ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის განხილვა დაიწყო

16 აპრილი 2014
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის განხილვა დაიწყო, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ–ერთი ნაწილია. მთავრობის მიერ მომზადებული „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტით, დისკრიმინაცია იკრძალება ისეთი ნიშნების მიხედვით, როგორებიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია.

კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორ საჯარო, ისე კერძო სფეროში. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფას სახალხო დამცველი გაუწევს ზედამხედველობას. იგი დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად კანონმდებლობით განსაზღვრული მექანიზმებით იქნება აღჭურვილი. 

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განმარტებით, სახალხო დამცველი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და თანასწორობის შესახებ სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს. კანონპროექტში გათვალისწინებულია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციით დადგენილი პრინციპი, რომლის მიხედვით, დისკრიმინაციად არ ითვლება ფაქტობრივი თანასწორობის წასახალისებლად შემუშავებული სპეციალური და დროებითი ღონისძიებები. 
„კანონპროექტი არ ქმნის ახალ სამართლებრივ მატერიალურ უფლებებს, არამედ მიზნად ისახავს კანონმდებლობით უკვე დაცული უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას. პროექტში მოცემულია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დისკრიმინაციის კონკრეტული შემთხვევის იდენტიფიკაცია“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მოქმედ კანონმდებლობაში დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმების უმრვლესობა, ცალკეული გამონაკლისების გარდა, მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის დებულებებს შეიცავს და მათი დარღვევების სამართლებრივ შედეგებს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ვერ ხორციელდება დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმების, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლის პრაქტიკის იმპლემენტაცია. კანონში არ არის განსაზღვრული დისკრიმინაციის მსხვერპლისთვის დარღვეული უფლების აღდგენისა და შესაბამისი რეპარაციის მიღების შესაძლებლობები.

გალერეა