ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შშმ პირთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ონლაინ შეხვედრა გამართა

03 ივლისი 2020
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შშმ პირთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ონლაინ შეხვედრა გამართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოში დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში უკვე საბოლოო მოსმენით მიიღებს.

დიპლომატებთან გამართულ ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, ამავე კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და USAID- ის მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კანონპროექტის შექმნის პროცესი იყო რთული და კომპლექსური, კანონპროექტის შემუშავებაზე იუსტიციის სამინისტრომ იმუშავა, თუმცა მის საბოლოო სრულყოფაში მონაწილეობდნენ კანონმდებლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შშმ პირთა თემის წარმომადგენლები, მნიშვნელოვანი იყო დონორების მხარდაჭერა. ყველა ცალსახად აღნიშნავს, რომ კანონპროქტი, რომელიც ფართო ჩართულობის შედეგად შეიქმნა, ძალიან ბევრს სასიკეთო ცვლილებას მოიტანს შშმ პირთა უფლებების მიმართულებით, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის, მთლიანად ჩვენი საზოგადოებისთვის. განსაკუთრებით ბოლო წლებში, ხელისუფლების მხრიდან მრავალი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, თუმცა ვფიქრობ უდიდესი ნაბიჯი, ვიტყოდი მკვეთრი ნახტომი ამ მიმართულებით არის ის კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო და მესამე მოსმენით უკვე ერთ კვირაში ვუყრით კენჭს. ამ კანონპროექტისთვის იუსტიციის მინისტრს, მთელ მის გუნდს მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ვინაიდან არ იყო ადვილი ამ კანონპროექტის შემუშავება, რადგან ძალიან ბევრი საკითხი, ბევრი თემა არის ერთად თავმოყრილი და, რა თქმა უნდა, არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები და წარმოდგენილი პროექტი არის ძალიან დიდი მუშაობის შედეგი, რომელიც ერთობლივად მოვიტანეთ მესამე მოსმენამდე“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად გადაიდგმება ის ისტორიული ნაბიჯი, რომელსაც ჰქვია საქართველოში შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის მიღება.

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ისტორიულ მომენტთან, როდესაც დღე დღეზე საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით უყრის კენჭს საქართველოს კანონს შშმ პირთა შესახებ. ეს არის ის კანონი, რომელსაც შშმ პირთა თემი და არა მხოლოდ, მთელი ქვეყანა ელოდა ათეული წლების განმავლობაში. ამ კანონის მიღება პრაქტიკულად იყო ჩიხში შესული პროცესი ბევრჯერ, თუმცა ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თაოსნობით ჩვენ შევძელით, რომ სამუშაო ჯგუფი გაგვეცოცხლებინა და იუსტიციის სამინისტროში სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გვემუშავა კანონპროექტზე, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს და არა მხოლოდ შშმ პირებს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ის წინაპირობები შეახსენა, რაც კანონპროექტის შემუშავებას და ორი მოსმენით მიღებას ედგა წინ და აღნიშნა, რომ „დღევანდელი ღონისძიება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შევაჯამოთ ის შრომა რაც ყველმა ერთად გავწიეთ, და წარმატებები ვუსურვოთ ამ კანონის პროექტს, რომელიც მიღებული იქნება პლენარულ სხდომაზე და საფუძველს ჩაუყრის პრაქტიკულად რევოლუციურ ცვლილებებს ჩვენს რეალობაში თითოეული შშმ პირისთვის საქართველოში. საქართველო ამ კანონით გადავა სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე, რაც არის უმთავრესი ამ კანონში“.

დიპლომატებს კანონპროექტის შესახებ დეტალური პრეზენტაცია რატი იონათამიშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, ეს კანონი ერთობ საჭირო და აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რადგანაც მართლაც მნიშვნელოვან სამართლებრივ გარანტიებს იძლევა.

„ეს კანონი გააძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებს, გააძლიერებს თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე განსაზღვრავს კოორდინაციის მექანიზმებს სახელისუფლებო შტოებსა და უწყებებს შორის, ამიტომ მისი მიღება არის უმნიშვნელოვანესი თვითონ შშმ პირებისთვის. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, USAID - თვის, სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებისთვის გაგვეცნო მთავარი სიახლეები, რასაც მოიცავს ეს კანონი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტმა კანონპროექტი „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ მეორე მოსმენით მიმდინარე კვირაში მიიღო.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შშმ პირთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ონლაინ შეხვედრა გამართა, 2020 წლის 3 ივლისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შშმ პირთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ონლაინ შეხვედრა გამართა, 2020 წლის 3 ივლისი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შშმ პირთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ონლაინ შეხვედრა გამართა, 2020 წლის 3 ივლისი