აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა

15 აპრილი 2019
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უძღვებოდა, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაზე - კანონპროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს. 

საკითხი განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა გამოიტანა და კომიტეტის წევრებს ზოგადი პრინციპების დონეზე ინფორმაცია მიაწოდა. 

კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსში ცვლილებებს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, რომელიც რძეს და რძის პროდუქტებს ეხება. მომხსენებლის განცხადებით, დღეს არსებული რეგულაციით დღგ-გან გათავისუფლებულია მხოლოდ 2 ლიტრზე მეტი პირველად საფუთავებში ჩასხმული რძე და საქართველოში წარმოებული ყველი. კანონპროექტის მიხედვით კი ერთიან საგადასახდო რეჟიმში მოექცევა რძე და ნატურალური რძისგან ნაწარმოები რძის პროდუქტები.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით დღგ-გან ჩათვლის უფლებით სრულად თავისუფლდება ნატურალური რძისა და რძის ნაწარმის მიწოდება. მისი თქმით, წარმოდგენილია გათვლები, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. წინასწარი ინფორმაციით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს წლიურად შესაძლებელია დააკლდეს 35 მლნ. ლარი. 

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თავის დროზე, როდესაც ეს კანონპროექტი იყო წარმოდგენილი პარლამენტში, ფინანსთა სამინისტროსგან მოითხოვა, წარმოედგინათ უფრო მეტი არგუმენტაცია, მათ შორის რიცხვების თვალსაზრისით, ვინაიდან კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდიდა. არა და, როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა სულაც არ აიაფებს პროდუქტს.

მსურს შეგახსენოთ ჩემი პირადი პოზიცია დარგობრივი თვალსაზრისით - აღნიშნული ინიციატივა არ აიაფებს პროდუქტს დახლზე, გლეხისთვის მეტი შემოსავლის წყარო არ ხდება და ბიუჯეტში შესაძლო მივიღოთ გარკვეული დაფინანსების შემცირება. ასევე ჩვენ გვაქვს საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს შორის დადებული ფინანსური შეთანხმება, რომელიც საკამოდ მნიშვნელოვანი შეთანხმებაა - 16 მლნ ევროს ოდენობის, რომელიც სწორედ მერძევეობის დარგის მოდერნიზაციას და ბაზარზე წვდომის პროგრამას ემსახურება. ანუ ერთი მხრივ, ჩვენ ვიკლებთ გარკვეულ თანხებს, რომლებსაც იდეაში ფერმერებისთვის პირდაპირი სარგებელი არ მოაქვს რძის რეალიზაციის და მომხმარებლისთვის პროდუქტის გაიაფების თვალსაზრისით, ამავდროულად ჩვენ 16 მლნ-ს ვხარჯავთ კიდევ დამატებით დარგის განვითარებისთვის“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ კანონპროექტს მისი მხარდაჭერა არ ექნება.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორებისაგან თავის დროზე მეტი არგუმენტაციის წარმოდგენა იყო მოთხოვნილი, ეს არგუმენტები დღევანდელ განხილვაზეც არ იყო წარმოდგენილი.

საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად, კომიტეტმა აღნიშნულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

გალერეა

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, 2019 წლის 15 აპრილი