საქართველოს პარლამენტის წევრებმა ეროვნული საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კარლჰაინც კოპფთან შეხვედრა გამართეს

21 თებერვალი 2018
საქართველოს პარლამენტის წევრებმა ეროვნული საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კარლჰაინც კოპფთან შეხვედრა გამართეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ავსტრია-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, სოფო კილაძემ და ამავე კომიტეტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კარლჰაინც კოპფთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს კარლჰაინც კოპფის ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც მან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში გამოხატა. ავსტრიელმა პარლამენტის წევრმა, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა და საქართველოს მეგობარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი და მისი პარტიის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ასევე, საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით ხაზგასმულ იქნა საკონსტიტუციო რეფორმა ადამიანის უფლებების ჭრილში და ამ რეფორმით გათვალისწინებული ძირითადი სიახლეები და მისი მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული და სამართლებრივი განვითარების გზაზე. ავსტრიის პარლამენტის წევრს მიეწოდა ინფორმაცია მართლმსაჯულების რეფორმასა და იმ მნიშვნელოვან შედეგებზე, რომლის შესახებ აღნიშნულია სხვადასხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში. საუბარი, ასევე შეეხო პენიტენციური სისტემისა და სხვა რეფორმებს, რომელთაც გააუმჯობესეს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა ავსტრიულ მხარეს გააცნეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აქტივობები, განსაკუთრებით კომიტეტის ინიციატივები, რომელიც უკავშირდება სოციალური მუშაკის ინსტიტუტის ფართომასშტაბიან რეფორმას, ბავშვთა კოდექსს და სხვა. 

ვიზიტი ხორციელდება ავსტრიის რესპუბლიკაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მაკა ბოჭორიშვილისა და საელჩოს დესპანის, გიორგი ტაბატაძის მხარდაჭერით.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტის წევრებმა ეროვნული საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კარლჰაინც კოპფთან შეხვედრა გამართეს, 2018 წლის 21 თებერვალი