დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

01 ივნისი 2020
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2019 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა  გოგიტა თოდრაძემ წარადგინა.

მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა საანგარიშო პერიოდში ჩატარებული აქტივობების შესახებ, ბიუჯეტის შესრულებისა და მასში განხორციელებული ცვლილებების, ასევე ასიგნებების და გრანტების მიღებისა და განკარგვის თაობაზე.

როგორც მომხსენებელმა  განაცხადა, 2019 წელი საქსტატის 100 წლის იუბილე შესრულდა, რაც შესაბამისი ღონისძიებებით აღინიშნა. გასული წლის განმავლობაში დაინერგა ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი სტანდარტი, შეიცვალა დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის სტანდარტები, ევროპელ პარტნიორებთან ერთად შემუშავდა ახალი კითხვარი, რომლითაც 2020 წელს დაიწყეს მონაცემთა შეგროვება, რაც იძლევა შესაძლებლობას მოხდეს სამუშაო ძალის მონაცემების წარმოება უახლესი საერთაშორისო სტანდარტების  შესაბამისად.

მომხსენებელმა  2019 წელს საქსტატში განხორციელებული ცვლილებები და დანერგილი სიახლეები წარმოადგინა 4 მიმართულებით, -მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება, სტატისტიკის არეალის გაფართოება, სტატისტიკის გამოყენების ხარისხის გაუმჯობესება , ასევე ახალი პროდუქტების შექმნა და ახალი სერვისების ამოქმედება.

მან დეტალურად ისაუბრა მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის თობაზე.

ასევე ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის გეგმებზე, ამ გეგმის ფარგლებში უკვე განხორციელებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე.  გოგიტა თოდრაძემ თავის მოხსენებაში ისაუბრა სტატისტიკის სამსახურის მნიშვნელობაზე, როგორც დემოკრატიული საზოგადოების საინფორმაციო სისტემის აუცილებელ შემადგენელ ნაწილზე, რომელიც ხელისუფლების ორგანოებს, ეკონომიკის სუბიექტებსა და საზოგადოებას უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემებით.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ 2020 წელს დაგეგმილია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის შესახებ კანონპროექტის მომზადება. დაინერგება მედიანური ხელფასის გაანგარიშება. დაგეგმილია ინფორმაციის მომხმარებელთა ტრენინგები, ახალი კვლევების ჩატარება, როგორიცაა დროის გამოყენების გამოკვლევა, და სხვა.

„ჩვენი მიზანია მომხმარებლებთან კონსტრუქციული დიალოგი და მათთან მჭიდრო კომუნიკაციით  შევქმნათ სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების , ანალიზის და გავრცელების სისტემა, რომელიც ჩვენს მომხმარებლებში გაამყარებს რწმენას, რომ ჩვენს მიერ წარმოებული სტატისტიკა არის უფრო სანდო, უფრო ობიექტური და რაც მთავარია პოლიტიკური და დაინტერესებული პირების გავლენისგან დამოუკიდებელი“, - განაცხადა მომხსენებელმა.

ანგარიშის ამოწურვის შემდეგ მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ კომიტეტის შეხედულებები და რეკომენდაციები საბოლოო დასკვნაში აისახება.

გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარემ  სტატისტიკასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე უფრო დეტალური მსჯელობის მიზნით მომავალ კვირაში დამატებითი შეხვედრა დააანონსა. 

კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ კომიტეტში  საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშში ასახულია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკის კონცეფცია, მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტები, საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგები. ინფორმაცია მაუწყებლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.  

ირინა ფუტკარაძის განცხადებით, -„ბოლო სეზონების მნიშვნელოვანი მიღწევა გახლდათ თანმიმდევრული პროგრამული პოლიტიკის გატარება და შენარჩუნება. ამ პოლიტიკის შედეგია აუდიტორიის ლოიალობის მუდმივი ზრდა და აუდიტორიის გაფართოების მყარი ტენდენცია”. მომხსენებელმა ისაუბრა საანგარიშო პერიოდში სატელევიზიო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებების შესახებ.

მან ისაუბრა რეიტინგის  ზრდის ტენდენციაზე, რაზეც გამოკვლევები მეტყველებს.

მისი თქმით გასულ წელს საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ დაიწყო ტექნიკური გადაიარაღება, რაც 2020 წელს სრულად უნდა დამთავრდეს.

მომხსენებელმა ისაუბრა საზოგადოებრივი არხის მიერ შემოქმედებითი კუთხით გაწეული საქმიანობის შესახებ.

კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ დადებითად შეაფასა პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატიული და საჭირო პროექტი, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამებს შეეხება.

ამის შემდეგ დეპუტატებმა დასვეს შეკითხვები.

კითხვები შეეხებოდა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს, ასევე სარეკლამო შემოსავლებისა და შემოქმედებითი პროდუქციის დაფინანსების არგუმენტებს და სხვა საკითხებს, რომლებზეც მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ უპასუხა.  

მოსმენილი ანგარიშები კომიტეტმა ცნობად მიიღო.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივნისი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივნისი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივნისი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივნისი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივნისი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივნისი