სოფო კილაძემ ნაძალადევის N17-ე მაჟორიტარულ ოლქში ექვსთვიანი ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო

18 ივნისი 2017
სოფო კილაძემ ნაძალადევის N17-ე მაჟორიტარულ ოლქში ექვსთვიანი ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ნაძალადევის N17-ე მაჟორიტარული ოლქის დეპუტატმა, სოფო კილაძემ ბიუროს გახსნიდან დღემდე - 6 თვის საქმიანობის ამსახველი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღნიშნულ ოლქში მცხოვრები მოქალაქეები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, სოფო კილაძემ 6 თვის განმავლობაში კონსულტაცია გაუწია 1000-ზე მეტ ამომრჩეველს, სხვადასხვა სტრუქტურებში ოფიციალურად უშუამდგომლა 300-ზე მეტ მოქალაქეს, მოაწყო 6 გასვლითი ღონისძიება მოსახლეობაში.

„სოციალური პრობლემების გადაჭრის ფარგლებში, ვეხმარებით მოქალაქეებს მედიკამენტების, ოპერაციების და სხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების კუთხით თბილისის მერიასთან, ნაძალადების რაიონის გამგეობასთან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს შესაბამისი სტატუსის მინიჭებასა და პრობლემების მოგვარებაში, ხელს ვუწყობთ საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფაში, ასევე, სხვა ტიპის თავშესაფრით უზრუნველყოფაში“,- აღნიშნა სოფო კილაძემ. მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები სოციალური პრობლემების მოგვარება, ინფრასტრუქტურულ პროექტბზე შუამდგომლობა და ახალგაზრდობის განვითარებაზე ზრუნვაა.

სოფო კილაძემ ისაუბრა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მან დაასახელა მაჟორიტარული ოლქის ის ქუჩები, სადაც გზები შეკეთდა, სკვერების რეაბილიტაცია მოხდა, სადრენაჟე-სანიაღვრე ქსელები შეკეთდა, შენობა-ნაგებობების კედლები გამყარდა. მან ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე. „ვშუამდგომლობთ პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და შეწყალებასთან დაკავშირებით, ვშუამდგომლობთ, ასევე, სასამართლოში, პროკურატურაში, შსს და სხვა შესაბამის უწყებებში“, - განაცხადა სოფო კილაძემ. მან საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. „მოვაწყვეთ სოციალური იდეების სტუდენტური კონკურსი „გახადე შენი ქალაქი უკეთესი“ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად“ . მისი თქმით, მაჟორიტარის ბიურომ ოლქის ყველა სკოლაში ჩაატარა ტრენინგები ადამიანის უფლებების თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციასთან - დემოკრატიის განვითარების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. მისივე თქმით, მოეწყო სკოლის მოსწავლეთა საპარლამენტო ექსკურსიები.

სოფო კილაძემ ისაუბრა საქველმოქმედო ღონისძიებებზე, რომელიც მაჟორიტარულ ოლქში საანგარიშო პერიოდში განხორციელდა. მისი ინფორმაციით, მოეწყო ბავშვების ნახატების გამოფენა-გაყიდვა სოცილაურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად. ნახატების ავტორები სოფო კილაძემ დღევანდელ ღონისძიებაზე მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. საქველმოქმედო ღონისძიებებს შორის დაასახელა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ჩატარებული აქცია „ბავშვები ბავშვებისთვის“ და საახალწლო ღონისძიება.

პრეზენტაციისას სოფო კილაძემ ყურადღება გაამახვილა ორ საკითხზე: ქორწინების თემასა და მიწის თემაზე. „ვფიქრობ, ორივე მათგანი ნაწილია იმ საუნჯისა, რომელიც, როგორც დიდი ილია ამბობდა, წილად გვხვდა მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. ეს არის ჩვენი ტრადიცია, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი, ეს არის ის, რასაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და გადავცეთ ჩვენს შვილებს. არ გვაქვს უფლება სხვაგვარად მოვიქცეთ, არ გვაქვს იუფლება გავანიავოთ და გავაჩანაგოთ ეს ყველაფერი. მე ვამაყობ იმით, რომ ეროვნული ღირებულებების და ფასეულობების მატარებელმა „ ქართულმა ოცნებამ“ და მათ შორის მეც, მხარი დავუჭირეთ ამ ფასეულობების შენარჩუნებას“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

სოფო კილაძემ ისაუბრა ინიციატივებზე, რომელზეც აქტიურად აგრძელებს მუშაობას: ბავშვის კოდექსზე, სოციალური მუშაკის ინსტიტუციის გაძლიერებასა და დასაქმების პოლიტიკაზე. მაჟორიტარმა დეპუტატმა სამომავლო გეგმებიც გააცნო ამომრჩეველს და დასაქმების ფორუმის, განათლებისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის, ინფრასტრუქტურული პროექტების, სპორტული ღონისძიებების მიმართულებით არსებულ პერსპექტივებზე ისაუბრა.

სოფო კილაძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებთანაც მაჟორიტარის ბიური მჭიდროდ თანამშრომლობს საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად: NDI-ს, დემოკრატიის განვითარების სააგენტოს, WorldVision-ს, CaritasGeorgia-ს. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა თბილისის მერიასა და ნაძალადევის რაიონის გამგეობას, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესურასა და სტუდენტებს, სამაჟორიტარო ოლქის ტერიტორიაზე მოქმედ საწარმოებს, როგორებიცაა: „ტკბილი ქვეყანა“, „ ლიკა“, „ ლოტკინის პურის ქარხანა“, „ლუდსახარში შავი ლომი“, რომლებიც საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.

სოფო კილაძემ ნაძალადევის N17-ე მაჟორიტარული ოლქის მოსახლეობას მიმართა: „კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ნდობისთვის, რომელიც გამოგვიცხადეთ 2016 წლის საპარლამენტი არჩევნებში. გპირდებოდით, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად თქვენ გვერდით ვიქნებოდი. თითოეული თქვენგანისთვის ჩვენი კარი ღიაა. როგორც შეგვიძლია, თქვენ გვერდით ვართ და გეხმარებით პრობლემების მოგვარებაში. ვიცი, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს ფინანსურად უჭირს, სწორედ ამიტომ დასაქმება და სოციალური საკითხების გადაჭრა არის ჩვენი პრიორიტეტი, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ და ისეთ საქართველოს ავაშენებთ, სადაც ჩვენი შვილები გაცილებით უკეთესად იცხოვრებენ“.

სოფო კილაძის, როგორც აქტიური და ერთ-ერთი სანიმუშო მაჟორიტარი დეპუტატის მუშაობა დადებითად შეაფასეს პარლამენტის წევრებმა: მამუკა მდინარაძემ, ანრი ოხანაშვილმა, მარიამ ჯაშმა, ენძელა მაჭავარიანმა, გიორგი ხატიძემ, გიორგი ეზუგბაიამ. დეპუტატებმა ყურადრება გაამახვილეს მაჟორიტარისმიერ ანგარიშის მოსახლეობისთვის ჩაბარების მნიშვნელობაზე. 

წინასაარჩევნოდ ჩვენ ვპირდებოდით ამომრჩეველს, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმებოდა ჩვენი მხრიდან, საზოგადოებისთვის იქნებოდა ჩაბარებული ანგარიშის სახით. მაჟორიტარები, ვინც უშუალოდ არჩეულები არიან საზოგადოების მიერ, გეგმავენ, რომ ამას ჰქონდეს სისტემატური ხასიათი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და საზოგადოება კურსში დგება ნელ-ნელა, რა ხდება ქვეყანაში სინამვილეში,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 

პრეზენტაციის შემდეგ სოფო კილაძემ ოლქის მოსახლეობის წარმომადგენელთა მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. მოქალაქეებმა მადლობა გადაუხადეს მაჟორიტარ დეპუტატს იმ აქტოვობებისთვის, რაც მან ოლქის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის 6 თვის მანძილზე განახორციელა.

გალერეა

  • სოფო კილაძემ ნაძალადევის N17-ე მაჟორიტარულ ოლქში ექვსთვიანი ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო, 2017 წლის 18 ივნისი
  • სოფო კილაძემ ნაძალადევის N17-ე მაჟორიტარულ ოლქში ექვსთვიანი ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო, 2017 წლის 18 ივნისი
  • სოფო კილაძემ ნაძალადევის N17-ე მაჟორიტარულ ოლქში ექვსთვიანი ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო, 2017 წლის 18 ივნისი
  • სოფო კილაძემ ნაძალადევის N17-ე მაჟორიტარულ ოლქში ექვსთვიანი ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო, 2017 წლის 18 ივნისი
  • სოფო კილაძემ ნაძალადევის N17-ე მაჟორიტარულ ოლქში ექვსთვიანი ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო, 2017 წლის 18 ივნისი
  • სოფო კილაძემ ნაძალადევის N17-ე მაჟორიტარულ ოლქში ექვსთვიანი ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო, 2017 წლის 18 ივნისი
  • სოფო კილაძემ ნაძალადევის N17-ე მაჟორიტარულ ოლქში ექვსთვიანი ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო, 2017 წლის 18 ივნისი