თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების უფროსის მიერ სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვის ახალი სახის შემოღება ხდება

03 აპრილი 2014
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების უფროსის მიერ სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვის ახალი სახის შემოღება ხდება

 

პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ იმ პირობით მსჯავრდებულთა აღსასრულებელი სამართლებრვი აქტის წარმოებაში მიღების პროცედურა იცვლება, რომელთაც საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ ან მათი საცხოვრებელი ადგილი ემთხვევა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით დადგენილ ტერიტორიას.
ამის შესახებ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონში შედის ცვლილება, რომელიც მოქმედ კანონმდებლობაში ტექნიკურ ხარვეზს გაასწორებს აღსასრულებელ აქტთან მიმართებაში, რომელიც მსჯავრდებულებს საშუალებას აძლევს თავი აარიდონ სასჯელის სახით დანიშნული პირობითი მსჯავრის მოხდას. ცვლილებით ასევე უზრუნველყოფილი იქნება კანონიერებისა და სამართლიანობის მოთხოვნების დაცვა მსჯავრდებულთა რეალიზაციის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით. როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონპროქტი თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების უფროსის მიერ სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვის ახალ სახეს შემოიღებს. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერს მიენიჭება უფლებამოსილება, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, დაწესებულების უფროსის სახელზე დაწეროს მოხსენებითი ბარათი, რის საფუძველზეც დაწესებულების უფროსს შესაძლებლობა ექნება, წარდგინებით მიმართოს სასამართლოს თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე. დღესვე კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, „ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“.