დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

07 ნოემბერი 2018
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა თერთმეტი წლის წინ, 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში ხალხის მიერ გაკეთებული სწორი არჩევანი. „დღეს ჩვენი ქვეყანა დგას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების გზაგასაყარზე, უნდა ავირჩიოთ ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიის, თავისუფალი გამოხატვის და თავისუფალი სიტყვის გზას, რომელიც მთელმა ერმა მოვიპოვეთ, თუ ვბრუნდებით უკან, საიდანაც გამოსავალი აღარასდროს იქნება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ამავე საკითხზე თავისი მოსაზრება გამოხატა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ. „150 საკანი იდგა რუსთაველზე. ამ საკანში ლოთებიდან, ნარკომანებიდან და პოლიტიკოსებიდან დაწყებული სამი თვის განმავლობაში პარალიზებას უკეთებდნენ ქვეყნის ყველაზე მთავარ ქუჩას. სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდით, ახლა მოდიხართ და მორალურ სენტენციებს გვიკითხავთ. მე გეკითხებით, რომ გამოვიდეთ და ჩავდგათ ერთი საკანი რუსთაველზე, რას მოიმოქმედებთ?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ, რასაც კომიტეტის სხდომაზე დებატები მოჰყვა. 

პარლამენტის წევრმა რევაზ არველაძემ ოპოზიციონერ კოლეგას მიმართა: „თქვენ არ აღიარებთ, რომ ეს იყო დანაშაული. აქედან გამომდინარე, დასკვნას ვაკეთებ, რომ გრიგოლ ვაშაძის და ნაციონალური მოძრაობის მოსვლის პირობებში ისინი იმავეს და უარესს გააკეთებენ, რასაც ისევ დაარქმევენ შეცდომას და არა დანაშაულს“.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიამ კოლეგებს მოუწოდა, არ გაეგრძელებინათ კამათი ამ საკითხზე და ოპოზიციონერ კოლეგას მიმართა, რომ გაცილებით სიღრმისეული ანალიზი შეიძლებოდა გაკეთებულიყო კოჰაბიტაციის და მაშინდელი შეცდომების თაობაზე. „ჩემი გადასახედიდან ნამდვილად არ მომწონს დაპირისპირების ეს სახე არც გარეთ არც აქ. ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ოპონირება დავიწყოთ კონკრეტული განვითრების თემებზე და არა ასეთი მსოფლმხედველური დაპირისპირებით. ამ ქვეყანას პერსპექტივა ექნება მაშინ, როდესაც ყველა, ვისაც ეს შეცდომები აქვს დაშვებული, შეეცდება თავისი შეცდომები დაინახოს, აღიაროს და შეეცადოს უკეთესი გახდეს თვითიონაც და ის გუნდიც, რომელსაც წარმოადგენს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ამის შემდეგ კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტზე განსახილველად გამოიტანა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი)“.

მისი განმარტებით, შეთანხმება ითვალისწინებს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ საქართველოსთვის ენერგეტიკის სექტორის, მათ შორის ენერგოეფექტურობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების განხორციელებისათვის სესხის სახით 49 მილიონი ევროს გამოყოფას. 

რატიფიცირებისთვის იყო წარმოდგენილი დოკუმენტი - „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსებას. ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალების საგზაო უსაფრთხოების პროგრამის შემუშავებით საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ცნობიერების გაზრდას.

კიდევ ერთი სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი - „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება“, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის ენერგეტიკის სექტორში გასატარებელი რეფორმების მხარდაჭერას. 

წარმოდგენილ საკითხებს კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი. 

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მოისმინა სამთო-სამაშველო სამუშაოების განხორციელების, ნორმატიული, მეთოდური და ტექნიკური უსაფრთხოების სფეროს ექსპერტის, შპს „მაშველი - 2007“-ის დირექტორის, ალექსანდრე კახიძის განცხადება საქართველოში მიწისქვეშა მოქმედი და მშენებარე საფრთხის შემცველი საწარმოო ობიექტების სამთო-სამაშველო სტრუქტურების მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებებთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, სრულიად გაუმართლებელი იყოს 2007 წელს „სპეციალიზებული სამთო-მაშველი სამსახურის“ გაუქმება.

მომხსენებლის განმარტებით ამჟამად მიწისქვეშა საშიშ საწარმოო ობიექტებს ემსახურება ობიექტის ხელმძღვანელობის უშუალო დაქვემდებრებაში მყოფი უწყებრივი სამთო-მაშველი სტრუქტურები. ისინი მოკლებული არიან მაღალკვალიფიციურ მართვას, მომზადება, გადამზადებას, შესაბამის მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობას. ამიტომ, მისი წინანდებით, საქართველოში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით მიწისქვეშა საწარმოო ობიექტების სამაშველო სტრუქტურების მომსახურების გაუმჯობესებისათვის უნდა შეიქმნას „სპეციალიზებული სამთო მაშველი“, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უშუალო დაქვემდებარებაში იქნება. 

წარმოდგენილ საკითხზე ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ შესაბამისი რეკომენდაცით მიმართონ მთავრობას, რათა აღნიშნული საკითხის შესაწავლად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის დასკვნის შესაბამისად გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 7 ნოემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 7 ნოემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 7 ნოემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 7 ნოემბერი