დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის შესახებ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო და კანონშემოქმედებით საქმიანობას, აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

კომიტეტი მონაწილეობას იღებს ქვეყნის ეკონომიკური, მათ შორის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განსაზღვრაში. საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოჰყავს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასთან.

კომიტეტის საქმიანობა მოიცავს ყველ იმ სფეროს რომელიც უკავშირდება ეკონომიკას ან პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. აღნიშნულ სფეროებს განეკუთვნება სახელმწიფო შესყიდვები, სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა, ვაჭრობა, კონკურენცია, მეწარმეობის განვითარება, ინვესტიციები, ინოვაციები, ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ტრანსპორტი, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, პროდუქტისა და მომსახურებისათვის სავალდებულო ნორმები, სერტიფიცირება, აკრედიტაცია და სხვა.

საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები:

  • თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვა და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველმყოფა;
  • ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისაკენ მიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება/გატარება;
  • მეწარმეობისათვის და ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა;
  • საგარეო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ექსპორტის დივერსიფიცირება;
  • ინვესტორთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის სტიმულირება;
  • ინდუსტრიული განვითარება;
  • საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წამატებული იმპლემენტაცია;
  • სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ათვისება;
  • ტურიზმის განვითარება და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება.
  • ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობისაკენ მიმართული ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა, განახლებადი ენერგიის გამოყენების სტიმულირება ენერგოდამზოგველი და ენერგოეფექტური პოლიტიკა;
  • სივრცითი მოწყობა;
  • მომხმარებელთა უფლებების დაცვა და პროდუქტის უსაფრთხოება; 
  • სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტიანობის გაზრდა;
  • სახელმწიფო ქონების ოპტიმიზაცია და მართვის ეფექტიანობის გაზრდა. მიწის რეფორმა.
  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა;

კომიტეტის სხდომები

საპარლამენტო კომიტეტები მუდმივმოქმედი ორგანოებია და იქმნება პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. კომიტეტის სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არა ნაკლებ თვეში ორჯერ და როგორც წესი, არასასესიო კვირის განმავლობაში.

კომიტეტის სხდომები საჯაროა და მასზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს. გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როდესაც განსახილველი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე კომიტეტი, ხმათა უმრავლესობით, იღებს გადაწყვეტილებას დახურული სხდომის ჩატარების შესახებ. პარლამენტის წევრებს, რომლებიც აღნიშნული კომიტეტის წევრები არ არიან შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კომიტეტის სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით.

საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული, დამტკიცებული თანამდებობის პირი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თანხმობით დანიშნული თანამდებობის პირი კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
კომიტეტი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლის და შემოწმების განხორციელების შემდეგ იღებს დასკვნას, რომელიც შეიცავს შეფასებას და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. კომიტეტის დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად და მასზე სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პარლამენტის ბიუროს.

კომიტეტის სტრუქტურა და შემადგენლობა

კომიტეტი შედგება პარლამენტის 18 წევრისაგან, რომლებიც კომიტეტის შემადგენლობაში აირჩევიან პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.

კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არცერთ ფრაქციაში. კომიტეტში წევრთა რაოდენობას და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

კომიტეტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც კომიტეტის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

კომიტეტი თავის წევრთაგან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და აცნობებს პარლამენტის ბიუროს.

კომიტეტის უფლებამოსილება 

  • შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;
  • მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან სხვა აქტების პროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტების თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს და თითოეული შენიშვნის ავტორს;
  • საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, ასევე იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი, და დასკვნებს წარუდგენს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროსთვის წარსადგენად;
  • განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;
  • აკონტროლებს საქართველოს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
  • ახორციელებს კონტროლს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე და, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
  • წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;
  • სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;
  • კომიტეტი განიხილავს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებების და კონვენციების რატიფიცირების პროცესში.
  • ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს. 

კომიტეტი, თავისი კომპეტენციისა და საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში განიხილავს საქართველოს პარლამენტისათვის წარმოდგენილ:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს;
  • ანგარიშს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანგარიშს;
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშს;
  • საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშს;
  • საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შემუშავებულ და პარლამეტში დასამტკიცებლად წარდგენილ ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.

კომიტეტი ქმნის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით. კომისიის შემადგენლობაში არიან სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების, საქართველოს სახალხო დამცველისა და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები.საკონკურსო პირობებს და საკონკურსო კომისიის დებულებას კომიტეტი დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს.

საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომიტეტი, პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისი დამოუკიდებელი აუდიტორების შესარჩევი სატენდერო კომისიის შემადგენლობას.
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენი კომიტეტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კალენდარული წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში, რომელსაც კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.