აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილა

12 ოქტომბერი 2018
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალები: დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ განიხილა.

მომხსენებლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი ეფუძნება იმ პროგრამას, რომელსაც რამდენიმე თვის წინ მხარი დაუჭირა საქართველოს პარლმენტმა, როდესაც მთავრობის დამტკიცებასთან ერთად წარმოდგენილი იყო სამთავრობო პროგრამა.

სწორედ აღნიშნულ სამთავრობო პროგრამაზეა დაფუძნებული ბიუჯეტის პროექტი. მეორე მიმართულება, რაზედაც მაკროეკონომიკური მაჩვენებლებია დაფუძნებული, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულება - მათთან არსებული პროგრამა (EFF-გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი), რომელიც 2017 წლის აპრილში გაფორმდა და რომლის ძირითადი პრინციპებია: მიმდინარე ხარჯების შემცირება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება და არსებული რესურსების მაქსიმალურად მიმართვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

პროექტის თანახმად: ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2019 წლისთვის 4,5%-ით განისაზღვრა, საგადასახადო შემოსავლები 11 200,0 მლნ ლარს შეადგენს, საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-თან მიმართებაში 2.6%-ის ფარგლებში განისაზღვრება. გაგრძელდება მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი და პენსიების ზრდისთვის 200 მლნ ლარის გამოყოფის მიუხედავად, შენარჩუნებულია მიმდინარე ხარჯების კლებადი ტენდენცია, როგორც 2019 წელს, ასევე 2020-2022 წლებში, კერძოდ 2019 წელს მცირდება მშპ-ის 22.6%-მდე (2018 წელს 23.0%), ხოლო 2022 წლისათვის შემცირდება 21.0%-ზე დაბალ ნიშნულზე.

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები - 10 281.7 მლნ ლარი; არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 60.0 მლნ ლარის ოდენობით, ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 110.0 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2 160.0 მლნ ლარის ოდენობით.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 729.7 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 268.2 მლნ ლარს, გრანტები - 96.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 1 365.0 მლნ ლარს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს გააცნო პროექტით გათვალისწინებული ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 298.1 მლნ ლარი. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობისთვის - 58.1 მლნ ლარი, საიდანაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 35.0 მლნ ლარი;
  • მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის - 11.0 მლნ ლარზე მეტი;
  • ერთიანი აგროპროექტის დასაფინანსებლად - 89.6 მლნ ლარი, მათ შორის: შეღავათიანი აგროკრედიტებისთვის - 49.0 მლნ ლარი; დანერგე მომავალის დასაფინანსებლად - 13.0 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებისთვის - 13.0 მლნ ლარი;
  • სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია და აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის - 76.7 მლნ ლარი;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად - 4.5 მლნ ლარი.

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტების წევრების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც შეეხებოდა მესაქონლეობის განვითარებას, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებას, სხვადასხვა თანადაფინანსების პროგრამებს, კენკროვანი კულტურების განვითარებას და მთიანი რეგიონების დახმარებას. 

ვფიქრობ, რომ ჩვენ იმ საკითხებს, რომლებზეც ვიმსჯელეთ, შენიშვნებში გავითვალისწინებთ და შემდგომ გავაგრძელოთ კონსულტაციები ამ მიმართულებით“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ.

სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტს.

დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ წარმოადგინა. 

შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს - ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის პირობების განსაზღვრა და მხარეებს შორის პროდუქტებითა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა. შეთანხმების თანახმად, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ შემდეგი მიმართულებებით: სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, საბაჟო პროცედურები და ვაჭრობის ხელშეწყობა, გარემოს დაცვა და ვაჭრობა, ვაჭრობაში დაცვითი ზომები, ინტელექტუალური საკუთრება, კონკურენცია და სხვა.

წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ერთი მხრივ გაიზრდება სავაჭრო ბრუნვა მხარეებს შორის, ხოლო მეორე მხრივ ქართველ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქცია და მომსახურება 7 მილიონიან მაღალ მსყიდველობითუნარიან სამომხმარებლო ბაზარს.

საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის 28 ივნისს ქ. ჰონგ კონგში „Belt and Road“- ის სამიტის ფარგლებში. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განაცხადებით, ქართულმა მხარემ მოახერხა მოლაპარაკებების ხუთ თვეში დასრულება და ამ პერიოდში მოლაპარაკებების 2 რაუნდი გაიმართა.

მისივე თქმით, საქართველომ შეძლო და ტარიფები შეინარჩუნა 344 სახის პროდუქტზე. ასევე, მიღწეული იქნა უპრეცენდენტო შეთანხმება, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველია საქართველოს ტურიზმის სექტორისა და სატრანსპორტო მომსახურებისთვის. როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, ქართველ ბიზნესვიზიტორებს ჰონგ კონგში კონტრაქტების დადებისთვის შეეძლებათ 90 დღით გაჩერება. 
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ ეკონომიკის სამინისტროს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

მინდა აღვნიშნო ეკონომიკის სამინისტროს, ეკონომიკური გუნდის დამსახურება. ჩვენ მართლაც უპრეცედენტო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები გვაქვს, რაც ძალიან დიდ შედეგს მოგვცემს და უკვე რეალურად გვაძლევს შედეგს. ჰონგ კონგის მაღალი მსყიდველობითუნარიანი ბაზარი ძალიან საინტერსოა საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ პროდუქტების მიმართულებით, რომელიც ჩვენთვის ექსპორტის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბაზარი მსოფლიოში, სადაც ძალიან ბევრი ქვეყანა ცდილობს მოხვედრას, მაგრამ ჯერ-ჯერობით ბევრს არ აქვს ჰონგ კონგთან თავისუფალი ვაჭრობა. ხუთ თვეში მოლაპარაკებების დასრულებაც ძალიან დიდი წარმატებაა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. 

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტის მიერ.

გალერეა

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილა, 2018 წლის 12 ოქტომბერი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილა, 2018 წლის 12 ოქტომბერი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილა, 2018 წლის 12 ოქტომბერი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილა, 2018 წლის 12 ოქტომბერი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილა, 2018 წლის 12 ოქტომბერი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილა, 2018 წლის 12 ოქტომბერი