დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

15 აპრილი 2019
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო 9 წევრიანი კომისიის შემადგენლობის შესახებ. 

კომისიის თავმჯდომარედ რომან კაკულია აირჩიეს, მოადგილედ კი რევაზ არველაძეს დაუჭირეს მხარი.

რომან კაკულიას თქმით, კომისიის წევრებს ინფორმაცია მუშაობის დატალებისა და შეკრების თარიღთან დაკავშირებით დამატებით ეცნობებათ.

ამის შემდეგ კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

პროექტი განსაზღვრავს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის ჩარჩოს, სისტემატიზაციაში მოჰყავს საშუამავლო საქმიანობის განმახორციებელი სუბიექტები, მკაფიოდ განსაზღვრავს მოთხოვნებს სადაზღვევო ბროკერების მიმართ, მათ შორის სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სტაბილურობის ინსტრუმენტებს მინიმალური კაპიტალის, საგარანტიო ფონდის და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ქონის აუცილებლობის სახით, ადგენს სადაზღვევო ბროკერის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმებს, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიტორული დასკვნის სამსახურისათვის წარდგენას და სანქცირებას („დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში), სადაზღვევო ბროკერის მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევებში.

კანონპროექტში სადაზღვევო ბროკერის ცნება ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით; განიმარტა დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის არსი, რომელსაც „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია არ იცნობდა.

შემოთავაზებული ცვლილებით, ერთ მუხლში ექცევა დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების - სადაზღვევო ბროკერის და დაზღვევის აგენტის საქმიანობის ძირითადი ასპექტები. რაც შეეხება დაზღვევის აგენტების საქმიანობის რეგულირების მოდიფიკაციას, ეს შემდგომ ეტაპზეა დაგეგმილი.

მომხსენებელმა, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ კომიტეტს ცვლილებების არსი გააცნო, რის შესახებაც დეპუტატებმა დასვეს კითხვები. გამოითქვა შენიშვნებიც. კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეფასებით, კანონპროექტში დასაზუსტებელია გარკვეული დეტალები. მაგალითად მზღვეველის და სადაზღვევო ბროკერის წილობრივი კაპიტალის და ასევე, ადმინისტრაციული უფლებების გათანაბრებით ხომ არ ხდება მათი შეზღუდვა.

პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე დაინტერესდა, კერძო სექტორისა და საბროკერო კომპანიების პოზიციით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მას მიაჩნია, რომ მსგავსი საკითხების განხილვისას და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, სასურველია, წერილობით იქნება ეს თუ წარმომადგენლის დასწრებით, რაიმე ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი კერძო სექტორის პოზიცია, „თქვენ კი გენდობით, მაგრამ მერე რომ არ აღმოვჩნდეთ გაურკვევლობაში იმ თვალსაზრისით, რომ კერძო სექტორთან ეს საკითხი არ იყო კარგად შეჯერებული, ან მიმოწერა თუ არსებობს ოფიციალური, ან შენიშვნები რა იყო მათგან, იქნებ წარმოადგინოთ. ასევე, სასურველია განხილვაზე მეორე მხარეც იყოს წარმოდგენილი, რომ მათთანაც შევძლოთ კითხვების დასმა“, - განაცხადა ლევან კობერიძემ და კოლეგებს შესთავაზა, რომ დაინერგოს კერძო სექტორთან თანამშრომლობის ასეთი პრაქტიკა.

მომხსენებელთან ერთად, დეპუტატებს პასუხობდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ირაკლი თუთარაშვილი.

კომიტეტმა გამოთქმული შნიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვას პლენარულ სხდომაზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა კომიტეტს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოჯისტიკის დარგში განსახორციელებელი“ ოქმი.

აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის თურქეთის მხრიდან დაგეგმილია სამასი ათასი თურქული ლირის ექვივალენტი დოლარის ღირებულების აღჭურვილობით დახმარების გაცემა.

მომხსენებლის თქმით, ოქმის გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებას და მხარეებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.

კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II) ცვლილების წერილი- შეთანხმება“.

პროექტი ითვალისწინებს EIB-ის მიერ საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის (ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის მონაკვეთი) დასაფინანსებლად ფინანსური სესხის სახით 49,45 მლნ ევროს ოდენობით თანხის გამოყოფას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანის განმარტებით, წარმოდგენილ დოკუმენტში შედის ტექნიკური ცვლილება და ავტომაგისტრალის სიგრძე მისი განშტოებების მიხედვით ახლებურად განისაზღვრება.

დღევენდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი კიდევ ერთი დოკუმენტი განიხილეს - „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II)“, რომლის მიხედვითაც განიხილება EIB-ის მიერ გამოყოფილი რესურსით საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების დაფინანსება, რუსთავი-წითელ ხიდამდე მაგისტრალის რუსთავი-ალგეთისა და ალგეთი-წითელი ხიდის მონაკვეთებზე. ასევე, ალგეთიდან -სადახლომდე არსებული მონაკვეთების ალგეთი -არაფლო და არაფლო -სადახლოს დაფინანსება.

მას შემდეგ, რაც მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს, კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი შეთანხმებების პლენარულ სხდომაზე განხილვის საკითხს.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 აპრილი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 აპრილი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 აპრილი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 აპრილი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 აპრილი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 აპრილი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 აპრილი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 აპრილი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 აპრილი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 აპრილი