საპარლამენტო კომიტეტებმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატს მოუსმინეს

26 ნოემბერი 2015
საპარლამენტო კომიტეტებმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატს მოუსმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა, გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს მთავრობის მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ირაკლი შოთაძეს მოუსმინეს.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ დეპუტატებს ირაკლი შოთაძის ბიოგრაფიული ცნობები გააცნო, რის შემდეგაც, მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, პროკურატურის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და სამომავლო საქმიანობის გეგმების შესახებ ისაუბრა.

როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, მისი არჩევის შემთხვევაში, საქართველოს მთავარი პროკურატურა გახდება გაცილებით გამჭვირვალე, დამოუკიდებელი და განვითარებული სტრუქტურა, რომელსაც ექნება სრული მხარდაჭერა, როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. „თუ მივიღებ თქვენ მხარდაჭერას, იქნება დიდი პატივი და ამასთანავე უდიდესი პასუხისმგებლობა და შანსი იმისა, რომ შევძლო ჩემი ხედვების, შეხედულებების ცხოვრებაში ინტეგრირება, პროკურატურის განვითარების მიზნით და დამოუკიდებლობის გამყარების მიზნით, რაც მე გამაჩნია. ვფიქრობ, თუ მე ამირჩევთ საქართველოს მთავარ პროკურორად, 6 წლის შემდეგ, რაც განსაზღვრულია ახალი ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურა გახდება გაცილებით გამჭვირვალე, დამოუკიდებელი და განვითარებული სტრუქტურა, რომელსაც ექნება სრული მხარდაჭერა, როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. მჯერა, რომ დღეს ჩვენ, ყველა ერთად, ვიწყებთ თანამედროვე პროკურატურის მშენებლობას, რომელსაც ქართული დემოკრატიული საზოგადოება იმსახურებს“, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, ერთ-ერთ გამოწვევად საზოგადოებაში პროკურატურის ნდობის ნაკლებობა დაასახელა, რაც მისი აზრით, სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. „ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წლების განმავლობაში ქვეყანაში გამეფებული ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა იყო, რომლის ფერხულში ჩაბმა თავის დროზე საქართველოს პროკურატურასაც მოუწია, რის შედეგადაც საზოგადოების თვალში ჩვენი სტრუქტურა იმ დამსჯელი მანქანის ერთ-ერთ მამოძრავებელ ელემენტად ჩამოყალიბდა, რომელსაც მაშინდელი მმართველი პოლიტიკური ელიტა თავისი მიზნებისთვის იყენებდა. უსამართლობის შეგრძნება, რომელიც მაშინდელი სამართალწარმოების პროცესში უპერეცედენტო სიმკაცრით, ადამიანის ძირითადი უფლებების უგულვებელყოფით იყო გამოწვეული, საზოგადოებში კვლავ საკმაოდ ღრმად არის დაბუდებული", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. მისივე თქმით, ეს იყო და დღესაც არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რაც არა მარტო საზოგადოების ცნობიერებაშია დალექილი, არამედ გამოხატულია ათასობით საჩივარ-განცხადებებში. „ეს საჩივარ-განცხადებები ჩვენი თანამოქალაქეების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სისტემური დარღვევის ფაქტებს ეხება და რომელთა გამოძიება და ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების აღდგენა, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა და ვალდებულებაა. ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურას ამ ეტაპისთვის დიდი სამუშაო აქვს განხორციელებული", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

როგორც მთავარი პროკურორობის კანდიდატმა განაცხადა, სისტემური უფლებების დარღვევაში ჩართულები იყვნენ მაშინდელი თანამდებობის პირები, რის შედეგადაც გამოძიებების ფარგლებში, დაწყებულია მრავალი სისხლის სამართლებრივი დევნა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, მათ შორის, ისეთი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, როგორიცაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მინისტრები, მერები და ა.შ. მისივე თქმით, ბევრი ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივი დევნასთან დაკავშირებით, საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა ფორმით გამოითქვა ეჭვები საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში შესაძლო პოლიტიკური გავლენის არსებობის შესახებ. „ვფიქრობ, რომ დღევანდელი პროკურატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედ ამ ეჭვების გაქარწყლებაა. იმის გაქარწყლება, რომ რეალურად ამ საქმეებს არანაირი შემხებლობა არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური დევნასთან და სახეზეა უბრალოდ კრიმინალი, რომელზე რეაგირება და ადეკვატური პასუხის გაცემა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მთავარი პროკურორობის კანდიდატს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაგრძელება და გაძლიერება მიაჩნია. მისივე თქმით, ამ მიზნით 2015 წლის მარტში, საქართველოს პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა. „აღნიშნული დეპარტამენტი ორიენტირებულია იმ საჩივარ-განცხადებებზე და დანაშაულებრივ ფაქტებზე მოახდინოს რეაგირება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდეა მომხდარი და რომელზეც საქართველოს პროკურატურაში შემოსულია ათასობით განცხადება-საჩივარი. ეს განცხადებები ძირითადად ეხებოდა საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებს და ეს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ დეპარტამენტის ასევე ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია ისეთი ძალადობრივ- დანაშაულებრივი ფაქტების გამოიძიება, როდესაც ადგილი ჰქონდა ადამიანების წამებას, მათ მიმართ არადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას, ხშირ შემთხვევაში მკვლელობას და სხვა დანაშაულებრივ ქმდებებს", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. მისივე თქმით, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე მკვლელობის, ცემა-წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სხვა ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა 115 პირის მიმართ დაიწყო, აქედან 79 პირის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მისივე ინფორმაციით, ამჟამად პროკურატურის სისტემაში ცემა-წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სხვა ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით 123 სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება.
ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, კანონიერ მესაკუთრეებს დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეული ქონება უკვე დაუბრუნდათ. მისივე ინფორმაციით, ახალ დეპარტამენტში ამ დროისთვის 700-მდე განცხადებაა შესული, რომელიც ქონების ჩამორთმევის ფაქტებს ეხება და 4 ათასამდე განცხადება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, მათ შორის ძალადობის ფაქტებს უკავშირდება. ირაკლი შოთაძის განმარტებით, დაგეგმილია ახალი დეპარტამენტის კიდევ უფრო გაძლიერება.

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა განაცხადა, რომ 2014-2015 წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა იძულების და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკის საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით. მისი მონაცემებით, სრულწლოვანი პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების მაჩვენებლმა 50%-დან 30%-მდე დაიკლო. გარდა ამისა, დაიხვეწა და გაცილებით გამჭირვალე გახდა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, ხოლო საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების მაჩვენებლი შემცირდა.

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა დეპუტატებს პროკურატურის შიდა ინსტუტუციონალური რეფორმირებასთან საკუთარი მოსაზრებები გააცნო და აღნიშნა, რომ პროკურატურის და პროკურორების დამოუკიდებლობის ამაღლებისათვის საჭიროა შეფასების ობიექტური სისტემის დანერგვა, როდესაც პროკურორების წახალისება და დასჯა არ იქნება დამოკიდებული მენეჯერის შეხედულებაზე მხოლოდ, არამედ დამოკიდებული იქნება თითოეული მუშაკის მიერ გაწეული შრომის ხარისხსა და მოცულობაზე. „მინდა გითხრათ, რომ შეფასების სისტემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ეს იქნება ელექტრონული სტატისტიკური მოდელი, თუმცა, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება ის კრიტერიუმებიც, რომელიც ვერ და არ შეიძლება მოცემული იყოს სტატისტიკით - როგორიც არის საქმეების სირთულე, მოცულობა, რეზონანსულობა და ა.შ. თანამედროვე ეტაპზე ჩვენ არ გვჭირდება ხელმღვანელის უსიტყვოდ მორჩილი პროკურორი, ჩვენი მიზანია მივიღოთ მრავლად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე დამოუკიდებელი პროფესიონალი პროკურორები“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება პროკურატურის სისტემაში კოლეგიური საკონსულტაციო ორგანოს, საბჭოს შექმნა, სადაც, დისკუსიის ფარგლებში, მოხდება პროკურორთა მხრიდან დისციპლინარული დარღვევების შეფასება და სასჯელის ზომის განსაზღვრა, ასევე, გამორჩეული პროკურორების მიმართ წახალისების ზომების, მათ შორის, დაწინაურების საკითხების განხილვა, რეკომენდაციების შემუშავება და გადაწყვეტილებების მიღება.

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა პროკურატურაში კადრების მოზიდვის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ: „ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია და პროკურატურაში აპრობირებულია სტაჟირების პროგრამა, რომელიც დღესდღეობითაც გრძელდება და რომლითაც უკვე წლებია პროკურატურის რიგების შევსება ხდება ახალგაზრდა პროკურორებითა და გამომძიებლებით, რომელთა პრაქტიკული და თეორიული სწავლებით მრავლად მივიღეთ პროფესიონალი პროკურორები და გამომძიებლები".

ირაკლი შოთაძის განცხადებით, კანონმდებლობის ლიბერალიზაციაზე საუბრისას, აუცილებელია ოქროს შუალედის პოვნა. „პროკურატურის ავტორიტეტის ასამაღლებლად, ასევე, საჭიროა ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება არა მარტო კანონთან იყოს შესაბამისობაში, არამედ, იყოს სამართლიანი. ბოლო პერიოდში, ხშირად გამოითქმის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა იყოს ლიბერალური. ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული, თუმცა, ყურადღება უნდა გამახვილდეს არამარტო ლიბერალიზაციაზე, არამედ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებაც მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. საპოვნია ოქროს შუალედი“, - აღნიშნა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა. მისივე თქმით, თითოეულ მოქალაქეს უნდა გაუჩნდეს რწმენა, რომ პროკურორები მათი თანამოაზრეები და დამცველები არიან.

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა კომიტეტების წევრების შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც შეეხებოდა წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელებას, ყალბი დოკუმენტებით ჩვილების საზღვარზე გადაყვანის საქმეებს, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების დაჩქარების საკითხებს, პარლამენტის წინაშე პრუკურატურის ანგარიშვალდებულებას, რეზონანსული სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო პროცესებს და სხვა.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა ფარული კენჭისყრები ჩაატარეს. ორივე საპარლამენტო კომიტეტმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევას მხარი დაუჭირა.

საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვის შემდეგ კომიტეტებმა დღის წესრიგში არსებული საკითხებიც განიხილეს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა და მხარი დაუჭირა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. კანონპროექტის მიხედვით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მისაღები კანდიდატი კურსანტის სტატუსის მინიჭებამდე დაექვემდებარება სპეციალურ შემოწმებას. გარდა ამისა, განისაზღვრება მოსამსახურეთა გადაყვანისა და სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა შესრულების წესები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტს ეხება. კომიტეტის წევრებმა საკანომდებლო პაკეტიდან სამი კანონპროექტის: „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს, ხოლო „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიმართონ პლენარულ სხდომას მისი მეორე მოსმენის რეჟიმში დაბრუნების შესახებ. კომიტეტი აღნიშნულ კანონპროექტში, საკითხით დაინტერესულ მხარეებთან შეხვედრის შემდეგ, გარკვეული ცვლილებების შეტანას გეგმავს.

გალერეა

  • საპარლამენტო კომიტეტებმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურას მოუსმინეს, 2015 წლის 26 ნოემბერი
  • საპარლამენტო კომიტეტებმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურას მოუსმინეს, 2015 წლის 26 ნოემბერი
  • საპარლამენტო კომიტეტებმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურას მოუსმინეს, 2015 წლის 26 ნოემბერი