ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

07 დეკემბერი 2017
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტები, რომელიც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ წარადგინა, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილებებით შესაძლებელი ხდება არსებულ კანონში ხარვეზების გამოსწორება, რაც სასწავლო და კვლევის მიზნით გვამებისა და გვამური მასალის გამოყენებას დღემდე შეუძლებელს ხდიდა. აკაკი ზოიძის განცხადებით, ეს ცვლილებები ქვეყანაში მაღალი სტანდარტის სამედიცინო განათლების მიღებას შეუწყობს ხელს.

ჩვენ გავიარეთ ყველა სავალდებულო კომიტეტი. იურიდიულ კომიტეტს ჰქონდა გარკვეული შენიშვნები. გარკვეული კონსულტაციების შედეგად შეიცვალა რიგი ფორმულირებები. შესაბამისად, ის კითხვის ნიშნები, რაც იყო, მოიხსნა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას წარმოდგენილი ფორმულირებებით და შენიშვნების გათვალისწინებით დაუჭირა მხარი. 

კომიტეტის სხდომაზე ასოციაცია „ჰერა XXI -ის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილეს.

მომხსენებლის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, გულნარა შელიას განცხადებით, ასოციაციამ „ჰერა XXI “ შვედეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განახორციელა პროექტი ადამიანის რეპროდუქციული უფლებების დაცვის შესახებ. პროექტი ორ მიმართულებას მოიცავდა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობის კვლევა და სახელმწიფო ვალდებულებების რეალიზაციის გარანტიები საქართველოს კანონმდებლობაში. მომხსენებლის განმარტებით, ასოციაცია „ჰერა XXI -ის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სწორედ ამ მიმართულებას ეხება. „კვლევის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი ხარვეზები. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები არ არის რეგულირებული კანონმდებლობით“, -განაცხადა გულნარა შელიამ.

გულნარა შელიამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილება რამდენიმე საკითხს მოიცავს. მათ შორის, ტერმინოლოგიის დაზუსტებას. მისი თქმით, ტერმინები, რომელიც დღეს არის კანონმდებლობაში გამოყენებული, მოითხოვს დაზუსტებას და რეპროდუქციის ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ტერმინების განმარტებას. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილება ეხება დონაციის საკითხს და გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს ემბრიონის სიცოცხლის დაცვისთვის. მომხსენებელმა ისაუბრა კანონპროექტით წარმოდგენილ კიდევ ერთ ცვლილებაზე, რომელიც სუროგაციის საკითხებს შეეხება. 

წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე დისკუსია გაიმართა. დეპუტატებმა შეკითხვებით მიმართეს მომხსენებელს და მოსაზრებები გამოთქვეს. აზრთა სხვადასხვაობა სუროგაციის რეგულირების მიმართულებით პროექტით წარმოდგენილმა ცვლილებებმა გამოიწვია.

კანონპროექტის მიზანი კეთილშობილურია. ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ ეს არის მისი დარეგულირების სწორი გზა. გზა არის ის, რაც გაიზიარა მსოფლიოს პროგრესულმა ნაწილმა, ეს გზა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას ეხება. ჩვენ ამ ეტაპზე არსებული სახით წარმოდგენილ წინადადებას მხარს არ დავუჭერთ, თუმცა, სპეციალისტების მონაწილეობით დავგეგმავთ შეხვედრას. ვიმსჯელებთ, ვიფიქრებთ და მოვამზადებთ წინადადებას, რომელიც დღეს არსებული ე.წ. „ველური სუროგაციის“ კუთხით არსებულ პრობლემებს რეალურად დაარეგულირებს“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროების მიერ კომიტეტში წარმოდგენილი დასკვნები საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ უარყოფითია. 

სხდომაზე, კომიტეტის წევრებმა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დებულებაში ცვლილების პროექტი განიხილეს, რომლის თანახმადაც, კომიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავება კომიტეტისთვის ვალდებულება გახდება. 

კომიტეტმა, დღესვე, კენჭი უყარა წინა სხდომაზე ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას ბოლო საცხოვრისის თაობაზე, რომელიც არსებული სახით არ გაიზიარა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, საკანონმდებლო წინადადების ინიციატორებთან და სხვა კომიტეტების წარმომადგენლებთან ერთად შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იმუშავებს.

გალერეა

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 7 დეკემბერი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 7 დეკემბერი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 7 დეკემბერი