დ ე ბ უ ლ ე ბ ა

დამტკიცებულია

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2016 წლის

21 ნოემბრის N1/13 გადაწყვეტილებით

 

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის

 

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით, პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.

2. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაცისკომიტეტი (შემდგომში კომიტეტი) თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. კომიტეტის საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

მუხლი 2.  კომიტეტის უფლებამოსილებანი

კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის ამზადებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;

ბ) მონაწილეობს პარლამენტში შემოსული კანონპროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტების თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს და თითოეული შენიშვნის ავტორს;

გ) საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, ასევე იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას აძლევს პარლამენტი და დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს;

დ) განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას; 

ე) აკონტროლებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

ვ) ახორციელებს კონტროლს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

ზ) ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშის საფუძველზე პარლამენტის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულებაზე;

1) ამზადებს კომიტეტის სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს მის საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას;

თ) პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას პარლამენტის წევრისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე.

ი) პარლამენტისა და კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სამუშაო ჯგუფებს;

კ) უფლებამოსილია კომიტეტის სხდომაზე მოიწვიოს საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც თანხმობა მისცა საქართველოს პარლამენტმა, მოისმინოს მათი პასუხები დასმულ შეკითხვებზე და განიხილოს მათი საქმიანობის ანგარიში;

ლ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენისა, კონტროლისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ კანონის დარღვევაზე შეიმუშავებს და უგზავნის რეკომენდაციას საქართველოს მთავრობას, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოებს.

მ) თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ არასამთავრობო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ნ) აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას, განიხილავს და რეაგირებს ფიზიკური და იურიდიული პირების წერილებსა და განცხადებებზე იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც შედიან კომიტეტის კომპეტენციაში.

ო) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს.


მუხლი 3. კომიტეტის შემადგენლობა

1. კომიტეტი შედგება კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილისა (მათ შორის ერთი პირველი მოადგილის) და კომიტეტის წევრებისგან.

2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის დასახელების უფლება აქვს უმრავლესობას, მეორე მოადგილის კი - უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.

3. კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები აირჩევიან პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

4. კომიტეტის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს, აგრეთვე კომიტეტის პირველ საორგანიზაციო და რიგგარეშე სხდომებს;

ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის ფარგლებს გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;

გ) ხელს აწერს კომიტეტის დასკვნებს, რეკომენდაციებს და სხდომის ოქმებს.

დ) კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს პირველი მოადგილის კანდიდატურას; 

ე) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;

ვ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დაწყებისას, პარლამენტს წარუდგენს საქმიანობის წერილობით ანგარიშს;

ზ) გამოსცემს განკარგულებას შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე;

თ) განსაზღვრავს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს საკუთარი ინიციატივით, ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით;

ი) ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

ა) კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას;

ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

 

6. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დავალებით, ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას;

ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

7. კომიტეტის წევრს უფლება აქვს:

ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომიტეტის მუშაობაში, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომიტეტის თანამდებობებზე;

ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;

გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან;

დ) განახორციელოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი.

8. კომიტეტის წევრი ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.

9. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება:

ა) მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;

ბ) ფრაქციის მიერ მისი კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან;

გ) იმ ფრაქციიდან გასვლის მომენტიდან, რომლის კვოტითაც იქნა იგი წარდგენილი კომიტეტში;

დ) მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;

ე) კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან.


მუხლი 4. კომიტეტის მუშაობის ორგანიზაცია

1. კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე არჩევიდან 3 დღის ვადაში. პირველი საორგანიზაციო სხდომა შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას და ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს. პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტის ბიუროს.

2. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - მისი მოადგილე. კომიტეტის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ ორი სხდომისა.კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, იმართება პლენარული სხდომების კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს, აგრეთვე ამომრჩევლებთან შეხვედრის კვირაში.

3. კომიტეტი ვალდებულია პარლამენტის, ან პარლამენტის ბიუროს დავალებით, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.

4. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

5. კომიტეტის წევრი ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში, ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს რეგლამენტის 286-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია წერილობით აცნობებს შესაბამის კომიტეტს. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.

6. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი (გარდა ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირისა) კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა. კომიტეტის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტი იმავე ვადაში ეგზავნება კომიტეტის წევრებს. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 1 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირაში კომიტეტის წევრებს კომიტეტის სხდომის მასალები ეგზავნება და მისი დღის წესრიგი და თარიღი ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 2 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.

7. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8.კომიტეტის სხდომაზე ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

9. კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. კომიტეტის სხდომის თარიღი კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა.

10. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით.დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნის, ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

11. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი მართავს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

12. კომიტეტის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.

13. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება.

14. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი და სხდომის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში.

15. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა.

 

მუხლი 5. კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებზე საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და მის განხორციელებაზე მონიტორინგი;

ბ) ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და კონვენციების რატიფიცირებისა და დენონსაციისათვის შესაბამისი მასალების შესწავლა და დასკვნების მომზადება;

დ) ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებზე მიღებული საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების საპარლამენტო კონტროლი;

ე) წინადადებების, მოსაზრებების და საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობასთან დაკავშირებით;

ვ)    საპარლამენტო კონტროლის განხორციელება იმ დაწესებულებათა საქმიანობაზე, რომლებიც ახორციელებენ ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

ზ) ამ დებულებით დადგენილი წესით საპარლამენტო კონტროლის განხორციელება სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშის საფუძველზე პარლამენტის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულებაზე;

თ) საქართველოში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა უფლებების განხორციელების ხელშეწყობისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა

ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის პოლიტიკის განსაზღვრა, კანონმდებლობის სრულყოფა და მონიტორინგი მათი უფლებების განხორციელებაზე.

კ) იძულებით გადაადგილებულ პირებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრა, კანონმდებლობის სრულყოფა და მონიტორინგი მათი უფლებების განხორციელებაზე;

ლ) ეროვნულ, ეთნიკურ და რელიგიურ სხვაობათა ნიადაგზე კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად გამიზნული სახელმწიფოებრივი, საერთაშორისო პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, ანალოგიური არასახელმწიფო პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

მ) დეპორტირებულ პირთა რეპატრიაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის მომზადებაში მონაწილეობა;

ნ) სამოქალაქო თანხმობის ფორმირებისათვის ხელშეწყობა, სამოქალაქო თანხმობის უზრუნველმყოფი პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ო) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოში არსებულ სხვა რელიგიურ კონფესიათა და საქართველოს სახელმწიფოს შორის ურთიერთობების საკითხების განხილვაში მონაწილეობა.

მუხლი 6. კომიტეტის მიერ  საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშიდან გამომდინარე რეკომენდაციების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული საკომიტეტო განხილვები ემსახურება როგორც სახალხო დამცველის რეკომენდაციების ადრესატი ორგანოების მიერ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას, ისე კომიტეტის მიერ რეკომენდაციების ადრესატ ორგანოებსა და სახალხო დამცველს შორის დიალოგის ხელშეწყობას. ამ საკომიტეტო განხილვებით, კომიტეტი საშუალებას აძლევს სახალხო დამცველის რეკომენდაციების ადრესატ ორგანოს, წარმოადგინოს ინფორმაცია/არგუმენტები განსახილველი რეკომენდაციების შესრულება-შეუსრულებლობის თაობაზე, ხოლო სახალხო დამცველს - კონტრარგუმენტები, მათი არსებობის შემთხვევაში. საკომიტეტო განხილვების საბოლოო მიზანია რეკომენდაციების ადრესატი ორგანოების, პარლამენტის და სახალხო დამცველის საერთო ან მაქსიმალურად დაახლოვებული პოზიციის ჩამოყალიბება განსახილველი რეკომენდაციების შესრულებასთან, მათ შორის, მათი შესრულების ინდიკატორებთან დაკავშირებით.

2. კომიტეტი საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშიდან გამომდინარე პარლამენტის დადგენილებით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს ორ ეტაპად: პირველი ეტაპი გრძელდება სახალხო დამცველის მიერ პარლამენტისათვის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენიდან იმავე წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, ხოლო მეორე ეტაპი - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 229-ე მუხლის 1-ელ პუნქტით გათვალისწინებული აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირველ ეტაპზე:

ა) კომიტეტი მიმართავს სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა შესაბამის ორგანოებს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციაზე, დადგენილი ფორმით,  კომიტეტისა და სახალხო დამცველისათვის პირველადი პოზიციის  წარდგენის თხოვნით. ეს პოზიცია  უნდა ასახავდეს სახალხო დამცველის რეკომენდაციის ადრესატი ორგანოს მოსაზრებას ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, მზადყოფნას მთლიანად ან ნაწილობრივ შეასრულოს ეს რეკომენდაცია, ან იმ ობიექტურ მიზეზებს, რომელთა გამოც რეკომენდაციის ადრესატ ორგანოს გაუჭირდება აღნიშნული რეკომენდაციის მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, აგრეთვე იმ ორგანოს მოსაზრებას მიღებული რეკომენდაციის შესრულების ინდიკატორების თაობაზე.

ბ) სახალხო დამცველის რეკომენდაციების ადრესატი ორგანოებისგან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი პოზიციების მიღების შემდეგ, კომიტეტი და სახალხო დამცველი შეისწავლიან ამ პოზიციებს, ამის შემდეგ კომიტეტი მართავს საკომიტეტო განხილვებს სახალხო დამცველისა და მისი რეკომენდაციების ადრესატი ორგანოების მონაწილეობით, რომლებზედაც კომიტეტის მიერ დადგენილი დღის წესრიგით მსჯელობენ ცალკეული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

გ) თუ კომიტეტის აზრით, განსახილველი რეკომენდაციის ადრესატი ორგანოს წარმომადგენელმა, საკომიტეტო განხილვაზე ამომწურავად ვერ წარმოადგინა ამ ორგანოს პირველადი პოზიცია აღნიშნულ რეკომენდაციაზე, კომიტეტს შეუძლია  მიმართოს მითითებულ ორგანოს შესაბამისი დეტალური ინფორმაციის დადგენილ ვადაში წეროლობით წარმოდგენის თხოვნით.

დ) ამ პუნქტით განსაზღვული საკომიტეტო განხილვების დასრულების შემდეგ, კომიტეტი ამზადებს შესაბამის დასკვნას და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 229-ე მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების პროექტს და მათ 1 ივნისამდე წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. აღნიშნულ დასკვნას თან ერთვის რეკომენდაციების ადრესატი ორგანოების პოზიციები შესაბამის რეკომენდაციებზე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მეორე ეტაპზე:

ა) კომიტეტი მიმართავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 229-ე მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებულ დადგენილებაში ასახული რეკომენდაციების ადრესატ ორგანოებს, ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინონ აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების სრული ანგარიშები.

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშების მიღების შემდეგ, კომიტეტი შეისწავლის ამ ანგარიშებს და მართავს საკომიტეტო განხილვებს სახალხო დამცველისა და მისი რეკომენდაციების ადრესატი ორგანოების მონაწილეობით, ხოლო მათი დასრულების შემდეგ, ამ განხილვებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 229-ე 11 პუნქტისა და 236-ე მუხლის შესაბამისად, დასკვნის სახით წარუდგენს პარლამენტის ბიუროს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული დადგენილების შესრულების მონიტორინგის ანგარიშს.

მუხლი 7. კომიტეტის მიერ პარლამენტის წინაშე წარსადგენი სხვა ანგარიშების განხილვა და მათ შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება

კომიტეტი უფლებამოსილია კომიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე პარლამენტისათვის წარდგენისა, სხვა ანგარიშების განხილვისა და მათ შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ხელშესაწყობად მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ამ დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული პროცედურები.


მუხლი 8. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1.კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება კომიტეტის აპარატი, რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.


2. კომიტეტის აპარატი:

ა) მონაწილეობს კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, ანალიზსა და განზოგადებაში, კანონპროექტებზე დასკვნებისა და მოხსენებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში; ასრულებენ კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის დავალებებს;

ბ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს,  ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;

გ) აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;

დ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

3. კომიტეტის აპარატის სტრუქტურა და საშტატო ერთეულთა რაოდენობა მტკიცდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

4. კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტთან შეიძლება შეიქმნას მრჩეველთა დროებითი საბჭოები, რომლებიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტებისა და მეცნიერებისაგან. საბჭოს წევრტა საქმიანობა არ ანაზღაურდება.