ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

01 ივლისი 2020
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებები მუხლობრივად განიხილეს. 

პროექტი ერთ-ერთმა ინიციატორმა, რატი იონათამიშვილმა წარმოადგინა.  

რეგლამენტის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობის უზრუნველყოფას საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტთან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“.

აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის ვალდებულება საქართველოს პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე.

იგივე კანონპროექტში მითითებულია საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული ანგარიშის განხილვის შესახებ.

კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტი და თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი.

კანონპროექტის მიზანია, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა, რათა ქვეყანამ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურის და სხვა მიმართულებებით, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობა თანასწორობის უნივერსალური პრინციპის დაცვით.

ამასთან, კანონპროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას ისეთი სერვისების შემოღებით, როგორიცაა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი საინფორმაციო-საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისები და პერსონალური ასისტენტის მომსახურება.  

სხდომაზე რამდენიმე რედაქციული ხასიათის შენიშვნა გამოითქვა.  როგორც მომხსენებელმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა,  პირველი და მეორე მოსმენისას კომიტეტთან აქტიურად თანამშრომლობის შედეგად, კანონპროექტი მესამე მოსმენით წარმოდგენილია იმავე სახით, როგორც ბოლოს პლენარულ სხდომაზე იყო წარმოდგენილი.

რატი იონათამიშვილმა რამდენიმე რედაქციული ხასიათის შენიშვნა გამოთქვა.

დღესვე, დეპუტატებმა მოისმინეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიში „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“.

ანგარიში კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა სალომე ვარდიაშვილმა წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, 2016 წლის ოქტომბერში ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად, საქართველომ იტვირთა ვალდებულება, მოახდინოს ენერგეტიკის სფეროში საკუთარი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

ენერგოპოლიტიკის  მიზანია გაიზარდოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება, რაც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას მისაღები რაოდენობის, ხარისხისა და ფასის სხვადასხვა ენერგეტიკული პროდუქტების შეუფერხებელი მიწოდების გზით.

ამავე დროს, უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესება და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.

საზოგადოებრივი დამცველის სამსახური კანონის საფუძველზე შექმნილი ორგანოა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან ერთად დამოუკიდებლად საქმიანობს და მისი ძირითადი ვალდებულებაა, შექმნას დამატებითი დაცვის გარანტიები მომხმარებლებისათვის.

„დღეს ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია ის, რომ ჩვენმა მომხმარებელმა ძალიან კარგად იცის, რომ პირდაპირ არ უნდა შევიდეს არცერთ გარიგებაში და კონსულტაციის გარეშე არ მიიღოს არავითარი გადაწყვეტილება, საკუთრი ინტერესების საზიანოდ“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მან სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა და განმარტა, რომ წლის განმავლობაში 20 ათასამდე მოქალაქე მიმართავს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს და იღებს სრულყოფილ და საჭირო მომსახურებას სამომხმარებლო ცოდნის გაზრდის მიმართულებით.

სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, სამსახური აქტიურად მუშაობს მედიატორული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზების დამკვიდრებაზე.

მისი თქმით,  რეკომენდაციები, რომლითაც ენერგოომბუდსმენი კომპანიებს მიმართავს, ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანწილად გათვალისწინებულია.

მომხსენებლის განცხადებით,  საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის სფერო მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას.

მან წყალმომარაგების, ბუნებრივი გაზის სექტორის და ენერგეტიკის მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე, გამოწვევებზე და გადაჭრილ დავებზე არსებული სტატისტიკა წარმოადგინა.

„მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობის საფუძველზე 2019 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ბუნებრივი გაზის საკითხებზე მიიღო – 128 გადაწყვეტილება. კომპანიებს გაეგზავნათ 308 რეკომენდაცია და 43 მიმართვა, რომელიც შეეხებოდა როგორც ერთეულ შემთხვევებს, ასევე მომხმარებელთა კოლექტიურ განცხადებებს“, - აღნიშნა  სალომე ვარდიაშვილმა.

მან დეპუტატების კითხვებს უპასუხა. კომიტეტი ანგარიშთან დაკავშირებით დადებით დასკვნას შეიმუშავებს, რასაც მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა.

კომიტეტმა ასევე  მხარი დაუჭირა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი