ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

13 მარტი 2018
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე „სითი პარკთან“ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ქალაქ თბილისის მერის, კახი კალაძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„სითი პარკი არის იურიდიული პირი, რომელიც წლების განმავლობაში არ ასრულებს თავის ვალდებულებას, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს, ჩვენი ქალაქის სტუმრებს ტრასპორტირების თვალსაზრისით. ის ქაოსი, რომელიც გადაადგილების კუთხით შექმნილია თბილისში, სწორედ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგია. ვფიქრობ, თბილისის მერის გადაწყვეტილება სამართლებრივად გამართული, სწორი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

დეპუტატებმა განიხილეს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები თანმდევ კანონპტროექტთა პაკეტთან ერთად, რომელიც ერთ-ერთმა ინიციატორმა, კახაბერ კუჭავამ წარმოადგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტის მიზანია დედაქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შემდგომი გაუმჯობესება და საგზაო მოძრაობის განტვირთვის ხელშეწყობა. ცვლილება ითვალისწინებს თბილისის მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრას საავტომობილო მოძრაობის სფეროში.

კერძოდ: გასცეს ნებართვა მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანაზე; დაადგინოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს ნებართვის გაცემის პირობები, ნებართვის გაცემის წესი, ნებართვის მოქმედების ვადა, ნებართვის გაცემის ფასი და მისი გადახდის წესი; დაადგინოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ავტობუსები გაჩერდებიან მხოლოდ გაჩერებებზე; დაადგინოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატვირთო ავტომობილის სატრანსპორტო საშუალებით პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის მიწოდებისთვის და ტრანსპორტირებისთვის განსაზღვრული ადგილის და დროის შესახებ წესს. სოფო კილაძის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი და დროული ნაბიჯი.

„აუცილებლად გვჭირდება სამართლებრივი რეგულაციების ნაწილობრივ გამკაცრება იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ის დისკომფორტი, რომელიც დღეს ექმნებათ ჩვენს მოქალაქეებსა და ქალაქის სტუმრებს“,- აღნიშნა სოფო კილაძემ.

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრისა და სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, ცვლილება შედის „სამოქალაქო კოდექსში“ და „საგადასახადო კოდექსში“.

კანონპროექტები კომიტეტის წევრებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გააცნო. მისი თქმით, დემოგრაფიული მონაცემების მხრივ ქვეყანაში არასახარბიელო სიტუაციაა.

„ჩვენი პოლიტიკა არ არის მხოლოდ შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების თვლა. ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. მათ შორის მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით“, -განმარტა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, მრავალშვილიან მშობლად მიიჩნევა პირი, რომელსაც ჰყავს 4 ან მეტი შვილი. მისივე განცხადებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის, გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

დიმიტრი ხუნდაძემ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დადგენილი შეღავათები გააცნო დეპუტატებს. სოფო კილაძის შეფასებით, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობა. საკითხის განხილვაში დეპუტატების გარდა მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, მრავალშვილიანი დედები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდენილი კანონპროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესი, შიში, დაბნეულობა ართულებს სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას დაზარალებულთან და მოწმესთან კომუნიკაციას.

მისივე ინფორმაციით, ამ და სხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით შესწავლილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა წამყვანი ქვეყნების მაგალითები, სადაც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური.

კანონპროექტის მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების განხორციელება, რათა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა სამართალწარმოების პროცესში სრულყოფილად უზრუნველყოს მოწმის/დაზარალებულის მხარდაჭერა.

კერძოდ, მოწმეს/დაზარალებულს მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ; მოიპოვოს მოწმის/დაზარალებულის ნდობა მის მიმართ ინდივიდუალური მიდგომით, გაუმარტივოს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა და მისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობისა და მისი უფლებების შესახებ; დაეხმაროს მოწმესა და დაზარალებულს დანაშაულის შედეგად გამოწვეულ სტრესთან გამკლავებაში და უზრუნველყოს მათი ხელახალი ვიქტიმიზაციის პრევენცია“, -განაცხადა ალესანდრე ბარამიძემ.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელი ცვლილება დეპუტატებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, მერაბ ქვარაიამ გააცნო. მისი განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, პარკირების წესების დადგენა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ უფლებამოსილებებში, კოდექსი არ მიჯნავს თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის უფლებამოსილებას. ზემოაღნიშნული საკუთარი უფლებამოსილებები მიეკუთვნება როგორც თვითმმართველი თემის, ასევე თვითმმართველი ქალაქის უფლებამოსილებას.

შესაბამისად, აღნიშნულ სფეროში შესაბამისი სამართალდარღვევის საკითხები უნდა განისაზღვროს ყველა მუნიციპალიტეტისათვის და არა მხოლოდ თვითმმართველი ქალაქების - თბილისისა და ბათუმისათვის.

კომიტეტის წევრებმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა-თა კოდექსში” მთავრობის ინიციატივით შემავალი ცვლილების შესახებ იმსჯელეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, იზრდება ჯარიმა წვრილმანი ხულიგნობისთვის. აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე, ნაცვლად 100 ლარისა. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება გამოწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე, ნაცვლად 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებისა.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე -„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა კომიტეტმა დახურულ რეჟიმში გააგრძელა.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 13 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 13 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 13 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 13 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 13 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 13 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 13 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 13 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 13 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 13 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 13 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 13 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 13 მარტი