დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

16 თებერვალი 2017
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

ელექტრონული ხელმოწერისა და სხვა სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივი მექანიზმების განსაზღვრას და მათი საშუალებით ელექტრონული მმართველობის, ელექტრონული ბიზნესის განვითარებისა და სხვა მიმართულებების ხელშეწყობას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“.

კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა. როგორც მომხსენებელმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, „საქართველო მუდმივად აუმჯობესებს საკუთარ პოზიციებს ელექტრონული მმართველობისა და ღია მმართველობის საკითხებში. შემოთავაზებული კანონპროექტით განისაზღვრება და რეგულირებას დაექვემდებარება კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდება, ასევე, არსებითად დაიხვეწება და გამკაცრდება მოთხოვნები კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიმართ, რათა ნებისმიერი ასეთი მომსახურების მიწოდებისას უზრუნველყოფილი იყოს მაღალი სტანდარტების დაცვა“.

წარმოდგენილი ცვლილებები ასევე უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის ფარგლებში არსებულ სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანას.

დღეს განხილული საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდელო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კიდევ ერთი კანონპროექტით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გათვალისწინებული ცვლილება გამოწვეულია ასოცირების შესახებ შეთანხმების 144-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების ძირითად სტანდარტებთან მიახლოების მიზნით. დოკუმენტის მიხედვით კანონში პირდაპირ ხდება „თანასწორი მოპყრობისა“ და „პროპორციულობის პრინციპების“ ასახვა. პროექტით გათვალისწინებული ცვლილებით გაუქმდა ელექტრონული ტენდერის გამარტივებული წესი. შეიცვალა ელექტრონული ტენდერის აქამდე დადგენილი ვადები.

შემოთავაზებული ცვლილებით ელექტრონული ტენდერის გამოცხადების ვადა განისაზღვრება მონეტარული ზღვრით, კერძოდ, 150 000 ლარამდე ღირებულების - არანაკლებ 7 დღე, 150 000 ლარის და მეტი ღირებულების - არანაკლებ 10 დღე, 300 000 ლარამდე- არანაკლებ 10 დღე, 300 000 ლარის და მეტი ღირებულების - არანაკლებ 20 დღე. თუ შესასყიდი სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს დგინდება 30 დღე.

სიახლეს წარმოადგენს საჩივრის წარდგენისთვის საფასურის დადგენა, რომლის ოდენობა შეადგენს შესყიდვის სავარუდო ღირებულების 2%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა.
ასევე განსაზღვრულია, რომ კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების ზევით შესყიდვებთან დაკავშირებული რეგულაციები ამოქმედდება 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს განსახილველად წარუდგინა სარატიფიკაციო დოკუმენტები.

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტის“ სასესხო შეთანხმებას, 2016 წლის 30 დეკემბერს მოეწერა ხელი, რის საფუძველზეც EBRD-მა საქართველოს 6 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხი გამოუყო. სესხი განკუთვნილია სადახლო-ბაგრატაშენის საბაჟო გამშვებ პუნქტთან საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ხიდის საქართველოს ნაწილის მშენებლობისთვის. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

მეორე სარატიფიკაციო დოკუმენტია „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში“ ცვლილება ნომერი ერთი“.

შეთანხმების შესაბამისად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოს გამოუყო 13,109,635 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი. შეთანხმებით განსაზღვრული პროექტის - „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ მიზანია ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მაღალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა. პროექტი უნდა განხორციელდეს 2020 წლის 30 სექტემბრამდე.

კიდევ ერთი დოკუმენტი, „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებულ „მზარდი სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში“ ცვლილება ნომერი ერთი“, ითვალისწინებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ (USAID) საქართველოსთვის 1,000,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას, რომლის მიზანია სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა, საქართველოში მცხოვრები უმცირესობების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მზარდ ინტეგრაციას და ჩართულობას, ადამიანის უფლებათა დაცვას.

წარმოდგენილ კანონპროექტებს და სარატიფიკაციო დოკუმენტებს კომიტეტმა კეწნჭისყრით დაუჭირა მხარი.

კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრების რომან გოცირიძის, სალომე სამადაშვილის, თინათინ ბოკუჩავასას და ნიკანორ მელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ“.

მომხსენებლის, რომან გოცირიძის განცხადებით შემოთავაზებული რეზოლუციის პროექტის თანახმად, უნდა გასაჯაროვდეს აღნიშნული მოლაპარაკებების შინაარსი, რადგან საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გაზპრომს“ შორის გაფორმებული შეთანხმება საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოსისტემის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. შეთანხმება ასევე საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. მისი თქმით, რეზოლუციის პროექტის შემუშავების მიზანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ეფექტური ზედამხედველობისა და კონტროლის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება.

რომან გოცირიძემ სხდომაზე „გაზპრომსა“ და საქართველოს შორის გაზის ტრანსპორტირების სფეროში არსებული ურთიერთობების და მისი ტრანსფორმაციით გამოწვეული ფინანსური ზარალის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით ხანგრძლივი კამათის შემდეგ კენჭისყრა გაიმართა. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტს.

დღევანდელს სხდომაზე კომიტეტმა „რეგენირებადი ქაღალდისა და მუყაოს (მაკულატურის და ნარჩენების) ექსპორტის მომსახურების ტარიფის შემოღებასთან დაკავშირებით“ საკანონმდებლო წინადადება განიხილა. საქართველოს ქაღალდისა და მუყაოს მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც პროდუქციის წარმოებისთვის იყენებენ ქვეყნის ტერიტორიაზე შეგროვებულ მაკულატურას, შემოდიან საკანონმდებლო წინადადებით, რომელიც რეგენერირებადი ქაღალდისა და მუყაოს (მაკულატურის და ნარჩენების) ექსპორტზე მომსახურების ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. წინადადების თანახმად, აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შეგროვებული მაკულატურის დიდი ნაწილი გაედინება მეზობელ ქვეყნებში, რაც ქაღალდის მწარმოებელ დარგში დასაქმებულებს უცხოელ იმპორტიორებთან არაკონკურენტულ პირობებში აყენებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიებს მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი ისევე, როგორც შავი ანდა ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის შემთხვევაში ხდება, უნდა დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე.

მათი წინადადებით, საგადასახადო კოდექსს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი: „რეგენერირებადი ქაღალდის და მუყაოს (მაკულატურის და ნარჩენების) ექსპორტის მომსახურების ტარიფი, რეგენერირებადი ქაღალდისა და მუყაოს (მაკულატურის და ნარჩენების) ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით“. ხოლო, მთავრობის დადგენილებით უნდა განისაზღვროს რეგენერირებადი ქაღალდისა და მუყაოს (მაკულატურის და ნარჩენების) ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობა, რომელიც უნდა განისაზღვროს 150 ლარის ფარგლებში.

კომიტეტმა საკითხის განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას სამუშო ჯგუფი, რომელიც კიდევ ერთხელ იმსჯელებს წარმოდგენილი წინადადების თაობაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც კომიტეტმა დღეს განიხილა, მრავალშვილიანი დედებისთვის (რომელთაც ჰყავთ სამი და მეტი შვილი) საგადასახადო შეღავათების დაწესებას - ოჯახის ერთობლივი შემოსავლის განსხვავებული დაბეგვრის სისტემის შემოღებას ითვალისწინებს. კერძოდ, ეს ეხებათ ქალებს, ვისაც 3 და მეტი შვილი ჰყავთ და ეწევიან შრომით საქმიანობას ან დასაქმებულები არიან სახელმწიფო უწყებებში.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების იდეა მისაღებია, თუმცა, საკითხი კომპლექსურადაა შესასწავლი და მასზე მუშობა უნდა გაგრძელდეს.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 16 თებერვალი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 16 თებერვალი