ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

07 მარტი 2018
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების იმ თანამშრომელთა ოჯახის წევრებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალნენ, 2018 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად 1000-ლარიანი კომპენსაცია დაუწესდებათ.

ცვლილება, რომელიც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შედის, დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

კანონპროექტში საუბარია კონკრეტულად იმ თანამშრომლებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო ან სამაშველო სამუშაოებში, ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება. კანონპროექტი კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ გააცნო.

მისი თქმით, გასული წლის ზაფხულმა აჩვენა, რამდენად მძიმე სამუშაო ჩაატარეს ამ უწყებების წარმომადგენლებმა მეხანძრე მაშველებთან ერთად ბორჯომის ტყესა და სხვა ადგილებში, სადაც ხანძარი მძვინვარებდა. მისივე ინფორმაციით, თითოეულ ტყის მცველზე და დაცული ტერიტორიების რეინჯერზე ათასობით ჰექტარი დასაცავი ტერიტორია მოდის. დღევანდელი მდგომარეობით, ერთ ტყის მცველზე მოდის დაახლოებით 3 700 ჰექტარი ფართობი, მაშინ როდესაც ევროპაში არსებული სტანდარტებით 1 ტყის მცველზე მოდის 500-1000 ჰექტრამდე. მიუხედავად ამისა, 2016 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 3500 სამართლდარღვევის ფაქტის გამოვლენა ხდება ტყის მცველების მიერ.

„რთულ ბუნებრივ პირობებში მათ ყოველდღიურად ათობით კილომეტრის გავლა უწევთ. მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მაღალია დაღუპვის რისკი“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროდან არის შენიშვნა, რომელზეც დეპუტატები უნდა შეჯერდნენ. აკაკი ზოიძეს მიაჩნია, რომ შესაბამისი ცვლილება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონშიც უნდა შევიდეს.

კახაბერ კუჭავას განმარტებით, ის ფორმულირება, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერაა შემოთავაზებული, უფრო ავიწროებს პირთა ჩამონათვალს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მეორე მოსმენისთვის ფინანსთა სამინისტროსთან შეჯერებულ ვარიანტს წარმოვადგენთ“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 7 მარტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 7 მარტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 7 მარტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 7 მარტი