დღეს პარლამენტში შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა

03 აპრილი 2014
დღეს პარლამენტში შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა

 

ადამიანის უფლებათა დაცვის საპრალამენტო კომიტეტის სხდომაზე დღეს შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დეპუტატები მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის მოხსენებას უსმენდნენ.
შოთაძის გამოსვლა იმ ვიდეოკადრების ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც პროკურატირამ გუშინ, 2 აპრილს გაასაჯაროვა. მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებით, გამოძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის იმის დადგენა, პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი უკანონობას, ამ გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექცია", - განაცხადა შოთაძემ.
შოთაძემ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად შეაფასა თათუხაშვილის ადვოკატისა და ახლობლების მიერ კონკრეტული გამომძიებლების დადანაშაულება შალვა თათუხაშვილის წამებაში. შოთაძე თათუხაშვილის ოჯახის მიერ გამოძიებისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზად ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის გავლენას მიიჩნევს. "გამოძიება შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების დღიდან არ შეჩერებულა. ასევე, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების დღიდან გვაქვს მცდელობები, დავიბაროთ ოჯახის წევრები და დავკითხოთ, თუმცა ოჯახის წევრები უნდობლობას უცხადებენ გამოძიებას და არ ცხადდებიან გამოძიებაში. ამაში ვხედავ იმ ადამიანის ზეგავლენას, რომელიც პარალელურად არის დათა ახალაიას დამცველიც და, რომლის ინტერესებშიც შედის, ეჭვქვეშ დადგეს შალვა თათუხაშვილი ჩვენება", - განაცხადა შოთაძემ.
შოთაძემ თათუხაშვილის პროკურატურაში დაბარების დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის პროკურატურა არ არის ის შენობა, სადაც ხალხს აწამებენ, „რაც შეეხება პროკურატურის მხრიდან მასალების ნაწილის გასაჯაროებას, ეს საზოგადოების დიდი ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვართ, ნებისმიერ კითხვაზე გაგცეთ პასუხი. დღეს ზუსტად ამისთვის ვართ პარლამენტში,“- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელებმა შალვა თათუხაშვილის საქმეზე მთავარი პროკურორის მოადგილის მოხსენების მოსმენა არ ისურვეს და კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასვლა მოითხოვეს, თუმცა საკითხის მიმართ დიდი ინტერესის გამო, სხდომა ხმაურიან ვითარებაში მიმდინარეობდა. კომიტეტის თავმჯდომარემ არაერთხელ მოუწოდა დეპუტატებს წესრიგისკენ, რათა შესაძლებელი ყოფილიყო როგორც კითხვების თანმიმდევრული დასმა, ასევე მათზე პასუხის გაცემა. თუმცა ბოლოს კომიტეტის თავმჯდომარე იძულებული გახდა კომიტეტის სხდომა დაესრულებინა. „რამდენადაც არ მოხერხდა ნორმალურ ვითარებაში წარმართულიყო მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მოსმენა, სხდომას დასრულებულად ვაცხადებ, ხოლო თუ რა ფორმატში გავაგრძელებთ აღნიშნული საკითხის განხილვას, ამას უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.