დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გუბაზ სანიკიძემ ჩერქეზული კულტურის ცენტრში დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

17 დეკემბერი 2014
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გუბაზ სანიკიძემ ჩერქეზული კულტურის ცენტრში დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ჩერქეზულ-ქართული ურთიერთობები იყო მთავარი თემა შეხვედრისა, რომელიც დღეს ჩერქეზული (ადიღეული) კულტურის ცენტრში შედგა. შეხვედრაში ცენტრის თანამშრომლებსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ სტუმრები ყაბარდო-ბალყარეთიდან, მათ შორის საზოგადოებრივი მოძრაობა „ხასეს“ ერთ-ერთი ლიდერი იბრაჰიმ იაგანოვი. 

დიალოგი შეეხო ქართველთა და ჩერქეზთა მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას. ითქვა, რომ აუცილებელია როგორც ქართულ-ჩერქეზული, ასევე საერთოდ ქართულ-ჩრდილოკავკასიურ ურთიერთობათა, განსაკუთრებით კულტურული კავშირების აღდგენა და გაღრმავება, სამეცნიერო წრეების დაახლოება. 

სწორედ ამ ჭრილში გაიმართა დღეს ჩერქეზული (ადიღეული) კულტურის ცენტრში ისტორიკოს ნიკო ჯავახიშვილის სამეცნიერო მონოგრაფიის - „ჩერქეზულ-ქართულ ურთიერთობათა ისტორია“ პრეზენტაცია. წიგნი რამდენიმე წლის წინ გამოვიდა ქართულ ენაზე, დღეს კი განხორციელდა აღნიშნული ცენტრის იდეა და მონოგრაფია რუსულ ენაზე გამოიცა. მონოგრაფიაში აღწერილია ზოგიერთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა, რომელიც ასახავს იმ სიახლოვეს, რომელიც ტრადიციულად, უხსოვარი დროიდან დღემდე, აკავშირებდა და აკავშირებს ჩვენს ხალხებს. 

წიგნის მთავარი რედაქტორია ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორი, პროფესორი მერაბ ჩუხუა. მისი განცხადებით, წიგნში მეცნიერულ დონეზეა წარმოდგენილი ჩერქეზულ-ქართული ურთიერთობის ისტორია. ცენტრში ფიქრობენ, რომ შექმნან ამ წიგნის ელექტრონული ვარიანტი ინგლისურ ენაზეც. 

შეკრებილ საზოგადოებას და ჩრდილო-კავკასიელ სტუმრებს სიტყვით მიმართა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გუბაზ სანიკიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ქართველებსა და ჩერქეზებს შორის არსებული ისტორიული კავშირები მომავალშიც ჰპოვებს განვითარებას. თავის მხრივ იბრაჰიმ იაგანოვმა მნიშვნელოვანი უწოდა იმ ფაქტს, რომ დღეს ქართველთა და ჩერქეზთა შორის კულტურულ-მეცნიერული კავშირების აღორძინება ხდება და იმედი გამოთქვა, ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და გააქტიურდება.

ჩერქეზ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ასევე წიგნი-ალბომი „ჩერქეზული გზამკვლევი“ და „ჩერქეზულ ენა-კილო თქმათა შედარებით-სემანტიკური ლექსიკონი“, რომელთა ავტორები ჩერქეზული (ადიღეული) კულტურის ცენტრის ახალგაზრდა თანამშრომლები მარიამ ბეჟიტაშვილი და ალექსანდრე კვახაძე არიან.

გალერეა

  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გუბაზ სანიკიძემ ჩერქეზული კულტურის ცენტრში დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, 2014 წლის 17 დეკემბერი
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გუბაზ სანიკიძემ ჩერქეზული კულტურის ცენტრში დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, 2014 წლის 17 დეკემბერი