ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შესახებ


საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებების დაცვის და ეროვნულ უმცირესობათა კომიტეტი 1995 წელს შეიქმნა. 2004 წელს კომიტეტის საქმიანობის არეალი გაფართოვდა და მას სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროც დაემატა.

კომიტეტის საქმიანობის მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობას, უმცირესობების წარმომადგენელთა სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას.

კომიტეტის საქმიანობის სფერო საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს. მათ შორის, სიტყვის თავისუფლების, მსჯავრდებულთა და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებების დაცვის, ბავშვთა უფლებების, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), აღმსარებლობის თავისუფლების და რელიგიურ გაერთიანებათა, ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების, საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული სხვა უფლებების დაცვის, პენიტენციალური სისტემის რეფორმის და სხვა საკითხები. 

კომიტეტის სხდომები

საპარლამენტო კომიტეტები მუდმივმოქმედი ორგანოებია და იქმნება პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. კომიტეტის სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არა ნაკლებ თვეში ორჯერ და როგორც წესი, არასასესიო კვირის განმავლობაში.

კომიტეტის სხდომები ღიაა და მასზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს. გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როდესაც განსახილველი საკითხის ხაისათიდან/ მნიშვნელობიდან გამომდინარე კომიტეტი, ხმათა უმრავლესობით, იღებს გადაწყვეტილებას დახურული სხდომის ჩატარების შესახებ. პარლამენტის წევრებს, რომლებიც აღნიშნული კომიტეტის წევრები არ არიან შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კომიტეტის სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით.

ინფორმაცია კომიტეტის მუშაობის შესახებ საჯაროა. საჯაროობას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური და კომიტეტის ვებგვერდი.

საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული, დამტკიცებული თანამდებობის პირი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თანხმობით დანიშნული თანამდებობის პირი კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

კომიტეტი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლის და შემოწმების განხორციელების შემდეგ იღებს დასკვნას, რომელიც შეიცავს შეფასებას და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. კომიტეტის დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად და მასზე სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პარლამენტის ბიუროს. 

კომიტეტის სტრუქტურა და შემადგენლობა

კომიტეტი შედგება პარლამენტის 17 წევრისაგან, რომლებიც კომიტეტის შემადგენლობაში აირჩევიან პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.

კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არცერთ ფრაქციაში. კომიტეტში წევრთა რაოდენობას და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. 

კომიტეტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც კომიტეტის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

კომიტეტს ჰყავს კომიტეტის თავმჯდომარის ორი მოადგილე, რომლებსაც კომიტეტის უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით ირჩევს კომიტეტი თავის წევრთაგან.  

კომიტეტის უფლებამოსილება 

თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომიტეტი:

  • განიხილავს საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, საქართველოს კონსტიტუციით და კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის, დანიშნვის, დამტკიცების ან დანიშნვაზე თანხმობის მიცემის საკითხებს;
  • შეისწავლის და აანალიზებს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში კანონმდებლობის შესრულების მდგომარეობას, იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
  • სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;
  • შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს კანონების, პარლამენტის დადგენილებების პროექტებს;
  • მონაწილეობს პარლამენტში შემოსული კანონპროექტების განხილვა-დამუშავებაში და ამზადებს დასკვნებს კანონპროექტთა თაობაზე;
  • განიხილავს ბიუჯეტის პროექტს;
  • აკონტროლებს კანონების, პარლამენტის დადგენილებების და სხვა გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
  • ახორციელებს კონტროლს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების და მთავრობის საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
  • უფლება აქვს მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენეტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირების და საქართველოს მთავრობის წევრებისგან, რომლებიც ვალდებულნი არიან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები;
  • მონაწილეობს ადამიანის უფლებათა დაცვასთან და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტების რატიფიცირებას და დენონსაციის პროცედურებში;
  • ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობაზე, ისმენს ანგარიშს მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
  • მჭიდრო კავშირი აქვს ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების მონათესავე კომიტეტებთან. მათ შორის სლოვენიის, ლატვიის, შვედეთის და ესტონეთის პარლამენტების შესაბამის კომიტეტებთან;
  • თანამშრომლობს საქართველოში მცხოვრები ეროვნული თუ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და მეცნიერებთან
  • მჭიდრო კავშირი აქვს მოქალაქეებთან. იხილავს მოქალაქეთა განცხადებებსა და პეტიციებს, ასევე მათ შენიშვნებს და მოსაზრებებს განსახილველი კანონპროექტების თაობაზე;
  • მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს.