ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

17 მარტი 2017
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს დიდგორის გამარჯვების თარიღის - 12 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადებას. 

„შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილება კომიტეტის წევრებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ალექსანდრე ქანთარიამ პირველი მოსმენით განხილვისთვის გააცნო.

ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, გამარჯვება, რომელიც საქართველომ 1121 წლის 12 აგვისტოს მოიპოვა ძლიერი მუხტია ეროვნული კონსლიდაციისთვის. მისი თქმით, გამარჯვების თარიღის უქმე დღედ გამოცხადება და სხვადასხვა ქალქში შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშვნა პატრიოტული მუხტის გაღვივებასთან ერთად, ქვეყანას მომხიბვლელს გახდის ტურისტებისთვისაც. გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, დიდგორის ბრძოლაში, ქართველების მხარდამხარ, იბრძოდნენ ევროპელი ჯვაროსნებიც, რისი ხაზგასმაც, ალექსანდრე ქანთარიას მნიშვნელოვნად მიაჩნია.

ეს მნიშვნელოვანია მომავალი გამარჯვებებისთვის, კონსოლიდაციისთვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მუხტის გაღვივებისთვის.წინ წამოწევა და ხაზგასმა სჭირდება იმ ფაქტსაც, რომ დიდგორში ქართველების გვერდით ევროპელებიც იბრძოდნენ. ვფიქრობთ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის ბიძგისთვის და მუხტის გაღვივებისთვის გვჭირდება საყოველთაო გამარჯვების დღე“,- განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

კომიტეტის წევრის კობა ნარჩემაშვილის შეფასებით, „დიდგორის ბრძოლა იყო მნიშვნელოვანი არა მარტო იმით, რომ ქართველების უდიდესი გამარჯვებით დასრულდა, არამედ იმითაც, რომ 1121 წელს - პირველად საქართველოს ისტორიაში ევროპამ დასახმარებლად 500 ფრანგი რაინდი გამოგზავნა“.

დეპუტატის შეფასება კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გაიზიარა. „დიდგორის ბრძოლა იყო ქართული სახელმწიფოებრიობის აღორძინების და ოქროს ხანის დასაწყისი, რომელმაც შემდეგი საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მისცა მუხტი, არ დაგვეკარგა თვითმყოფადობა, გვებრძოლა დამოუკიდებლობისთვის“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდგორის ბრძოლამ დიდი რეზონანსი გამოიწვია ევროპაშიც, სადაც ქართველების მიერ მოპოვებული გამარჯვება ქრისტიანობის ზეობის სიმბოლოდ იქნა მიჩნეული.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, მთავრობა კანონპროექტის ძირითად პრინციპებს ეთანხმება. „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე მსჯელობა მეორე მოსმენით განხილვისას გაგრძელდება.