ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

21 მაისი 2020
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა დას სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი „ბავშვის უფლებათა კოდექსსა” და შესაბამის საკანონმდებლო პაკეტში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გასულ წელს თითოეული დეპუტატი, მათ შორის ოპოზიციაც ჩართული იყო ბავშვის უფლებათა კოდექსის მომზადების საკითში და ბავშვთა კეთილდღეობის მხარდაჭერით პარლამენტმა ქვეყნისთვის დიდი და მნიშვნელოვანი საქმე გაააკეთა.

„ჩვენ უკვე მზად გვაქვს ნორმატიული აქტები, რომ ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაში შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ორიენტირებული იქნება ბავშვზე. ამ სტრუქტურებში იმუშავებენ სოციალური მუშაკები, კოორდინატორები, ინსპექტორები, იურისტები, ჯანდაცვის სპეციალისტები, ფსიქოლოგები. ყველა ეს ადამიანი გაერთიანებული იქნება იმისთვის, რომ ბავშვებს დაეხმაროს ადგილებზე. ეს საშუალებას მოგვცემს ზოგჯერ ის უთანასწორო დამოკიდებულება, რეგიონებისა და უფრო მსხვილი ქალაქების ბავშვების სერვისებს შორის დავძლიოთ და ყველაზე რთულად მისაწვდომ რეგიონებშიც კი გვქონდეს ბავშვების დაცვის შესაძლებლობა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი ინფორმაციით, დონორების დახმარებით მომზადდა შესაბამისი სპეციალისტები, კერძოდ, თბილისის მასშტაბით 150 სოცმუშაკი შეირჩა, რეგიონების მასშტაბით კი - 100-ზე მეტი. ასევე 100-ზე მეტი ინსპექტორი და კოორდინატორია შერჩეული საქართველოს მასშტაბით.

განხილული კანონპროექტით, საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადდება 2020 წლის 1 სექტემბრიდან, ნაცვლად 2020 წლის 1 ივნისისა. ბავშვის უფლებათა კოდექსის სრულფასოვნად ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2020 წლის 1 სექტემბერი, ნაცვლად 2020 წლის 1 ივნისისა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებას.

დღესვე კომიტეტმა განიხილა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი თანდართულ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის განმარტებით, კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ჰააგის 1980 და 1996 წლების კონვენციებთან ჰარმონიზაციის უფრო მაღალი ხარისხი. შედეგად, მოხდება ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და ჰააგის კონვენციების მიზნებისა და პრინციპების, მათ შორის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინების პრინციპის სრული იმპლემენტაცია. მუხლობრივი განხილვის შემდეგ, დეპუტატებმა შენიშვნების გარეშე მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს.

დღესვე კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში მოისმინა 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ. სამსახურის დირექტორის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ქართული მართლმსაჯულების სისტემამ და იურიდიული დახმარების სამსახურმა დროულად მოახერხა სამართალწარმოების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა პანდემიის შესაბამისად, რათა მომხდარიყო ადამიანის უფლებების ეფექტური და უსაფრთხო რეჟიმის დაცვა.

„პანდემიის პირობებში, 2 თვის განმავლობაში სამსახურის ადვოკატებმა მონაწილეობა მიიღეს 1314 დისტანციურ სასამართლო პროცესში. ჩვენი ადვოკატები საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის მიუხედავად, ცხადდებოდნენ სასამართლოებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში, რათა არცერთი ბენეფიციარი არ დარჩენილიყო დაცვის უფლების გარეშე. არადისტანციურად ჩატარდა 261 სასამართლო პროცესი და განხორციელდა 422 ვიზიტი დროებით მოთავსების იზოლატორებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა. მან დეტალურად ისაუბრა, ასევე, 2019 წლის განმავლობაში სამსახურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, უამრავი ადამიანი მომართავს კომიტეტს, რომელსაც სამართლებრივი დახმარება სჭირდება.

„ძირითადად, ესაა სოციალურად შეჭირვებული ფენა, რომელსაც საშუალება არ აქვს მიმართოს კერძო ადვოკატს საკუთარი უფლებების დასაცავად. ჩვენ ვალდებულნი ვართ, გვქონდეს ისეთი სახელმწიფო სისტემა, რომელიც ამ ადამიანებს დაეხმარება სამართლებრივი პრობლემის მოგვარებაში. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს გამართული იურიდიული დახმარების სამსახური“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი აზრით, ამ მხრივ გასულ წლებთან შედარებით, 2019 წელს წინსვლაა და აღნიშნული სამსახური ყოველწლურად უმჯობესდება. მან ასევე დადებითად შეაფასა მოხსენება Covid-19-თან დაკავშრებით.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 21 მაისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 21 მაისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 21 მაისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 21 მაისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 21 მაისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 21 მაისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 21 მაისი
  • adamiani.jpg