ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

01 აპრილი 2014
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

 

ადამიანის უფლებების სფეროში იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმების შესახებ ისაუბრა დღეს მინისტრმა, თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.
მან როგორც განხორციელებული, ასევე დაგეგმილი რეფორმები გააცნო დეპუტატებს. მისი თქმით, წელიწადნახევრის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოში სახელმწიფოებრივი განვითარება ნებისმიერი მთავრობის პირობებში შეუქცევადი პროცესი გამხდარიყო. „გასული 18 თვის განმავლობაში მთავარი აქცენტი გავაკეთეთ ადამიანის ისეთ უფლებებზე, როგორიცაა სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლება, ინდივიდთა თანასწორობის უფლება, შრომის უფლება, საკუთრების უფლება, ინფორმაციის თავისუფლება და სტრუქტურის ღიაობა, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა და მათი ხარისხი", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპის გადახედვას, იურიდიული დახმარების ინსტიტუციურ რეფორმას, საპროცესო გარიგების ინსტიტუტის გარდაქმნას, დაცვის მხარის უფლებების ზრდას, განაჩენის აღსრულების გადავადების ახლებური მექანიზმების დანერგვას, სასამართლოში მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დამკვიდრებას.
მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე მუშაობის მნიშვნელობა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო არაერთ სიახლეს გეგმავს საარბიტრაჟო სამართლის, სანოტარო სამართლის, ადამიანის უფლებების სტრატეგიის კუთხით. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა ასევე პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო იყო პირველი სახელმწიფო უწყება, რომელმაც ყოფილ პატიმრებს დახმარების მიზნით, სხვადასხვა სერვისი შესთავაზა, და საშუალება მისცა მათ, საზოგადოებას სრულუფლებიან წევრებად დაბრუნებოდნენ.
თეა წულუკიანმა ანტინარკოტიკული საბჭოსა და ტრეფიკინგის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები მიმოიხილა. მისი თქმით, 40%-ითაა გაზრდილი ტრეფიკინგის ფაქტების გამოძიება, დამდგარია 5-ჯერ მეტი განაჩენი, დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდისათვის. თეა წულუკიანმა ანტინარკოტიკული სტრატეგიის შემუშავებაში იუსტიციის სამინისტროს მონაწილეობაზეც ისაუბრა და ბიონარკოტიკის აკრძალვის საკითხზეც იმსჯელა.
მინისტრის ინფორმაციით, "სტრასბურგის სასამართლოში, წინა ხელისუფლების პერიოდში გადაგზავნილ 90-ზე მეტ საქმეზე, მორიგება მოხდა და მხოლოდ ოთხ საქმეზეა მორიგება შეუძლებელი. " ყოფილი ხელისუფლების დროს სტრასბურგში საქმეები იყო გაგზავნილი წამების, მკვლელობების, არაადამიანური მოპყრობის კუთხით და მიწევს ამ ადამიანებთან, კონკრეტულ მსხვერპლებთან ვიმუშაო იმისათვის, რომ მათი უფლებები აღდგეს. 2008 წელს, სტრასბურგში გაგზავნილ მხოლოდ ერთ საქმეზე მორიგდა ჩემი წინამორბედი მსხვერპლთან, 2009 წელს – ორ საქმეზე, 2010 წელს – არც ერთ საქმეზე, 2011 წელს – ორ საქმეზე, 2012 წელს, ჩემი მისვლის შემდეგ – ხუთ საქმეზე, ხოლო მთლიანად 2013-2014 წლებში დღემდე, ძველ საქმეებზე, რომელიც სტრასბურგში წინა ხელისუფლების პერიოდში გაიგზავნა, მორიგება 90-ზე.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტის წევრ, ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებით გამოვიდა. მისი თქმით, წიკლაურთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ერთი პოზიცია აქვს. „ნუგზარ წიკლაური ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ძალადობა არის დაუშვებელი და სრულიად მიუღებელი. მე მქონდა მთავარ პროკურორთან ამ საკითხზე საუბარი, გამოძიება დაწყებულია და რაც შეიძლება მოკლე ხანში გვექნება პასუხი ყველა კითხვაზე. ამასთანავე, დანაშაული იქნება რეაგირებული თანაზომადად და ადეკვატურად“,- განაცხადა ეკა ბესელიამ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ საქმე პრემიერ-მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა „გამოძიება უნდა იყოს ეფექტიანი და შედეგიანი, რათა დადგინდეს, ვინ ჩაიდინა ეს და მკაცრად დაისაჯოს. სხვა შემთხვევაში, დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მესამე მუხლი, რასაც ჩვენი მთავრობა არ დაუშვებს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ქვეყანაში ის ეპოქა, რასაც ძალადობის კულტურა და ხანა ჰქვია. ცალკეული გამოვლინებები, რასაც ვხედავთ, ცალსახად დასაგმობია," – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. კომიტეტის სხდომა უმცირესობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.