ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2 უწყების ანგარიში მოისმინეს

15 აპრილი 2019
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2 უწყების ანგარიში მოისმინეს

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა წარუდგინა. კომიტეტის წევრებმა და კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ სამსახურის ახალ ხელმძღვანელს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა. ჩვენი კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ადამიანებისთვის თქვენი სამსახურის თანადგომას. განსაკუთრებით, იმ ადამიანებისთვის, რომელიც სოციალურად მოწყვლადია. ჩვენ ვცდილობთ ყოველთვის დავუდგეთ გვერდით ამ სამსახურს იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა სამართლებრივი სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ინსტიტუციური რეფორმის, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე. მისი თქმით, მიღწეულ პროგრესს შორის ყველაზე მეტად აღსანიშნავია სამსახურის მანდატის გაფართოება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მისივე ინფორმაციით, 2018 წელს, ინკლუზიური მომსახურების დანერგვის კუთხით, მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული.

დღესვე კომიტეტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2018 წლის ანგარიში წარუდგინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა.

მისი ინფორმაციით, მოქალაქეთა მომართვიანობისა და ჩატარებული შემოწმებების რაოდენობის ზრდის ფონზე, გასული 6 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა სამართალდარღვევებისა და ჯარიმების რაოდენობის კლება. საჯარო სექტორში, მსხვილ და საშუალო ბიზნესში საგრძნობლად გაზრდილია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმირებულობის დონე, ასევე ინტერესი ინსპექტორის აპარატთან წინასწარი კონსულტაციების მიმართ. მისივე მოსაზრებით, მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობის ზრდაც: 2018 წელს გაწეული 6100-ზე მეტი კონსულტაციიდან ძირითადი ნაწილი სწორედ მოქალაქეებზე მოდიოდა. როგორც თამარ ქალდანმა აღნიშნა, პროგრესთან ერთად კვლავ იკვეთება გამოწვევები როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მათ შორის, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადამოწმება, მონაცემების კანონდარღვევით გამჟღავნება, არასრულწლოვანთა მონაცემების მიმართ მეტი სიფრთხილის გამოჩენის საჭიროება და სხვა.

განსაკუთრებით აქტუალური იყო ამომრჩევლის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, რასაც მისი თქმით, ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა. სოფო კილაძის შეფასებით, როგორც მომართვიანობისა და კონსულტაციების გაწევის კუთხით, ასევე შესწავლილი პროცესების რაოდენობის მხრივ შეინიშნება ზრდა.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს გუნდს ასეთი სამაგალითო საქმიანობისთვის. არასამთავრობო სექტორის მხრიდანაც დადებითად არის თქვენი საქმიანობა შეფასებული. პერსონალური მონაცემების დაცვა არის საკითხი, რომლის მიმართაც ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა საზოგადოების მგრძნობელობა. ადამიანებმა დაიწყეს პერსონალური მონაცემების გაფრთხილება და სამსახურისადმი მომართვა მისი დაცვის მიზნით“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მან მზადყოფნა გამოთქვა არსებული გამოწვევების მიმართულებით საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე ერთობლივი მუშაობის თვალსაზრისით.

კომიტეტის წევრებს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარუდგინა.

მისი განმარტებით, სამართალდამცავ ორგანოებს მიენიჭათ უფლებამოსილება კონტროლირებადი მიწოდების დროს განახორციელონ შესაძლო ნივთიერი მტკიცებულების სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლება წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი საგნით, დოკუმენტით, ნივთიერებით ან ობიექტით. მისი მოსაზრებით, კანონპროექტის მიღება გაზრდის სამართალდამცავთა შესაძლებლობებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კონტექსტში. ნათია მეზვრიშვილს მიაჩნია, რომ კონტროლირებადი მიწოდების ღონისძიების დროს ჩანაცვლების ან წინასწარ ნიშანდების კომპეტენციის მინიჭების შედეგად მოსალოდნელია ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ პირთა ქსელის აღმოჩენა.

შესაბამისად, კონტროლირებადი მიწოდების შედეგად შესაძლებელი იქნება აკრძალული ნივთიერების თუ საგნის გადაადგილების სრული მარშრუტი, საბოლოო დანიშნულების ადგილი და ყველა ის პირი დადგინდეს, რომელიც რაიმე ფორმით ხელს უწყობს დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებას. „ცვლილების შედეგად, ეს ღონისძიება შესაძლებელი იქნება იმგვარად ჩატარდეს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ღონისძიების ჩატარების ყველა თანმდევი რისკი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყნაში სასაზღვრო უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესებას, ტრანსსასაზღვრო ორგანიზებულ დანაშაულთან, ადამიანებით ვაჭრობასთან, იარაღით, ნარკოტიკებით, ფსიქოტროპული ნივთიერებებითა და პრეკურსორებით, ორმაგი დანიშნულების საქონლის უკანონო ბრუნვასთან ბრძოლას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღესვე წარმოადგინა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები, რომლითაც დასჯადი ხდება წინასწარი შეცნობით დავის უკანონო გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა ან წინასწარი შეცნობით ამ ნაწილით გათვალისწინებულ შეკრებაში პასიური მონაწილეობა, რაც ქმნის შეკრებისას ძალადობის, იძულების ან ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და რეალურ საფრთხეს. მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ ქმედების სისხლის სამართლის წესით დასჯის და სახელმწიფოს მიერ მკაცრი პოლიტიკის გატარების პირობებში, შესაძლებელი გახდება, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების განმახორციელებელი სახელმწიფო ინსტიტუტების გვერდის ავლით დავის გადაწყვეტის თავიდან აცილება, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულთა დაცვა და იმ მძიმე შედეგების პრევენცია, რომლებიც დასახელებულ ქმედებებს შეიძლება მოჰყვეს. კანონპროექტმა დეპუტატების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სოფო კილაძის განცხადებით, ის პათოსში ეთანხმება შემოთავაზებულ კანონპროექტს.

როდესაც ადგილი აქვს იძულებასა და მუქარას, პირველ რიგში პრევენციული ღონისძიებები უნდა გავატაროთ. თუმცა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც რეპრესიულ მეთოდებთან გვიწევს შეხება. ვეთანხმები, ასევე, ჩემს კოლეგებს იმ ნაწილში, რომ კანონპროექტი გარკვეულ ბუნდოვანებას შეიცავს და საჭიროა უფრო მკვეთრი ზღვარი არსებობდეს, რათა ე. წ. ბაგატელურ შემთხვევებზე არ გავრცელდეს ასეთი ტიპის სანქციები“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

ნათია მეზვრიშვილმა დეპუტატებს წარუდგინა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“, კანონპროექტი თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, რომელიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმებს შექმნის.

ბოლო დროს მოიმატა არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივმა დანაშაულებმა, მართალია, არა საგანგაშო რაოდენობით, მაგრამ მაინც საყურადღებოა“, - განაცხადა სოფო კილაძემ. 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2 უწყების ანგარიში მოისმინეს, 2019 წლის 15 აპრილი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2 უწყების ანგარიში მოისმინეს, 2019 წლის 15 აპრილი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2 უწყების ანგარიში მოისმინეს, 2019 წლის 15 აპრილი