ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

29 დეკემბერი 2017
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

მხარეთა ინტერესების უკეთ დაცვის, მოსამართლეთა დატვირთულობის შემცირებისა და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ცვლილებები შედის კანონპროექტებში: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

საკანონმდებლო პაკეტი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. 

როგორც მომხსენებელმა, გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, ცვლილების თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლოში განახორციელოს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია. კანონპროექტით წესრიგდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების დაკისრების წესი. 

რეგულირდება სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მისი მოვალეობის შესრულების წესი, კერძოდ, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით - სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე“, -განაცხადა გედევან ფოფხაძემ. მისი თქმით, განსაზღვრულია სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრის) კომპეტენცია, თანამდებობაზე დანიშვნისა და განთავისუფლების წესი, აგრეთვე საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.

„კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს შესაბამისი მოხელე, მოსამართლის მსგავსად, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე. სასამართლოს შესაბამისი მოხელის ჩამოცილება საქმეთა განხილვისაგან, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაუშვებელია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, - აღნიშნა მომხსენებელმა. 

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, ეს არის სასამართლო რეფორმის გაგრძელება. „წარმოდგენილი ცვლილებები ემსახურება იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს თითოეული ადამიანი, თითოეული ინდივიდი“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ძირითადად, მოხელის, იგივე მაგისტრის, სახელწოდებას და კომპეტენციას უკავშირდება. 
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 29 დეკემბერი