ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს

25 ივნისი 2020
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე  სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე  დეპუტატებმა საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუსმინეს, რომელმაც  2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა  .

„ჩვენ სახალხო დამცველთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ძალიან კარგი პრაქტიკა ჩამოგვიყალიბდა ბოლო წლებში. ამის დასტურია ის, რომ ყოველწლიურად სახალხო დამცველის რეკომენდაციების მზარდი გაზიარება გვაქვს. წლევანდელი წელიც არ არის გამონაკლისი. სახალხო დამცველის წარმოდგენილი ანგარიშის 91% არის გაზიარებული, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და აჩვენებს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს პარლამენტის ხელში არის ქმედითი მექანიზმი”, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

სახალხო დამცველმა  თემატურად მიმოიხილა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული ძირითადი ასპექტები.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ანგარიშში 2019 წლის განმავლობაში შემუშავებული და შესაბამისი უწყებების მიმართ გაცემული 335 რეკომენდაცია არის ასახული.

2019 წელს სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა 6737 განცხადება, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.

ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 9438 ზარი. სხვადასხვა დაწესებულებებში ჯამში 579 ვიზიტი განხორციელდა.

აპარატის თბილისის ოფისში იურიდიული კონსულტაცია გაეწია 2399 ვიზიტორს. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონულმა ოფისებმა 4448 დაინტერესებულ პირს გაუწიეს სატელეფონო და პირადი კონსულტაცია.

ჩატარდა 990 თემატური შეხვედრა. ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად გაიცა 75 რეკომენდაცია/წინადადება.

სახალხო დამცველმა პოზიტიურად შეაფასა ადამიანის უფლებათა მიმართულებით გადადგმული რიგი ნაბიჯები, თუმცა ისაუბრა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც.

სახალხო დამცველის შეფასებით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ან დასჯის პრევენციისა და გამოძიების თვალსაზრისით, შენარჩუნებულია პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებიც.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, სისტემურ პრობლემად რჩება სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ არასათანადო მოპყრობის საქმეთა ეფექტიანად გამოძიების პრობლემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აქტიური მცდელობით დაიძლევა.

ნინო ლომჯარიამ  უარყოფითად შეაფასა 2019 წელს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტები. მისი თქმით,  სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტებზე წარმოებული გამოძიებები ვერ აკმაყოფილებდა ეფექტიანი გამოძიების სტანდარტს.  

სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების ჭრილში შეაფასა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ბენეფიციართა სომატური ჯანმრთელობის არასათანადო მკურნალობა, რაც პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ზოგ შემთხვევაში, გარდაცვალებასაც იწვევს. მან ისაუბრა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ხარვეზებზე.  ნინო ლომჯარიას განცხადებით, კვლავ გამოწვევად რჩება გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი და პლურალური მედია გარემოს არსებობა.

სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატებმა დისკუსია გამართეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა 2019 წლის 20 ივნისის ღამის მოვლენებზე გააკეთეს აქცენტი.

სოფო კილაძემ  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის კრიტიკულ რეპლიკას უპასუხა:  „მე მაგალითად, თქვენს ადგილზე ძალიან შემრცხვებოდა ადამიანის უფლებების კომიტეტზე შემოსვლა იმიტომ, რომ თქვენ და თქვენი პოლიტიკური ძალა ისე შორს ხართ ადამიანის უფლებებისგან, როგორც საქართველო და ჩრდილო კორეა. მე მგონი, ძალიან კარგი შედარებაა ამ დიდი მანძილის შესაფასებლად. დამთავრდა ის დრო, როცა ადამიანებს ხმას უხშობდით ახლა ვეღარ მოახერხებთ ვეღარც დღეს და ვერც ვერასდროს ადამიანებისთვის ხმის დახშობას, ვერც თქვენ და ვერც თქვენი პოლიტიკური ძალა,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

სოფო კილაძის თქმით, 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ცალსახა პოზიციაა, რომ იყო არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევები და ამას სჭირდება სამართლებრივი პასუხი.

„ვინც საჭიროა, რომელი თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყველა უნდა გამოიკითხოს გამოძიების ფარგლებში და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თუმცა, ვინ დაიწყო ეს ყველაფერი მეორე თემაა. ჩვენ ვნახეთ, რომ არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ პოლიციელებიც არიან დაზარალებული, რომელთაც ასევე უფლებები აქვთ. სამწუხაროდ, რატომღაც ეს ნაწილი არ ხდება ხოლმე განსჯის საგანი. სამწუხაროდ, იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მოწყურებულია რევოლუციას, რადგან იცის, რომ სხვაგვარად პოლიტიკაში ვერ მოვა, გამოიყენა გავრილოვის ძალიან სამწუხარო შემთხვევა და შეეცადა შემოვარდნილიყო პარლამენტში, შეეცადა შტურმით აეღო პარლამენტი, რომ კვლავ ხელისუფლებაში მოსულიყო. ამიტომ მგონია, რომ სწორედ ამ ადამიანების კისერზე არის იმ ადამიანების სისხლი, რომლებიც დაზიანდნენ 20 ივნისის მოვლენების დროს, როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე პოლიციელები," - განაცხადა სოფო კილაძემ.

კითხვაზე მიიჩნევს, თუ არა რომ ე.წ. გავრილოვის ღამეს მხოლოდ ის 8 მოქალაქე დაზიანდა, რომელთაც დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ დაზარალებული 8- ზე მეტია და სტატუსი ყველას უნდა ჰქონდეს.

„არაერთხელ მითქვამს, რომ დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს ყველა იმ პოლიციელს, რომლებიც დაზარალდნენ და ასევე, ყველა მოქალაქეს ვინც დაზარალდა. თქვენ მეკითხებით მხოლოდ 8 დაზარალდა თუ არა და მე გეუბნებით, რომ ვინც დაზარალდა, ყველას უნდა მიენიჭოს ეს სტატუსი. 8- ზე მეტი არის გეუბნებით, მეტი რა გავაკეთო?" - აღნიშნა სოფო კილაძემ.

უმრავლესობის წარმომადგენელმა. მერაბ ქვარაიამ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის „ნაციონალურმა მოძრაობის“ მხრიდან  ხმის მიუცემლობაზე გაამახვილა ყურადღება.  

„მორიგი უცნაურობა, რომელიც შემოგვთავაზა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ხმა არ მისცეს კონსტიტუციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის  ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად აქციეს და, ფაქტობრივად, გაოგნებული დატოვეს როგორც ქვეყნის შიგნით არა მარტო ჩვენი, არამედ თავიანთი ამომრჩეველიც, გაოგნებული დატოვეს ასევე საერთაშორისო პარტნიორები“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ. 

დეპუტატი დაინტერესდა, რას უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან უეცარი გააქტიურება მაშინ, როდესაც რამდენიმე თვეა, ოპონენტებს არც საკომიტეტო დ არც საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

„მთელი ევროპის და მსოფლიოს ყურადღება მივიპყარით არჩევნებთან დაკავშირებული საკითხით,  ოპოზიციამ ლამის სიკვდილ-სიცოცხლის, ყოფნა-არყოფნის საგნად აქცია პროპორციული არჩევნები, რომელზეც ყველამ ვნახეთ, თუ რა პროცესები გამოვიარეთ და საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ გონიერებით და კონსენსუსისთვის მზაობით იქნა მიღწეული ის შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ. 

მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პოლიტპატიმრებზე საუბარი არასწორი და პოლიტიკურად გაუმართლებელია.

„ძალა, რომელმაც 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი გააჩინა საქართველოში და ეს არ არის ჩემი ციფრი, საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებით, რომელმაც ათასობით უკანონო პატიმარი გააჩინა საქართველოში დღეს პოლიტპატიმრებზე არ უნდა საუბრობდეს და მე სახელებითაც შემიძლია ჩამოგითვალოთ ეს ადამიანები“, - განაცხადა დეპუტატმა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ სხდომაზე აღნიშნა, სასამართლოსა და  კანონის უზენაესობის კუთხით, ქვეყანას სერიოზული ნაბიჯები აქვს წინ გადადგმული.

 „ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ სასამართლოში მძიმე სიტუაცია არის, იმ უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რომ თუ 2010-2011 წლებში დაახლოებით 60 ათასი ადამიანი მიმართავდა წლიურად სასამართლოს, დღეს უკვე 300 ათას ადამიანამდე არის ასული ეს  რაოდენობა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი რაოდენობა ენდობა სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვერ ავხსნი რატომ მიდიან ადამიანები საკუთარი ნებით სასამართლოში სხვადასხვა საკითხების განსახილველად“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი განმარტებით,  სტრასბურგის სასამართლოში წასული ადამიანების რაოდენობა ხუთჯერ არის შემცირებული, მისივე თქმით, არაერთი საერთაშორისო შემფასებლის პოზიციაა და სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები, პირდაპირ ამბობენ, რომ სასამართლოს, კანონის უზენაესობის კუთხით, ქვეყანას სერიოზული ნაბიჯები აქვს წინ გადადგმული.

„ეს ყველაფერი ერთიანობაში, მე არ მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ სასამართლოში გაუარესდა სიტუაცია. პირიქით, მე ეს მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ სასამართლოში გაუმჯობესდა სიტუაცია. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები, რა თქმა უნდა, კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო ბევრი მიმართულებით, მაგრამ ტენდენცია მკვეთრად დადებითისკენ არის შესამჩნევი“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე  სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს, 2020 წლის 25 ივნისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე  სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს, 2020 წლის 25 ივნისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე  სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს, 2020 წლის 25 ივნისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე  სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს, 2020 წლის 25 ივნისი