ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

12 თებერვალი 2018
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოცალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიერ წარდგენილი 2017 წლის შესრულებული საქმიანობის ანგარიში მოისმინა. მინისტრმა სამინისტროს წინაშე არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მან დეპუტატებს ჩატარებული და მიმდინარე რეფორმების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის პარამეტრებსა და ბიუჯეტზე, ჯანდაცვის სერვისების ხარისხზე. მინისრის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი არის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა. გასულ წელს ამოქმედებულმა სახელმწიფო პროგრამამ სოციალურად დაუცველებს, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების, ფილტვის ქრონიკული დაავადებების, მეორე ტიპი დიაბეტის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა ქრონიკულ პაციენტებს მედიკამენტებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა მისცა. 

მომხსენებლის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განხორციელებული ქმედითი ინიციატივებისა და გაწეული ძალისხმევის შედეგად 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა იმუნიზაციის პროგრამაზე, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. ის გამოეხმაურა იმუნიზაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთა სხვადასხვაობას და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის იმუნიზაციისათვის ხდება მხოლოდ იმ ვაქცინების შეძენა, რომელთაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია აქვს და მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო იმუნიზაციის გარანტიას წარმოადგენს. მომხსენებელმა ისაუბრა ფსიქიკური ჯანმრთელობის, თამბაქოს მოხმარების პრევენციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების მიმართულებით გადაგმულ ნაბიჯებზე. ასევე ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის რეფორმის შესახებ, რომლის პირველი ეტაპი 2013 წელს დაიწყო და ორიენტირებული იყო მოსახლეობისათვის სერვისების უნივერსალურ ხელმისაწვდობომასა და სერვისის მიმწოდებელთა თავისუფალ არჩევანზე. რეფორმის უკვე მიმდინარე მერე ტალღა მიმართულია ხარჯთეფექტური და მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფაზე. 

2017 წლის დეკემბრიდან დაიწყო და პილოტირების რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემაზე.

მინისტრმა იმ გეგმებსა და ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კომიტეტს 2018 წლის განმავლობაში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

ამის შემდეგ დავით სერგეენკომ უპასუხა პარლამენტის წევრთა და მოწვეული სტუმრების შეკითხვებს. მინისტრის ანგარიშის მოსასმენად კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ შშმ ბავშვთა მშობლები, შშმ პირები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
კომიტეტმა მოსმენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო. 

დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების პაკეტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. 

ცვლილების მიზანს წარმოადგენს პროექტით განსაზღვრული ნივთიერებების უკანონო ბრუნვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა. ასევე, კანონის დანართის ნუსხით გათვალისწინებულ სიას კიდევ რამდენიმე მედიკამენტი დაემატა. 

მესამე მოსმენით განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში არსებული ჩანაწერის მოქმედ სამართლებრივ სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანას უზრუნველყოფს. კანონპროექტით რეგულირდება პენსიონერებისთვის განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები. 

ორივე კანონპროექტი კომიტეტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ წარუდგინა. მისი განმარტებით მეორე მოსმენისას დოკუმენტების მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა და შესაბამისად არ განხორციელებულა ცვლილებები. 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროეტების პლენარულ სხდომაზე განხილვას. 
ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზიოძემ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ კომიტეტში სახალხო დამცველის მხრიდან შემოსული იყო საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რაც მიზნად ისახავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში მომუშავე და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საპენსიო ასაკის პირებს ხელფასის პარალელურად სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება მიეცეს. აკაკი ზოიძის თქმით, „ეს იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე პედაგოგებისთვის, რომელთა შრომა გმირობის ტოლფასია“. მან კოლეგებს კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით შესაბამისი კანონპროექტის დარეგისტრირება შესთავაზა, რასაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

გალერეა

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 12 თებერვალი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 12 თებერვალი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 12 თებერვალი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 12 თებერვალი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 12 თებერვალი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 12 თებერვალი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 12 თებერვალი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 12 თებერვალი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 12 თებერვალი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 12 თებერვალი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 12 თებერვალი