ოთარ დანელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

11 ოქტომბერი 2017
 ოთარ დანელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა.

ოთარ დანელიამ ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასა და კომიტეტის მუშაობაზე ესაუბრა. მან, როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სტაჟიორებს სოფლის მეურნეობის სფეროში დღეს არსებული ვითარება გააცნო, ამასთანავე მოკლე ისტორიული მიმოხილვაც გააკეთა. ოთარ დანელიამ ისაუბრა ამ სფეროში ბოლო წლების მიღწევებზეც, რაც მისივე შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად გადადგმული არა ერთი ნაბიჯის შედეგს წარმოადგენს, ყურადღება ასევე დაუთმო ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.

ოთარ დანელიას განცხადებით, სულ უფრო იზრდება ახალგაზრდების ჩართულობა და დაინტერესება სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებით, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტია. ამას ხელს უწყობს ის სხვადასხვა პროექტები თუ პროგრამები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომითა და მხარდაჭერით.

შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტაჟიორებს შორის სოფლის მეურნეობის რომელიმე სპეციალობით დაინტერესებული ახალგაზრდა არ აღმოჩნდა, შეხვედრის თემა იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა, რომ ოთარ დანელიას პასუხის გაცემა მრავალ კითხვაზე მოუხდა. ახალგაზრდები სოფლის მეურნეობის დღევანდელობითა და მომავლის პერსპექტივებით დაინტერესდნენ. კითხვები ეხებოდა როგორც კონკრეტულ საკითხებს, ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, საკანონმდებლო დონეზე ჰარმონიზაციის საკითხს, აგრარულ სექტორში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და სხვა.

სტაჟიორებს საქართველოს პარლამენტი უკვე რამდენიმე წელია იღებს. სტაჟირების მიზანს ახალგაზრდობის პროფესიული მომზადების ხელშეწყობა, სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, საჯარო სამსახურისათვის კვალიფიციური კადრების მომზადებისათვის ხელშეწყობა წარმოადგენს. მათთვის პარლამენტში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, როგორც კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრები, ასევე კომიტეტების სხდომის მუშაობაში მონაწილეობა და სხვა.

გალერეა

  •  ოთარ დანელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა, 2017 წლის 11 ოქტომბერი
  •  ოთარ დანელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა, 2017 წლის 11 ოქტომბერი
  •  ოთარ დანელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა, 2017 წლის 11 ოქტომბერი
  •  ოთარ დანელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა, 2017 წლის 11 ოქტომბერი
  •  ოთარ დანელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა, 2017 წლის 11 ოქტომბერი