ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ნარკოპოლიტიკის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს

27 დეკემბერი 2017
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ნარკოპოლიტიკის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის წევრების აკაკი ზოიძის, ლევან კობერიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ირინე ფრუიძის და სოფიო ქაცარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მიმართულებით წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი 10 კანონპროექტს მოიცავს:

  • „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, 
  • „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 
  • „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
  • „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 
  • „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
  • „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
  • „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ 
  • „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
  • „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
  • „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

რეფორმის ძირითად მიმართულებებზე, საკანონმდებლო ინიციატივის ძირითად პრინციპებსა და პრაქტიკული განხორციელების სქემაზე პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემისაუბრა.

მისი თქმით, წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, ექსპერტების, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით კონსულტაციები და სამუშაო შეხვედრები გაიმართა, თუმცა საკითხის მიმართ დამოკიდებულება დღესაც არაერთგვაროვანია. აზრთა სხვადასხვაობაა პარლამენტში, არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა საზოგადოებაში.

აკაკი ზოიძის თქმით, აზრთა სხვადასხვაობის საფუძველია ლეგიტიმური შიში იმის შესახებ, ხომ არ გამოიწვევს საპატიმრო სასჯელის მოხსნა ნარკომოხმარების წახალისებას.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის სწორედ ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. მისი თქმით, ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ შემუშავდეს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა, რომლის მიხედვით, ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კვლავაც გაგრძელდება უმკაცრესი ბრძოლა, მეორე მხრივ კი მოხდება მომხმარებელთა რეაბილიტაცია-მკურნალობა, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენებენ.

აკაკი ზოიძის განცხადებით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს პრევენციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განხორციელდეს დეკრიმინალიზაცია.

„ამასთანავე უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია და არა - ლეგალიზაცია. ჩვენი პოზიციაა, რომ დაუნდობელი ბრძოლა გავაგრძელოთ ნარკოტიკების გამავრცელებლებისა და გამსაღებლების მიმართ, ანუ ნულოვანი ტოლერანტობა ნარკოტიკების გასაღება-გავრცელებას“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ხდება დეკრიმინალიზაციის აღრევა ლეგალიზაციასთან. მან კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად, ლეგალიზაციის სასტიკი წინააღმდეგია. კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საპატიმრო სასჯელის ალტერნატიული მექანიზმით ჩანაცვლება, როგორიცაა შეფასების და გადარწმუნების კომისია, საფრთხეს გაანეიტრალებს, ვინაიდან რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ, რომელიც ფოკუსირებულია ძირითადად მომხმარებლის დევნაზე, არ გაამართლა და ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

„ერთადერთი გამოსავალი, რაც სხვა ქვეყნების გამოციდილებამაც აჩვენა, ჯანსაღი ცხოვრების წესის სრული სისტემის შექმნაა, რასაც დეკრიმინალიზაციაც უწყობს ხელს. ჩვენ ერთი ლარი არ ჩაგვიდია პრევენციაში, რეალურ განათლებასა და პროპაგანდაში, რომელიც ბაღიდანვე უნდა იწყებოდეს და სკოლაში გრძელდებოდეს. ადამიანების შეგნებული არჩევანი უნდა იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესი და საკუთარი ფასეულობების რეალიზაცია. ეს არის ჩვენი მიმართულება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის სრული სისტემა შევქმნათ და ამ სისტემის შექმნას დეკრიმინალიზაციაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტების წარდგენისას, აკაკი ზოიძემ განცხადა, რომ სააფთიაქო ნარკომანიის ნაწილში სასჯელი გამკაცრდება, ნარკოტიკების გასაღება, ტრანზიტი, უკანონო ბრუნვა, არასრულწლოვნების წინაშე ნარკოტიკების მოხმარება, ჯგუფური მოხმარება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი იქნება და ამ კუთხით არანაირი შეღავათი არ იქნება.

კომიტეტის სხდომას კომიტეტის წევრების გარდა სასულიერო პირები, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, პარლამენტის ყოფილი წევრები - ჯონდი ბაღათურია და დიმიტრი ლორთქიფანიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკითხის განხილვაში. ის პრინციპი, რომ ნარკომომხმარებელი ციხეში არ უნდა წავიდეს და საჭიროა ამ ადამიანებზე ზრუნვა, მათი რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია, ფაქტობრივად ყველამ გაიზიარა. თუმცა, ისიც აღინიშნა, რომ პირადი მოხმარების დოზები შესაჯერებელია.

„ჰუმანიზმი - მომხმარებლის მიმართ, უმკაცრესი რეგულაცია - გასაღების მიმართ და დაბალანსება, რომ დასჯის ნაცვლად კრიმინალის სფეროდან ჯანდაცვის სფეროში გადმოვიყვანოთ ნარკომომხმარებელი, ამ პრინციპებს ვუჭერ მხარს. თვრამეტი წელია, რომ ვიბრძვი როგორც ც-ჰეპატიტის და შიდსის კუთხით, ნარკოპოლიტიკის კუთხითაც უნდა გადაიდგას ნაბიჯები. თუ არა და ჩვენ წყალში ჩავყრით ყველაფერს, რაც დღემდე მოგვიტანია აივ-ინფექციის პრევენციის, ც-ჰეპატიტის მკურნალობის მიმართულებით. ამდენად, შემდეგი ლოგიკური სვლა არის ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია. გავაგრძელოთ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი განხილვა, რათა ქვეყნის მომავლისთვის, თანაც მეცნიერულად დასაბუთებული გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - განაცხადა განთლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

სხდომის მონაწილეებს სასულიერო პირებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნა გააცნეს, რომლითაც იგი კანონმდებლებს მიმართავს, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად არ იქნეს მიღებული და საბოლოო კენჭისყრამდე მოხდეს მისი დეტალურად განხილვა-შეჯერება.

კანონპორექტის თაობაზე კონსულტაციების გამართვას თავად ინიციატორებიც ემხრობიან და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ექვსი თვე მიმდინარეობდა პროექტზე მუშაობა და თავდაპირველად წარმოდგენილი ვარიანტი შეიცვალა, ავტორები დღესაც მზად არიან კონსულტაციებისთვის.

საბოლოოდ, კომიტეტის წევრებმა სხდომაზე შემოთავაზებული პრინციპების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის განხილვაც საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. მანამდე კი საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის წამყვან კომიტეტს წარმოადგენს.

გალერეა

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ნარკოპოლიტიკის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს, 2017 წლის 27 დეკემბერი