დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

25 მაისი 2020
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

ეკონომიკური საკითხების შესახებ კომიტეტში შეხვედრის გამართვას გეგმავს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, მან ამის შესახებ დღეს კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ძალიან მალე ველოდებით პრემიერ მინისტრის მოსვლას პარლამენტში. ამ შეხვედრის შემდეგ ვგეგმავ, რომ კომიტეტის ფარგლებში სწორედ ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავმართო შეხვედრა, ოღონდ ეს არ იქნება საკომიტეტო შეხვედრა, ეს იქნება შეხვედრა კომიტეტში. რომელიც, მე ვთვლი, რომ ეს უნდა იყოს დახურული“.

რომან კაკულია მიმართავს ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, ვისაც საქმიანი საუბრის სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღონ ამ შეხვედრაში.

„მე მივმართავ ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, ვისაც საქმიანი საუბრის სურვილი აქვს, და მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ასეთი მრავლადაა, საკომიტეტო მოსმენები ამის საუკეთესო მაგალითია. ინდივიდუალურად მექნება კონსულტაცია ყველასთან და მიმაჩნია, რომ დროა გაიმართოს საქმიანი შეხვედრა, სადაც ვთხოვ მოვიდეს ეკონომიკის მინისტრი, ალბათ სოფლის მეურნეობის მინისტრიც და ვფიქრობ, თუ პირველ შეხვედრას დახურულ ფორმატში გავაკეთებთ უფრო საქმიანი და შედეგიანი იქნება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამის შემდეგ, კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი III მოსმენით წარადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ.

ცვლილება შეეხება ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შერწყმას. კერძოდ, ვინაიდან მომსახურების სააგენტოს ფუნქციები გადაეცემა სამინისტროს სისტემაში შემავალ ქონების სააგენტოს, კანონში არსებული მითითებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტ(ებ)ზე ნაცვლდება მითითებებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის აქტებზე.

III მოსმენით განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისათვის დადგენილი დათქმა, რომელიც ითვალისწინებს შესაძლებლობას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო და ამ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, ასევე, შესაძლებელია ლიკვიდაციის პროცესში აქტივების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების საწარმოს ანგარიშზე განთავსება და აღნიშნული თანხების ლიკვიდაციის პროცესში საჭირო ხარჯების დასაფარავად გამოყენება.

წილობრივი მონაწილეობით შექმნილ უფუნქციო საწარმოებთან მიმართებაში, ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და განხორციელება გაცილებით მობილური გახდება, რაც საბოლოო ჯამში შეამცირებს უფუნქციო საწარმოთა რაოდენობას და მათი მართვისათვის გაწეულ ხარჯებს. კანონპროექტი განსახილველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ გამოიტანა.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენით განსახილველად გამოიტანა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - აკაკი საღირაშვილმა.

წარმოდგენილი პროექტით საჰაერო კოდექსს ემატება „ეკიპაჟიანი იჯარის“ ტერმინის განმარტება, და ჩაიწერება - „ეკიპაჟიანი იჯარა - საჰაერო ხომალდის სარგებლობის უფლებით გადაცემა, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან ერთად“.

მომხსენებლის თქმით მეორე განხილვისთვის შენიშვნები არ ყოფილა გამოთქმული და არც ერთ მუხლში ცვლილება არ განხორციელებულა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განსახილველად წარმოადგინა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი კანონპროექტების პაკეტი.

ცვლილება განპირობებულია ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობასა და უფლებამოსილებასთან მიმართებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მაქსიმალურად ეფექტურად და სრულყოფილად აღსრულების აუცილებლობით. აღნიშნული ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ეფექტური მართვის შესაძლებლობას.

კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტით წესრიგდება საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქართველოში დაფუძნებასთან და მართვასთან, აგრეთვე, მათ მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.

კანონპროექტის საფუძველზე ასევე განისაზღვრება პირობები, რომლებიც, თანაბარი მოპყრობის პრინციპის გათვალისწინებით, დაარეგულირებს უცხოური საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობას საქართველოში.
სხდომაზე განიხილეს კანონპროექტები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, კანონის მიღება აუცილებელია საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებისთვის, კანონის მიღება ასევე აუცილებელია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეულ დებულებების დაზუსტებისა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრისთვის.

განხილული კანონპროექტებთან დაკავშირებით კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 25 მაისი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 25 მაისი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 25 მაისი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 25 მაისი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 25 მაისი