სოფო კილაძემ ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი მოინახულა

06 მარტი 2020
სოფო კილაძემ ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი მოინახულა

სოფო კილაძემ ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში, ხაშურის ცენტრში ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი მოინახულა. ის 24 წლის პაციენტის მკურნალ ექიმს გაესაუბრა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნო. 

სოფო კილაძის განცხადებით: „პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ის რაც დღეს ვნახე არის უმძიმესი. მინდა საზოგადოებას, და განსაკუთრებით, მამაკაცებს მივმართო, აიმაღლონ ხმა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ ამ თემაზე უმეტესად ქალები საუბრობენ. სანამ საქართველოში მეზობლები, მშობლები ან ნათესავები ქალთა მკვლელობებს ამართლებენ და მსხვერპლისკენ იშვერენ ხელს, მანამდე მხოლოდ კანონი და სამართალდამცავები ვერაფერს გახდებიან. საჭიროა საზოგადოება და სახელმწიფო ერთდროულად ჩაერთოს ფემიციდთან ბრძოლაში. მინდა მედიასაც მივმართო, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინოს ამ თემის სენსიტიურობა. არ შეიძლება ასეთი ძალადობის შემცველი კადრების ჩვენება, შესაძლოა ასეთი მედიაგაშუქება ახალი ძალადობის მაპროვოცირებელი გახდეს.

ჩვენ, ასევე, საკანონმდებლო დონეზე ვმუშაობთ კანონის გამკაცრებაზე, მათ შორის, ჩვენმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ელექტრონული სამაჯურების შესახებ მთავრობის ინიციატივას. არ გამოვრიცხავ სასჯელის კუთხითაც მოხდეს კანონის გამკაცრება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

გალერეა

  • სოფო კილაძემ ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი მოინახულა, 2020 წლის 6 მარტი
  • სოფო კილაძემ ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი მოინახულა, 2020 წლის 6 მარტი
  • სოფო კილაძემ ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი მოინახულა, 2020 წლის 6 მარტი