სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიის დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრებს აგრძელებენ

20 თებერვალი 2018
სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიის დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრებს აგრძელებენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ავსტრია-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფო კილაძე და ამავე კომიტეტის წევრი, ანრი ოხანაშვილი, ავსტრიის რესპუბლიკის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის და ცენტრალურევროპული ინიციატივის დეპარტამენტის დირექტორ კატარინა ვიზერთან და ამავე სამინისტროს ადამიანის უფლებათა და ეთნიკური ჯგუფების დეპარტამენტის უფროს გერჰარდ დუიაკთან.

მხარეებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. მასპინძელი მხარის განცხადებით, ავსტრიის რესპუბლიკა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

საუბარი შეეხო ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს და იმ მნიშვნელოვან სიკეთეს, რითაც სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ფარგლებში.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა ავსტრიულ მხარეს გააცნეს ის პროგრესი, რომელიც სახეზეა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ბოლო წლებში.

განსაკუთრებულად აღინიშნა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ დადებითად არის შეფასებული და რომელიც, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მყარ გარანტიებს ითვალისწინებს. საუბარი შეეხო, ასევე, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მნიშვნელობასა და მიღწევებს, რომლის საფუძველზეც საგრძნობლად გაუმჯობესდა ადამიანის უფლებების დაცვის შესაძლებლობა ქვეყანაში და რომელიც აისახა ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში.

დადებითად შეფასდა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები, სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაუმჯობესებისაკენ გადადგმული ნაბიჯები, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული პროგრესი, ისევე როგორც გამჭვირვალედ ჩატარებული თავისუფალი არჩევნები.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება ადამიანის უფლებების მიმართულებით, ის ღონისძიებები, რომლებიც იგეგმება საქართველოს ხელისუფლების მიერ უახლოეს მომავალში და არის მიმართული ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ვიზიტი ხორციელდება ავსტრიის რესპუბლიკაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მაკა ბოჭორიშვილისა და საელჩოს დესპანის, გიორგი ტაბატაძის მხარდაჭერით.

გალერეა

  • სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიის დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრებს აგრძელებენ, 2018 წლის 20 თებერვალი
  • სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიის დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრებს აგრძელებენ, 2018 წლის 20 თებერვალი