ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ საჯარო დისკუსია გაიმართა

18 აპრილი 2017
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ საჯარო დისკუსია გაიმართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტის ირგვლივ, მისი მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე გაიმართა.

სამუშაო სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ, კანონპროექტის ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ, კანონპროექტთა პაკეტის ცალკეული ნორმები მუხლობრივად წარმოადგინა და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელთა პროექტში ასახვაზე პირველი მოსმენის შემდეგ მიმდინარეობს მუშაობა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, პროექტის პირველი მოსმენისა და ერთიანი მხარდაჭერის შემდეგ, კვლავაც რჩება გარკვეული მუხლები, რომელთა დაკავშირებითაც პოზიციები არ არის ერთმნიშვნელოვანი. „დღეს, ამ სამუშაო შეხვედრაზე, ვიმსჯელებთ გარკვეულ მუხლებზე, მათ ფორმულირებაზე და მას შემდეგ, რაც პოზიციები შეჯერდება, გაიმართება კანონპროექტის მეორე მოსმენა და ერთიანი შეჯერებული პოზიციით წარვდგებით როგორც საკომიტეტო მოსმენაზე, ისე პლენარულ სხდომაზე,“- განაცხადა აკაკი ზოიძემ. მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყნებში ანალოგიური კანონის მიღებას ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა და კანონის მხარდამჭერთა რაოდენობა მოსახლეობაში დროთა განმავლობაში მატულობს.

გაფართოებულ საჯარო დისკუსიაში, რომელიც დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე გაიმართა, მონაწილეობა მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც კანონპროექტის საერთაშორისო ექსპერტიზასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ექსპერტებმა კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები და მოსაზრებები წარმოადგინეს და სხვა ქვეყნების ანალოგიურ საკანონმდებლო გამოცდილებაზე ისაუბრეს. თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ექსპერტებმა, ენდრიუ უილიამ ბლეკმა და თამბაქოს მოხმარების პრევენციის ევროპული ქსელის (ENSP) წამყვანმა ექსპერტმა, დომინიკ გუიანგიმ კი კონკრეტული სადავო ნორმების ექსპერტიზა და არგუმენტაცია წარმოადგენეს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, წარდგენილი რეფორმის საერთაშორისო კლასის სპეციალისტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქართული კანონმდებლობის პროგრესული სამყაროს სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით. „ეს არის კანონი, რომელიც იცავს მეორადი მწეველების და ახალგაზრდა თაობის ინტერესებს. ცვლილებები, რომელიც შემოთავაზებულია, ეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკას. ჩვენ ვითვალისწინებთ საერთაშორისო პრაქტიკას, ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და და ყველა ცვლილება, რომელიც შემოთავაზებულია, არის სავალდებულო ხასიათის. ჩვენ ვართ მიერთებული თამბაქოს ჩარჩო კონვენციას და გვაქვს ვალდებულება 2020 წლისთვის ჰარმონიზება გავუკეთოთ ჩვენს კანონმდებლობას ევროპულ კანონმდებლობასთან, მათ შორის თამბაქოს პროდუქტების დირექტივასთან,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კანონპროექტის ცალკეული მუხლის მიმართ დაისვა შეკითხვები, რომლებიც ძირითადად, ეფექტურ ადმინისტრირებას, ვადებს და რეკლამას შეეხებოდა. პარლამენტის წევრებმა და დამსწრეებმა კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქვეს მოსაზრებებიც.
„ცივილურმა სამყარომ რეალურად ეს ბრძოლა მოიგო თამბაქოს ინდუსტრიასთან და თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია გავხდეთ განვითარებული და დასავლური ღირებულებების სამყარო, ვფიქრობ, გვაქვს უნიკალური შანსი რეალურად შევიტანოთ ამ კუთხით მნიშვნელოვანი და ძირეული ცვლილებები,“- განაცხადა სამუშაო შეხვედრაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

კანონპროექტის მიმართ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ სრული მხარდაჭერა გამოხატა. მისი თქმით, თანამედროვე ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა და გამოწვევა ყველა ქვეყანაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვის გაძლიერებაა. „დიდი მადლობა ექსპერტებს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, რომლებიც ჩვენთან ჩამობრძანდნენ. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონს პარლამენტი მიიღებს ძალიან მცირე ჩასწორებებით. დაავადებათა კონტროლის ცენტრი, როგორც ამ კანონპროექტების პირველი ვერსიების ერთ-ერთი თანაავტორი, სრულად მხარს უჭერს კანონპროექტების იმ ვარიანტს, რაც არის წარმოდგენილი,“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარკვეულ რეგულაციებთან დაკავშირებული რამდენიმე ნორმის შესახებ ბიზნესომბუდმენს ჰქონდა თავისი შენიშვნები, რომელთაც კანონპროექტის ინიციატორები არა დაეთანხმნენ. მათი მოსაზრებით, პროცესის წარმატებულად წარმართვისათვის და ამ სფეროში თანამედროვე, ევროპული მიდგომების მომცველი პოლიტიკის დანერგვის მხარდასაჭერად, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის გაძლიერება, მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლება. „ჩვენ კანონს ვიღებთ არა იმისთვის, რომ ვინმეს რამე ავუკრძალოთ, არამედ იმისთვის, რომ დავიცვათ არამწეველები თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან. ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს ამ პასუხისმგებლობას, ვინაიდან ვთვლით, რომ ჩვენ ვსაუბრობთ პროგრესზე და წინგადადგმულ ნაბიჯზე. ბიზნესმაც უნდა აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და დაუდგეს საზოგადოებას გვერდში. ეს არის ის კანონპროექტი, რომელიც უნდა მიიღოს ამ პარლამენტმა,“ - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ.

კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ, პირველად შედეგებზე, საზოგადოებრივი აქტივობის და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება კომიტეტის თავმჯდომარემ. „ველოდებით, რომ თუ კანონმდებლობა სრულყოფილად გატარდა, პირველივე წელს 15%-მდე შემცირდება მეორადი მოწევის მაჩვენებელი და დაახლოებით 10 %-ით- მომავალ თაობაში მწეველთა რაოდენობა. თითოეულ რეგულაციას აქვს კონკრეტული ზემოქმედების ეფექტი, რომელიც დათვლილია კვლევების შედეგად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზედამხედველობას და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს საზოგადოებრივი აქტივობის,“ -განაცხადა აკაკი ზოიძემ. მან მადლობა გადაუხადა ექსპერტებს და დისკუსიის ყველა მონაწილეს. მისი განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით გაფართოებული საჯარო დისკუსიის გამართვა, დაგეგმილი რეფორმის ირგვლივ, ქვეყნისთვის ოპტიმალური სამართლებრივი მოდელის შეთავაზებას ისახავს მიზნად. „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ექსპერტებს. ჩვენ ასევე ველოდებით მათგან საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე დამყარებულ კონკრეტულ რეკომენდაციებს, ცალკეული მუხლების ფორმულირებებთან დაკავშირებით“ -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, საკანონმდებლო პაკეტის კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება და კანონპროექტის ოფიციალური საკომიტეტო მოსმენა 3 მაისს გაიმართება.

გალერეა

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ საჯარო დისკუსია გაიმართა, 2017 წლის 18 აპრილი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ საჯარო დისკუსია გაიმართა, 2017 წლის 18 აპრილი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ საჯარო დისკუსია გაიმართა, 2017 წლის 18 აპრილი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ საჯარო დისკუსია გაიმართა, 2017 წლის 18 აპრილი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ საჯარო დისკუსია გაიმართა, 2017 წლის 18 აპრილი