შალვა კიკნაველიძე: „დღევანდელმა დღემ ნათლად წარმოაჩინა, როგორ მუშაობს საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმი“

04 ივნისი 2020
შალვა კიკნაველიძე: „დღევანდელმა დღემ ნათლად წარმოაჩინა, როგორ მუშაობს საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმი“

„პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულდა“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა კიკნაველიძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშები მოისმინეს.

ანგარიშებით დეპუტატების წინაშე რამდენიმე უწყება წარდგა.

„სახალხო დამცველის აპარატთან წარმომადგენლებთან ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად ვთანამშრომლობთ არა მარტო რეკომენდაციების შესრულების კუთხით, არამედ სხვა მიმდინარე საკითხებზე, რათა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზარდოს. რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ, რომ თვისობრივად და ხარისხობრივად ახალ დონეზე გადავიდეთ და ჩვენს მოქალაქეებს მყარი გარანტიები ჰქონდეთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა. მან დეტალურად ისაუბრა თითოეული რეკომენდაციის შესაბამისად მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.

იუსტიციის სამინისტროს მიერ რეკომენდაციების შესრულების ანგარიში დეპუტატებს მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ გააცნო.

„მივესალმებით მსგავსი ფორმატების არსებობას. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს სხვადასახვა უწყებების კოორდინირებას ხელი შეეწყოს და გაცილებით ეფექტიანი იყოს თითოეული იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების გასაუმჯობესებლად და იმისათვის, რომ საქართველო ამ მიმართულებით იყოს მოწინავე სახელმწიფო მსოფლიოში. ეს ის პრინციპია, რომელსაც ეფუძნება იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომელიც ეხება პენიტენციურ სისტემას და ამ სფეროში ადამიანის უფლებების დაცვას, როგორც ყველაზე სენსიტიურ სფეროს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, სერიოზული მიდგომა სჭირდება თითოეული რეკომენდაციის მიხედვით მიღბული გადაწყვეტილებების აღსრულებას, რომელიც არ არის სწრაფი და მყისიერი პროცესი. მისივე განმარტებით, ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი მოიაზრებს პროცესის დაწყებას და განვითარებას იმგვარად, რომ შედეგიანი და ნაყოფიერი იყოს ამ მიმართულებით მუშაობა, რათა პიროვნების უფლებების დაცვის სტანდარტი გაუმჯობესდეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ რეკომენდაციების აღსრულების შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა ისაუბრა.

„ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ რეკომენდაციებს და გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ამ მიმართულებით და არამარტო ამ მიმართულებით. რეკომენდაციებიდან 23 ეხებოდა საქართველოს პროკურატურას, 10 რეკომენდაცია იყო სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეებზე ინფორმაციის მოთხოვნა, ხოლო 13 ისეთ საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა ქალათა მიმართ ძალადობა დაოჯახში ძალადობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები, სიცოცხლის უფლების დაცვა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულები. ჩვენი მხრიდან რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია, დანარჩენზე ვმუშაობთ მუდმივ რეჟიმში“, - განაცხადა ნათია მერებაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეკომენდაციების შესრულების ანგარიში დეპუტატებს მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა გააცნო.

„სამინისტროს მიმართ 25 რეკომენდაცია იქნა გაცემული, რომელთა უმეტესობა შესრულებულია, ნაწილი კი შესრულების პროცესშია. ერთეულ რეკომენდაციებთან, რომელიც არ შესრულდა, გვაქვს დასაბუთებული პოზიცია“, - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.მან თითოეული რეკომენდაციის შესახებ ისაუბრა. „ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას მჭიდრო თანამშრომლობაზე. კომუნიკაციის პრობლემა არც აქამდე გვქონია იმ დიადი მიზნის მისაღწევად, რაც უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდაციების შესრულების ანგარიში მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარმოადგინა.

მან ისაუბრა ოთხი მიმართულებით: ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა, დასაქმება (შრომის ინსპექტირება) და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები, განსაკუთრებით, განსახლების ნაწილში. მისი ინფორმაციით, რეკომენდაციბის დიდი ნაწილი შესრულებულია, ხოლო დანარჩენი შესრულების პროცესშია.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა კომიტეტის წევრებს მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ თითეოული მიმართულებით გააცნო. მან ასევე ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც რეკომენდაციების აღსრულებასთან კავშირშია. „შეიძლება რეკომენდაციების 100% ვერ შევასრულეთ, მაგრამ რეკომენდაციები ჩვენთვის ღირებულია და მათი გარკვეული ნაწილის აღსრულება დროშია გაწერილი“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის მოსმენის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ისაუბრა.
მისი თქმით, წელს პირველად მომზადდა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, რომელშიც შეფასებულია პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე სახელმწიფო უწყებებისგან დავალებების შესრულების მდგომარეობა.

„ანგარიში მომზადდა უწყებებიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციების, საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალისა და სახალხო დამცველის მონიტორინგის ვიზიტების საფუძველზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისი ინფორმაციით, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშისას სახელმწიფო უწყებებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს 310 რეკომენდაცია მიეცა. მისივე განცხადებით, პარლამენტმა სახალხო დამცველის რეკომენდაციების 78% გაიზიარა და ასახა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო წინა წლების მაჩვენებლებთან შედარებით.

„იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია წელსაც და მომავალ წელსაც გაგრძელდება“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, პარლამენტმა არ გაიზიარა 60 რეკომენდაცია, რომელთა შესრულების მხრივ დაბალი მაჩვენებელია და მათგან მხოლოდ 2 შესრულდა უწყებების მიერ. მან თანმიმდევრულად თითოეული უწყების მიერ შესრულებული დავალებები შეაფასა.

უმრავლესობის წარმომადგენლის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, ძალიან კარგია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები სრულდება. „კარგია, როცა ვსაუბრობთ საპატიემროებში არაგადამდებ დაავადებათა სკრინინგზე, ასევე, ელექტრონული მეთვალყურეობის ვიდეო ჩანაწერების შენახვის ხანგრძლივობის გაზრდაზე, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით პრევენციის მაქსიმალურ შესაძლებლობას მოგვცემს“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.

პარლემენტის წევრმა, ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ მისასალმებელია, სახალხო დამცველის რეკომენდაციების 78% -ის პარლამენტის მიერ გაზიარება და ასახვა დადგენილებაში.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა აღნიშნული პროცესის მნიშვენლობა შეაფასა.

„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს ფორმატი სწორედ ჩვენი დანერგილია. სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე პარლამენტი დადგენილებას იღებს და ფაქტობრივად, კონკრეტულ სამინისტროებს და სახელმწიფო უწყებებს ავალებს რეკომენდაციები შეასრულონ. ჩვენ უწყებების მხრიდან ვისმენთ ანგარიშს და ვეცნობით ამ დავალებების, რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას. ერთი მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის და კონტროლის მექანიზმები განვითარდეს და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ასევე სახალხო დამცველი, როგორც ინსტიტუტი იყოს ძალიან ძლიერი, რაც ყოვეთვის ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა უნდა იყოს, ამიტომ ეს პროცესი საინტერესო და უნიკალურია. მე ვხედავ და დღევანდელი მოსმენებიც მაძლევს ამის საფუძველს, რომ საკმაოდ ბევრი რეკომენდაცია შესრულებულია, ასევე ჩვენ 2018 წლის ანგარიშის საფუძველზე, რეკორდული - რეკომენდაციების 85% გავიაზრეთ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დიმიტრი მხეიძემ დადებითად შეაფასა როგორც სახალხო დამცველის, ასევე თითოეული უწყების მუშაობა. მან მართლმადიდებლური ხატებისა და წმინდანების შეურაცხყოფის თაობაზე სახალხო დამცველისგან მკაცრი რეაგირებები მოითხოვა.

სახალხო დამცველისა და შესაბამისი უწყებების მხრიდან დეპუტატების დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შალვა კიკნაველიძემ აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უახლოეს მომავალში იგეგმება.

„შეხვედრაზე ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც იქნებიან მოწვეული. შესაბამისად, ყველა ის რეკკომენდაცია, რომელიც გაცემულია პარლამენტთან მიმართებაში, განხილული და დამუშავებული იქნება. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, რაც მუშაობის პროცესში კიდევ უკეთ გამოჩნდება“, - მიმართა შალვა კიკნაველიძემ სახალხო დამცველს. მისი შეფასებით, დღევანდელი დღე საინტერესო, საქმიანი და ნაყოფიერი იყო.

„დღევანდელმა დღემ ნათლად გამოაჩინა, როგორ მუშაობს საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმი - რამდენი პრობლემა, სირთულე და გამოწვევაა დადებითად გადაწყვეტილი“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გალერეა

  • შალვა კიკნაველიძე: „დღევანდელმა დღემ ნათლად წარმოაჩინა, როგორ მუშაობს საპარლამენტო ზედამხედველობის მექნიზმი“, 2020 წლის 4 ივნისი
  • შალვა კიკნაველიძე: „დღევანდელმა დღემ ნათლად წარმოაჩინა, როგორ მუშაობს საპარლამენტო ზედამხედველობის მექნიზმი“, 2020 წლის 4 ივნისი
  • შალვა კიკნაველიძე: „დღევანდელმა დღემ ნათლად წარმოაჩინა, როგორ მუშაობს საპარლამენტო ზედამხედველობის მექნიზმი“, 2020 წლის 4 ივნისი
  • შალვა კიკნაველიძე: „დღევანდელმა დღემ ნათლად წარმოაჩინა, როგორ მუშაობს საპარლამენტო ზედამხედველობის მექნიზმი“, 2020 წლის 4 ივნისი
  • შალვა კიკნაველიძე: „დღევანდელმა დღემ ნათლად წარმოაჩინა, როგორ მუშაობს საპარლამენტო ზედამხედველობის მექნიზმი“, 2020 წლის 4 ივნისი
  • შალვა კიკნაველიძე: „დღევანდელმა დღემ ნათლად წარმოაჩინა, როგორ მუშაობს საპარლამენტო ზედამხედველობის მექნიზმი“, 2020 წლის 4 ივნისი
  • შალვა კიკნაველიძე: „დღევანდელმა დღემ ნათლად წარმოაჩინა, როგორ მუშაობს საპარლამენტო ზედამხედველობის მექნიზმი“, 2020 წლის 4 ივნისი
  • შალვა კიკნაველიძე: „დღევანდელმა დღემ ნათლად წარმოაჩინა, როგორ მუშაობს საპარლამენტო ზედამხედველობის მექნიზმი“, 2020 წლის 4 ივნისი
  • შალვა კიკნაველიძე: „დღევანდელმა დღემ ნათლად წარმოაჩინა, როგორ მუშაობს საპარლამენტო ზედამხედველობის მექნიზმი“, 2020 წლის 4 ივნისი
  • შალვა კიკნაველიძე: „დღევანდელმა დღემ ნათლად წარმოაჩინა, როგორ მუშაობს საპარლამენტო ზედამხედველობის მექნიზმი“, 2020 წლის 4 ივნისი