აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

19 აპრილი 2017
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმასავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა. კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაა. 

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ განაცხადა, კანონპროექტის შემუშავების მიზეზია საქართველოში მეთესლეობის სქემისა და სათესლე და სარგავი მასალების ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისობის კონტროლის სისტემის არარსებობა. მისი თქმით, თესლის მწარმოებელი პირები არ იცავენ ნორმებს, ვინაიდან არ გააჩნიათ ამის ვალდებულება და საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე წამყვან პოზიციებს დაბალხარისხიანი თესლი იკავებს. მისივე ინფორმაციით, უმეტესობა ამრავლებს ისეთ იმპორტირებულ ჯიშებს, რომლებიც სრულად არ არის შეგუებული ადგილობრივ ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებთან. მინისტრის პირველ მოადგილეს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული აფერხებს მაღალი ხარისხის თესლის წარმოებაში ინვესტიციების განხორციელებას.

ნოდარ კერესელიძის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით მეთესლეობის სექტორში პასუხისმგებლობათა გადანაწილება მოხდება, შეიქმნება ეროვნული კატალოგი, რომელშიც შევა საქართველოს კლიმატური ზონებისთვის ყველაზე მეტად მისაღები ჯიშები, რომლებიც შემოწმებული იქნება როგორც ინდივიდუალობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე.

სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო - სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა უზრუნველყოფს ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობისა და ხარისხის ზრდას”, -აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ. 

კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, ინიციატივა მისასალმებელია, რადგან კანონპროექტი პასუხობს ევროკავშირთან საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. „აღსანიშნავია, რომ პროექტმა “დანერგე მომავალი“ მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა ნერგებზე. გასულ წელს ნერგებზე მოთხოვნა თითქმის 4-ჯერ აღემატებოდა საქართველოში დამზადებული ნერგების რაოდენობას და, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი იძულებული გახდა იმპორტი განეხორციელებინა. გაჩნდა კითხვებიც - რამდენად არის ნერგები სერტიფიცირებული, რამდენად შეესაბამება სტანდარტებს და რამდენად პროდუქტიულია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. მისივე მოსაზრებით, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს სანერგე მეურნეობის განვითარებას საქართველოში. „ვფიქრობ, რომ ამ პროექტს საკმაოდ საინტერესო მომავალი აქვს, მათ შორის, ნერგების ექსპორტის თვალსაზრისით“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. 

საბოლოოდ, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს განხილული საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

დღესვე კომიტეტმა მოისმინა შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც მელიორაციის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ბუკიამ წარმოადგინა. მისი განცხადებით, სამელიორაციო სამუშაოები 111 800 ჰა მიწის ფართობზეა ჩატარებული, აქედან 44 000 ჰა უკვე ირწყვება, ხოლო დრენაჟირებულია 34 000 ჰა. მისივე ინფორმაციით, ირიგაციიდან შემოსავალმა 3,16 მლნ ლარი შეადგინა. „საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს ირიგაციის, დრენაჟის, ტბორების შემოსავლების გაზრდის კუთხით“, - განაცხადა არჩილ ბუკიამ. მისი თქმით, დასარეგულირებელია ტარიფების საკითხი.

არჩილ ბუკიამ ისაუბრა კომპანიის სტრატეგიასა და მიზნებზე 2017-2021 წლის განმავლობაში, მისი თქმით, პირველ ამოცანად ისევ რჩება ფართობების წყლით უზრუნველყოფა, მეორე ამოცანაა კომპანიის ფინანსურად მდგრად ორგანიზაციად გადაქცევა. სტრატეგიით გათვალისწინებულია სკრინინგის მეთოდოლოგიის შემუშავება, რაც გულისხმობს მაგისტრალური არხების რეაბილიტაციის დროს წყლის რაოდენობის საკმარისობის განსაზღვრას, მდგრადობის რისკების დადგენას, ფერმერებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან მიწოდება-განაწილებაზე გაფორმებული კონტრაქტების რაოდენობის დაზუსტებას. კომპანიის გენერალურ დირექტორს მიაჩნია, რომ უნდა შემუშავდეს ახალი კანონი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ. 

კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს ანგარიშში წარმოდგენილი სხვადასხვა მიმართულების შესახებ და გამოთქვეს მოსაზრებები მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გელა სამხარაულმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი. „მსურს კმაყოფილება გამოვხატო მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. ეს დადებითად იმოქმედებს სოფლის მეურნეობისა და, ზოგადად, ამ ორგანიზაციის განვითარებაზე,“- განაცხადა გელა სამხარაულმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ტარიფების საკითხის დროული მოწესრიგება. მისი მოსაზრებით, კარგი იქნება თუკი მუნიციპალურ დონეზე წახალისდება ანგარიშით წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტის განხორციელება.

გალერეა

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 19 აპრილი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 19 აპრილი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 19 აპრილი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 19 აპრილი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 19 აპრილი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 19 აპრილი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 19 აპრილი