პირველად ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ბავშვსა და ოჯახზე ორიენტირებული 250 სოციალური მუშაკი იმუშავებს

14 აპრილი 2020
პირველად ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ბავშვსა და ოჯახზე ორიენტირებული 250 სოციალური მუშაკი იმუშავებს

პირველად ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ბავშვსა და ოჯახზე ორიენტირებული 250 სოციალური მუშაკი იმუშავებს.

მასშტაბური პროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსისა“ და „სოციალური მუშაობის კანონის“ ფარგლებში მომზადდა და მასზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ იმუშავეს.

თვითმმართველობებისთვის სოციალური მუშაკების შერჩევა და გასაუბრება განვლილი 2 თვის განმავლობაში ჩატარდა.

13 აპრილიდან, კი, მათი პროფესიული გადამზადება დაიწყო, რომელსაც WORD VISION GEORGIA ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს.

პანდემიის გამო, პროფესიული გადამზადება, პირველ ეტაპზე, დისტანციურად მიმდინარეობს და მას მასწავლებლის სახლი უწევს კოორდინაციას.

სასერტიფიკატო პროგრამის მიზანია - სოციალური მუშაკებისთვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება, პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების მიღება.

სოფო კილაძის განცხადებით: „ძალიან მალე ქვეყანას ეყოლება 250 სოციალური მუშაკი, რომლებიც ადგილობრივ თითმმართველობებში იმუშავებენ მოწყვლად ოჯახებში და დაეხმარებიან მათ სხვადასხვა პრობლემასთან გამკლავებაში. სიღარიბე, ძალადობა, განათლება და ბევრი სხვა მიმართულება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რის დაძლევასაც ბევრი ძალისხმევა სჭირდება. ადგილებზე თვითმმართველობის სოციალური მუშაკები სწორედ ამაში დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდმა,: პარლამენტმა, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, განათლების სამინისტრომ. ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია ევროკავშირმა და WORLD VISION-მა, რისთვისაც თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის.“

გადამზადებას ჯამში 250 სოციალური მუშაკი გაივლის. აქედან 150 თბილისის მერიის დაქვემდებარებაში იქნება, 100 კი, საქართველოს სხვადასხვა თვითმმართველობებში გადანაწილდება.

გადამზადებული სოციალური მუშაკები საქმიანობას 2020 წლის 1 ივნისიდან შეუდგებიან, როდესაც „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ოფიციალურად ამოქმედდება.