ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

25 მარტი 2014
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში პარლამენტსა და არასამთავრობო სექტორს შორის მუდმივი კომუნიკაცია და მედიაცია წარმოადგენს იმ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის მთავარ მიზანს, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შეიქმნა. ამ საბჭოს პირველი სამუშაო სხდომა დღეს, თბილისში, იუსტიციის სახლში გაიმართა. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსლან პოღოსიანმა განაცხადა, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში სხვადასხვა კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება აღნიშნულ საბჭოში კომიტეტის ინიციატივით მოხდა და ამის მიზანს საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრაზე ერთობლივი ძალისხმევის წარმართვა წარმოადგენს. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქალთა და ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა, უმცირესობების, სოციალურად დაუცველთა უფლებების მიმართულებით, კონკრეტულ პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლოდ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის ფორმატზე, დასახეს სამოქმედო გეგმები. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები და იდეები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით და კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით. „ანალოგიური შეხვედრები დაგვეხმარება საზოგადოებიდან წამოსული წინადადებები საკანონმდებლო ინიციატივებად ვაქციოთ და პარლამენტის კომიტეტამდე მივიტანოთ“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თამჯდომარემ, იურისტმა იმედა დვალიძემ.  სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემდეგი შეხვედრა ინტეგრაციის საკითხებს დაეთმობა.