სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის სანქციები მკაცრდება

15 აპრილი 2014
სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის სანქციები მკაცრდება

სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის სანქციები მკაცრდება. მთავრობა პირადი ცხოვრების პატივისცემის უზრუნველყოფას და ამ უფლებაში თვითნებური ჩარევის პრევენციის ინიციატივით გამოდის. ცვლილებები, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში შედის, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. 157-ე მუხლის დისპოზიციაში შედის „პირადი ცხოვრების ამსახელი ინფორმაცია“ და „პერსონალური მონაცემები“. როგორც სხდომაზე აღინიშნა, გადამუშავდა 157-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მაკვალიფიცირებული გარემოებები გაიყო ორ ნაწილად, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და დამახასიათებელი ზიანის ხარისხიდან გამომდინარე.

სხდომაზე კომიტეტის ბოლო 55 სხდომაზე დეპუტატთა დასწრება-გაცდენის სტატისტიკა განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, სტატისტიკის თანახმად, კომიტეტის სხდომებს ყველაზე ხშირად უმცირესობის წევრები აცდენენ.
"სამწუხაროდ, ძალიან მაღალია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა. 55 სხდომიდან 36 სხდომას არ ესწრება ოპოზიციის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი, აქედან - 25 არასაპატიოა. განსაკუთრებით იმ კოლეგების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომლებიც ამბობენ, რომ ქუთაისში პარლამენტის მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისში გამართულ საკომიტეტო სხდომებს ესწრებოდნენ. საპარლამენტო სესია ვერ გაიმართება, თუ კომიტეტის სხდომები არ ჩატარდა", - აღნიშნა ბესელიამ. დეპუტატის თქმით, გაცდენების ამსახველი დოკუმენტი შესაბამის სამსახურს გაეგზავნება, რომელიც პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატებისთვის ფინანსურ სანქციებზე იმსჯელებს.
კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მოქმედი კანონმდებლობა გენდერული თანასწორობის დაცვაზე მხოლოდ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებებს ითვალისწინებს ზედამხედველობის კუთხით. კანონპროექტით კი ხდება ავტონომიურ რესპუბლიკებთან მიმართებაში არსებული საკანონმდებლო ვაკუუმის შევსება.
დღესვე კომიტეტის სხდომაზე „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები განიხილეს.

გალერეა

  • adamianis_uflebebi.jpg