გელა სამხარაული: პარლამენტი მოსახლეობისათვის უაღრესად მნიშვნელოვან კანონპროექტებს იხილავს

28 ნოემბერი 2019
გელა სამხარაული: პარლამენტი მოსახლეობისათვის უაღრესად მნიშვნელოვან კანონპროექტებს იხილავს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული უძღვებოდა, მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ერთხმად დაუჭირეს მხარი.

საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გამოიტანა და განაცხადა, რომ პირველი მოსმენის დროს გამოთქმული ყველა შენიშვნა, ფაქტობრივად, გათვალისწინებულია. 

მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ეძლევა უფლებამოსილება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან ერთად განახორციელონ სხვა საქმიანობაც, რაც დაკავშირებულია კოოპერატივის მეპაიეთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან და არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. 
როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, შესაბამისად, ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსშიც, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისგან მიღებული დივიდენდი არ დაიბეგრება 2023 წლის 1 იანვრამდე. რაც შეეხება სხვა საქმიანობისგან მიღებულ შემოსავალს, იგი ჩვეულებრისამებრ დაიბეგრება. 

გელა სამხარაულის შეფასებით, დღეს პარლამენტი მართლაც რომ უმნიშვნელოვანეს კანონპროექტებზე მუშაობს, რომელთა შორისაა როგორც დღეს კომიტეტზე წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, ასევე საკანონმდებლო პაკეტი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ეს კანონპროექტები არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისათვის. ავიღოთ თუნდაც როგორც კოოპერატივებთან დაკავშირებული კანონი და მასში შესატანი ცვლილებები, ასევე დღეს პლენარულ სხდომაზე განვიხილეთ მიწების რეგისტრაციის საკითხი, რაც ძალიან პრობლემური და საჭირბოროტოა ჩვენი მოსახლეობისათვის. აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი შეღავათები შემოდის ამ მიმართულებით, რაც სამომავლოდ ჩვენს მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ უფრო მეტი ეკონომიკური შემოსავალი მიიღონ, გაიუმჯობესონ თავიანთი ყოფა და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს თითოეული მათგანისთვის საკუთარი ქონების რეგისტრაცია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა თავისი ფუნქცია შეასრულოს, დაწყებული საქმიანობა გააგრძელოს და სახელმწიფო განვითარების დასახული გეგმის შესაბამისად წავიდეს წინ“, - განაცხადა გელა სამხარაულმა ოპოზიციის წარმომადგენელთა აქციაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, თითქოს დღეს პარლამენტის საქმიანობა რეალობას არ შეესაბამებოდეს და საკანონმდებლო ორგანო მეათეხარისხოვანი საკითხების განხილვით იყოს დაკავებული.

გალერეა

  • გელა სამხარაული: პარლამენტი მოსახლეობისათვის უაღრესად მნიშვნელოვან კანონპროექტებს იხილავს, 2019 წლის 28 ნოემბერი
  • გელა სამხარაული: პარლამენტი მოსახლეობისათვის უაღრესად მნიშვნელოვან კანონპროექტებს იხილავს, 2019 წლის 28 ნოემბერი
  • გელა სამხარაული: პარლამენტი მოსახლეობისათვის უაღრესად მნიშვნელოვან კანონპროექტებს იხილავს, 2019 წლის 28 ნოემბერი