ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

15 აპრილი 2019
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონპროექტს, მხარი დაუჭირა. საკითხი კომიტეტის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად 12 მაისი, რომელიც ისედაც უქმე დღედ არის გამოცხადებული, მისი სახელწოდების ცვლილება მოხდება. მის საფუძვლად განისაზღვრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე, საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის დამაარსებლის - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე - იმედი დღე. 

სხდომაზე კომიტეტის წევრებმა პარლამენტის წევრის, ადა მარშანიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე იმსჯელეს. მომხსენებლის განცხადებით, კანონში მარტივი, მაგრამ დევნილი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. კერძოდ კი, დევნილის მიერ ქვეყნის ორი თვით დატოვების გამო დახმარების შეჩერების ვადა 2 თვიდან 3 თვემდე გაიზრდება. ადა მარშანიას ინფორმაციით, ცვლილებებში მოთხოვნილი 3 თვიანი ვადა დღეს არსებულ რეალობებზეა მორგებული, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთის ქვეყნებში კანონმდებლობა მოკლევადიანი ვიზიტების, 90 დღემდე ქვეყნის დატოვების საშუალებას აძლევს. კომიტეტის წევრებმა მოიწონეს წარმოდგენილი ინიციატივა და პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანას მხარი დაუჭირეს.

კომიტეტის წევრები სხდომაზე მესამე მოსმენით წარმოდგენილ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს გაეცნენ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ კი, კოლეგებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით წარუდგინა.

სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრებმა მოქალაქე რობიზონ ქოქოშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელეს, რომელიც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს შეეხებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფას ითვალისწინებდა, კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საკითხის კენჭისყრა, ფინანსთა სამინისტროს პოზიციის გაცნობამდე, ორი კვირით გადაიდო.

გალერეა

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 აპრილი