ საქმიანობაში, საზოგადოდ და კერძოდ, გენდერულ საკითხებთან მიმართებაში. 

მეგან ბასტიკმა წარმოადგინა გენდერისა და უსაფრთხოების პრაქტიკულ მითითებათა კრებული და განმარტა, თუ რას მოიცავს ის; ასევე განიხილეს უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სექტორებში COVID19-ით გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გენდერული განზომილება და წარმოადგინეს ის პრიორიტეტული სფეროები, რომლებზეც აქცენტი უნდა გაკეთდეს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის გენდერულმა საბჭომ შეიმუშავა და წარადგინა რეკომენდაციები სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოზე კოვიდ19-ის პანდემიისას ქალთა ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფის და ოჯახური ძალადობისგან ქალების დაცვისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების საკითხზე უსაფრთხოების სფეროში გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად.

რამდენადაც უსაფრთხოების ცნება მოიცავს ადამიანის უსაფრთხოების ყველა სფეროს: ჯანდაცვას, ეკონომიკურ საქმიანობას, განათლებას და ა.შ, არა მხოლოდ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტისთვის, არამედ პარლამენტის ყველა კომიტეტის სამოქმედო გეგმაში უსაფრთხოების საკითხებში გენდერული განზომილებების მონიტორინგი უნდა იყოს ასახული“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მეორე საკითხი, რაც გუგული მაღრაძემ შეხვედრის მონაწილეთა წინაშე დასვა, იყო ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფა სამშვიდობო მისიებსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

განსაკუთრებით მიუღებელია ის გარემოება, რომ სამთავრობო დონეზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციებში ქალები თითქმის არაა წარმოდგენილი, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახებოდეს მოლაპარაკებების ეფექტურობაზე“,- აღნიშნა გუგული მაღრაძემ. 

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ლინკები შეხვედრის მასალების გასაცნობად.