დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა

06 მარტი 2018
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა სპეციალური სხდომა მიუძღვნა ქალთა შრომითი მიგრაციის საკითხებს, რომელიც კომიტეტის მიერ პარლამენტში ჩატარებულ კონფერენციას „ქალი და მიგრაცია“ უკავშირდებოდა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა ქართული დიასპორის, შრომითი მიგრაციის და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ მოხსენებები მოისმინეს.

ქალთა შრომითი მიგრაცია და ქართული დიასპორა იყო ეკონომიკის აკადემიური დოქტორის, თსუ-ს მიგრაციის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, ნათია ჭელიძის მოხსენების თემა.

ნათია ჭელიძის განცხადებით, მოხსენება შესაბამის კვლევებს ეყრდნობა და აქცენტი მიგრაციის გენდერულ ასპექტებზეა გაკეთებული. ყურადღება გამახვილებულია ქალთა მიგრაციის მაღალი მაჩვენებელის პირობებში მიგრაციის მიზეზებზე, გამოწვევებსა და შედეგებზე.

„საქართველოდან შრომითი მიგრაციის ძირითად მიზეზად მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელდება, თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველი ქალის მიგრირების განმაპირობებელი ფაქტორი, ეკონომიკური მდგომარეობის გარდა არის თავისუფლების მოპოვების, ჩაკეტილობის დანგრევისა და ახალი გამოცდილების მიღების სურვილი“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მომხსენებელმა იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რაც ემიგრანტ ქალებს უცხო ქვეყანაში სოციალური დამკვიდრებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართულებით ხვდებათ.

ნათია ჭელიძემ გენდერული მიგრაციის გაზრდილი მაჩვენებლისა და დემოგრაფიული სტატისტიკის გაუარესების ურთიერთკავშირზეც გაამახვილა ყურადღება.

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა გასულ მიგრანტთა განაწილებაზე ქვეყნებისა და სქესის მიხედვით; იმ ძირითადი ქვეყნების სტატისტიკის თაობაზე, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოედინება საქართველოში.

კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელი მდივანი გიორგი ჯაში - თემაზე: უახლესი მიგრაციული პროცესები და ევროპა: გამოწვევები და შესაძლებლობები.

გიორგი ჯაშმა მიგრანტებთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე და დღევანდელ მიდგომებზე ისაუბრა. მან ყურადღება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე, ევროპის მიგრაციის დღის წესრიგზე გაამახვილა. მისი თქმით, დოკუმენტს უნდა დაერეგულირებინა მიგრაციული კრიზისი, მიგრანტების უფლებები დაეცვა და მიმღები ქვეყნების ინტერესები გაეთვალისწინებინა.

კომიტეტის წევრებმა მოიწონეს წარმოდგენილი მოხსენებები და მიზანშეწონილად მიიჩნიეს შრომითი მიგრაციის საკითხებზე სიღრმისეული მეცნიერული კვლევების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ქართული თანამედროვე ემიგრაციის წინაშე არსებული გამოწვევების გადაწყვეტას.

გალერეა

  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი