ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია სურდო თარგმანით გადაიცა

16 მარტი 2020
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია სურდო თარგმანით გადაიცა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია სურდო თარგმანით გადაიცა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ აღნიშნა, პარლამენტში იქმნება ყველა პირობა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით ისარგებლონ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კომიტეტის სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო საქმიანობის ფორმატზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს კომიტეტი, ისევე, როგორც მთელი ქვეყანა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე ვართ გადასული. მაქსიმალურად იქნება ჩართულობა უზრუნველყოფილი ონლაინ რეჟიმში. დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ. ყველას მოვუწოდებ, თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ, თუ რაიმე შემოთავაზება გაქვთ კონკრეტულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით, მოგვწერეთ “, - განაცხადა სოფო კილაძემ.

კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტსა და   თანმდევ საკანონმდებლო პაკეტზე.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის,  მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონის მიღება განაპირობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ერთიანი საკანონმდებლო აქტის მიღების გზით საქართველოს კანონმდებლობაში სრულფასოვანი იმპლემენტაციისა და პრაქტიკული აღსრულებადობის აუცილებლობამ.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შედეგად იმოქმედებს ერთიანი, სისტემური საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს,

ინსტიტუციების მიხედვით დაადგენს ვალდებულებებს შესაბამის სფეროში სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და მათში მოცემული ღონისძიებების დროის განსაზღვრულ მონაკვეთში განხორციელების შესახებ და დანერგავს კონვენციის იმ სტანდარტებს, რომლითაც ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება ჯანდაცვის, განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, დასაქმების, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, ისევე, როგორც საზოგადოებაში ამ პირთა ინტეგრაცია და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა დაფუძნებული იქნება სოციალური მოდელის მიდგომაზე, რომელიც ამ კატეგორიის პირთა რეალური საჭიროებების განსაზღვრასა და შესაბამის რეაგირებაზეა ორიენტირებული. 

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით,  კანონპროექტის მიღებით შემოღებული იქნება „უნივერსალური დიზაინის“ პრინციპი და ამოქმედდება ვალდებულება, ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობასა და ახალი სერვისების შემოღებასთან ერთად, დროის 15-წლიანი პერიოდის განმავლობაში განხორციელდეს უკვე არსებული შენობა- ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის, აგრეთვე სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

მომხსენებლის განმარტებით, იმოქმედებს „გონივრული მისადაგების“ პრინციპი, რომელიც თავიდან ააცილებს ქვეყანას არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანასწორ პირობებში რეალიზებას.  

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ აღნიშნა, კომიტეტი მოწოდებულია შშმ პირები იყონ აბსოლუტურად დაცულნი.  „მათ უნდა ჰქონდეთ დაცვის ისეთი გარანტიები, რასაც იმსახურებენ. მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯები ადრეც უნდა გადაედგა სახელმწიფოს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც   საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობის პროცესში იყვნენ ჩართულნი.  

დეპუტატებმა გაახმოვანეს ყველა ის შენიშვნა და წინადადება, რაც კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტმა სხდომის მსვლელობისას ონლაინ რეჟიმში მიიღო. მომხსენებელმა თითოეულს უპასუხა.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები ერთ-ერთმა ინიციატორმა, ანრი ოხანაშვილმა წარმოადგინა.

პროექტების მიღების შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები შესაბამისობაში იქნება მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებიდან №2/12/1237 გამომდინარე, საქმეზე „ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ვინაიდან გამოძიების ეტაპზე მხარის მიერ მაგისტრანტ მოსამართლესთან მოწმის დაკითხვის საკითხები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით რეგულირდება, აუცილებელია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, სწორედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელდეს.

ანრი ოხანაშვილმა კომიტეტს წარუდგინა ასევე   „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც,  კანონის პროექტის თანახმად, თუ ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მისამართი არ ემთხვევა მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართს ან სხვა მიზეზით ვერ ხერხდება მისთვის უწყების და კითხვარის ჩაბარება, შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისთვის უწყების ჩაბარების მიზნით, უფლებამოსილი იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის პირადი ნომრის დახმარებით ელექტრონული სერვისის მეშვეობით გამოითხოვოს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მონაცემებში აღრიცხულ სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელ ფიზიკურ პირზე ან/და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში აღრიცხულ მართვის მოწმობის მფლობელ ფიზიკურ პირზე დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომერი.

წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების შეთხვევაში, გაიზრდება ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებისთვის უწყების ჩაბარების შესაძლებლობა.

აღნიშნულის შედეგად, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე მაქსიმალური რაოდენობის კანდიდატები გამოცხადდებიან, რაც შესაძლებელს გახდის, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის განმხილველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩამოყალიბდეს.

 „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ წარმოადგინა.

მისი განცხადებით, კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ჰააგის 1980 და 1996 წლების კონვენციებთან ჰარმონიზაციის უფრო მაღალი ხარისხი.

შედეგად, მოხდება ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და ჰააგის კონვენციების მიზნებისა და პრინციპების, მათ შორის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინების პრინციპის, სრული იმპლემენტაცია.

„კანონპროექტი ეხმიანება ასოცირების დღის წესრიგის 2.4 პუნქტს (მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება), რომლის „სამართლებრივი თანამშრომლობის“ ნაწილიც ითვალისწინებს სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში სამართლებრივი თანამშრომლობის გაძლიერებას სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მრავალმხრივ კონვენციებთან მიერთებისა და მათი განხორციელების გზით“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მისივე განმარტებით  კანონპროექტის მიზანია არასრულწლოვნის მშობლებთან და სხვა ახლო ნათესავებთან ურთიერთობის უფლების განხორციელების ხელშეწყობა, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არის ის გამოხატული და სახეზეა თუ არა ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების ელემენტი. კანონპროექტის მიზანს ასევე წარმოადგენს სამართლებრივი საფუძვლის შექმნა არამართლზომიერად გადაადგილებული თუ დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობის და აღსრულების მექანიზმის ამოქმედებისათვის.

 „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გააცნო კომიტეტს.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით აღმოიფხვრება კოდექსში არსებული უზუსტობები, რომელიც შეეხებოდა სახელმწიფო ზედამხედველობის მიმართ გამოსაყენებელ ტერმინებს.

 „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ და თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ წარმოადგინა.

მისი განმარტებით, კანონის პროექტით წესრიგდება საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქართველოში დაფუძნებასთან და მართვასთან, აგრეთვე მათ მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები; განისაზღვრება პირობები, რომლებიც, თანაბარი მოპყრობის პრინციპის გათვალისწინებით, დაარეგულირებს უცხოური საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობას საქართველოში.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტით შემოთავაზებული საზედამხედველო ჩარჩო მოიცავს შემდეგ სუბიექტებს: 1) საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში; 2) აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც მართავს საქათველოში დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდს; 3) საქართველოში დაფუძნებული აქტივების მმართველი კომპანია, იმის მიუხედავად, არის თუ არა საქართველოში დაფუძნებული მისი მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდი; 4) უცხოური საინვესტიციო ფონდი, რომელიც ახორციელებს ერთეულების შეთავაზებას საქართველოში, აგრეთვე მისი აქტივების მმართველი კომპანია; 5) სხვა პირები, რომლებიც ახორციელებენ კანონპროექტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების აქტივების ინვესტირებასთან, მართვასთან, შენახვა-ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

დღესვე კომიტეტმა განიხილა  „საქართველოს მთიანეთის ნებაყოფლობითი საქველმოქმედო ასოციაციის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს მკვიდრი, ძირძველი, ტრადიციულ ადგილებში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხის (ეთნიკურ უმცირესობათა) უფლებათა გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია სურდო თარგმანით გადაიცა, 2020 წლის 16 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია სურდო თარგმანით გადაიცა, 2020 წლის 16 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია სურდო თარგმანით გადაიცა, 2020 წლის 16 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია სურდო თარგმანით გადაიცა, 2020 წლის 16 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია სურდო თარგმანით გადაიცა, 2020 წლის 16 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია სურდო თარგმანით გადაიცა, 2020 წლის 16 მარტი